Thumbnail

ელვის პრესლისთვის მიძღვნილი ჰიტი, რომელიც ფრედი მერკურიმ სააბაზანოში 10 წუთში დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Queen-ის ვოკალისტმა, ფრედი მერკურიმ 1979 წელს, ეპოქალური ამერიკელი არტისტის, ელვის პრესლის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, ამ უკანასკნელის პატივსაცემად სიმღერა Crazy Little Thing Called Love დაწერა, რომელიც 1980 წელს კოლექტივის რიგით მერვე სტუდიურ ნამუშევარში The Game, ერთ წლის შემდეგ კი კომპილაციურ ალბომში Greatest Hits შევიდა. როგორც მუსიკალური ჟურნალი Melody Maker წერს, ფრედის კომპოზიციის შესაქმნელად 10 წუთამდე დრო დასჭირდა.

"ზოგი რამ ჩემზე უკეთ გამოსდიოდა" - რას ფიქრობდა ფრედი მერკური ჯონ ლენონზე

მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ელვის პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა

"ხუთი თუ ათი წუთი დამჭირდა, გიტარაზე ავაწყე, თუმცა, მასზე დაკვრა საერთოდ არ ვიცი. რაღაც მხრივ, ეს დამეხმარა კიდეც, რადგან ძალიან შეზღუდული ცოდნით მხოლოდ რამდენიმე აკორდის აღება შევძელი. ვფიქრობ, სწორედ იმიტომ გამოვიდა კარგი სიმღერა, რომ დიდი გასაქანი არ მქონდა", - ციტირებს მერკურის სიტყვებს "მელოდი მეიქერი".

ბენდის შესახებ მომზადებული დოკუმენტური სერიების Queen The Greatest მეთვრამეტე ეპიზოდში "ქუინის" გიტარისტმა, ბრაიან მეიმ და დრამერმა, როჯერ ტეილორმა ალბომის The Game შესახებ საუბრისას ამ კომპოზიციის შექმნის ისტორიაც გაიხსენეს.

"სტუდიაში მწირი იდეებით შევიკრიბეთ", - თქვა მეიმ, ტეილორმა კი დასძინა: "პირველი, რაზეც ვიმუშავეთ, სწორედ ეს სიმღერა იყო. ფრედიმ ის სააბაზანოში, დაახლოებით 10 წუთში დაწერა".

ბრაიან მეიმ ასევე აღნიშნა:

"სიმღერა ფრედიმ ელვისის პატივსაცემად შექმნა. მას პრესლი ძალიან უყვარდა. დიახ, მერკურიმ კომპოზიცია ძალიან სწრაფად დაწერა, თითქმის მზად დამხვდა. ვფიქრობ, მასზე მუშაობაში დიდი იყო ხმის რეჟისორის, მაკ რეინოლდის წვლილი, რომელმაც სტუდიაში ჩანაწერს მარტივი და ბუნებრივი ხმები დაადო. ნამდვილი როკ-ენ-როლის ჟღერადობა აქვს".

Crazy Little Thing Called Love ჯგუფის პირველი სიმღერა გახდა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა.

Queen-ის სიმღერა, რომელიც ფრედი მერკურის აზრით, Bohemian Rhapsody-ს სჯობდა

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული