Thumbnail

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი, მისი მეურვეობის საკითხზე დაწყებული სასამართლო დავის პარალელურად, იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ახლობლებად მიაჩნდა, თუმცა, როდესაც დასჭირდა, მათგან მხარდაჭერა არ მიუღია. 39 წლის არტისტი ასევე გამოუხმაურა მათ, ვინც გვერდში მანამ დაუდგა, სანამ დახმარებას საჯაროდ ითხოვდა.

ბრიტნი სპირსმა მოითხოვა, მამამისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

"ნურასდროს დაივიწყებთ, ვინ მიგატოვათ გასაჭირში და ვინ დაგეხმარათ მანამ, სანამ ამას ითხოვდით", - წერია ინსტაგრამზე გავრცელებულ პოსტში.

ბრიტნიმ გრაფიკულ გამოსახულებას აღწერა დაურთო, რომელშიც აღნიშნა, რომ მისთვის მტკივნეულია, როდესაც მისთვის ახლობელი ადამიანები, რომლებსაც მთელი ამ დროის განმავლობაში პირადად არ მოუკითხავთ, ახლა საჯაროდ პოსტებში უცხადებენ მხარდაჭერას.

"არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ის, როცა შენი უახლოესი ადამიანები, რომლებიც მანამდე არ გამოჩენილან, შენს მდგომარეობაზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, პოსტებს ავრცელებენ და თავდაჯერებით საუბრობენ მხარდაჭერაზე. ამაზე ცუდი მართლა არაფერია. ის პიროვნებები, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, საერთოდ როგორ ბედავენ ხმის ამოღებას? ხელი მაინც გაანძრიეს ჩემი გულისთვის? როგორ ბედავთ, რომ საჯაროდ ლაპარაკობთ, თითქოს გადარდებდეთ. მაშინ სად იყავით, როცა ვიძირებოდი? არაფერი გაგიკეთებიათ, ასე რომ, თუ ამას კითხულობ და იცი, რომ შენზე მაქვს საუბარი და იმის ნამუსი გყოფნის, რომ ჩემს სიტუაციაზე ილაპარაკო საზოგადოების თვალში იერსახის შესანარჩუნებლად, რამის დაპოსტვას თუ აპირებ, გთხოვ, შეწყვიტე მართალი ადამიანის როლის თამაში, როდესაც იმდენად შორს ხარ სამართლიანობისგან, რომ სასაცილოც კია", - წერს ბრიტნი.

შეგახსენებთ, რომ შემსრულებელმა, რომელსაც უკვე 13 წელია, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, საკუთარი ფინანსებისა და პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, თავდაპირველად სასამართლო დავა კონკრეტულად მამის წინააღმდეგ წამოიწყო, თუმცა, ივნისში ჩატარებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთოდ აღარ სურს, მის ბედს მეურვეები განაგებდნენ. ივლისში მან განაცხადა, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მამამისს უნდა უჩივლოს.

"აქ იმიტომ ვარ, რომ მამაჩემისგან გავთავისუფლდე და მას მეურვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ვუჩივლო", - ციტირებს Variety სპირსის სიტყვებს.

ცნობისთვის, ბრიტნი სპირსის მხარდასაჭერად კამპანია Free Britney არის დაწყებული, რომლის მონაწილეებიც მისთვის მეურვეობის გაუქმებას მოითხოვენ. სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მომღერალს სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი უცხადებს მხარდაჭერას სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის არიან მისი ყოფილი შეყვარებული, მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბეილეიკი, ლეგენდარული მუსიკოსი, მადონა, პოპვარსკვლავი კრისტინა აგილერა და სხვები.

კრისტინა აგილერა: ბრიტნი სპირსი სრულ თავისუფლებას იმსახურებს

მადონა: დაუბრუნეთ ბრიტნი სპირსს ცხოვრება

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული