Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: ზოგჯერ მაინც უნდა შეიცვალო ცხოვრება, თუნდაც მტკივნეული იყოს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი სინგლის Cambia el Paso პრომოუშენის ფარგლებში პლატფორმა Apple Music-ის გადაცემაში The Ebro Show მიიღო მონაწილეობა. წამყვანმა, ებრო დარდენმა 51 წლის არტისტს საუბარი პირად ცხოვრებაზე ჩამოუგდო. როგორც ცნობილია, ჯეილომ ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესთან დაშორების შემდეგ ურთიერთობა განაახლა მსახიობ ბენ აფლეკთან, რომელსაც 17 წლის წინ ხვდებოდა. წამყვანმა მომღერალს მიმართა:

► მოუსმინეთ: ჯენიფერ ლოპესი ახალ სიმღერას Cambia el Paso ავრცელებს

► ჯენიფერ ლოპესი: ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რაღაც მეორდება, რომ ვერ წარმოიდგენდი

⇒ ეს სიმღერა ცხოვრების შეცვლას ეხება. ჩვენ ჰედლაინებით გადევნებთ თვალს - "ის შეყვარებულს დაშორდა, ახლა სხვას ხვდება". ამიტომ, მინდა, გკითხო - როგორ ხარ? გვითხარი, რა ვიფიქროთ და როგორ დაგიჭიროთ მხარი?

"ეს ჩემ შესახებაა. გავიაზრე, რომ მარტო კარგად ვიყავი, რომ ბედნიერება შინაგანი მდგომარეობით იწყება. როგორც კი ეს გავაანალიზე, თავისთავად მოხდა ყველაფერი, მათ შორის ისეთი რაღაცები, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. როგორც კი იგრძნობ თავს კომფორტულად, იმ წერტილამდე მიხვალ, როდესაც იტყვი - ეს ჩემთვის კარგია, ეს კი ცუდი. ამას შენს თავთან წყვეტ და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ხანდახან მართლა უნდა შეიცვალო მიმართულება იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება, მტკივნეული აღმოჩნდეს, ან სხვებს უცნაურად მოეჩვენოთ. უნდა გაიაზრო, ვინ ხარ და რა მიგაჩნია სწორად", - უპასუხა მუსიკოსმა.

ლოპესს და როდრიგესს ოთხწლიანი რომანი აკავშირებდათ და დაქორწინებას აპირებდნენ. მათ მიმდინარე წლის აპრილში დაადასტურეს, რომ ნიშნობა გადაიფიქრეს. ჯენიფერი პაპარაცებმა აფლეკთან ერთად მალევე შენიშნეს მონტანაში დასვენების დღეების გატარებისას. ამის შემდეგ წყვილი კიდევ არაერთხელ აღბეჭდეს ერთად.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახალი ფოტოები

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ პოპულარულ მელოდრამებში Gigli და Jersey Girl. 2002 წელს დაწყებული რომანი ამავე წლის ნოემბერში ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბენ აფლეკი ჯეილოს რიგით მესამე ალბომში This Is Me... Then შესულ ჰიტზე Jenny from the Block გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული