Thumbnail

ბილი აილიში: მგონი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა პლატფორმა Apple Music-ზე, ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში თავის მომავალ, რიგით მეორე ალბომზე Happier Than Ever ისაუბრა, რომელიც გაყიდვაში 30 ივლისს ჩაეშვება. 19 წლის არტისტის თქმით, ეს ბევრად უკეთესი ჩანაწერია, ვიდრე მისი სადებიუტო ნამუშევარი When We All Fall Asleep, Where Do We Go?. ბილი ფიქრობს, რომ ახლა შემოქმედებითად მეტად ნაყოფიერი პერიოდი უდგას და პირად ცხოვრებაშიც უფრო ბედნიერად გრძნობს თავს.

ბილი აილიში: გულნატკენიც რომ იყო, სხვას ცუდად მაინც არ უნდა მოექცე

ბილი აილიში ხსნის, რატომ სძულდა სადებიუტო ალბომზე მუშაობა

"ეს ბევრად უკეთესი ჩანაწერია. მასზე ბევრი ვიმუშავეთ. როდესაც გინდა, რომ შენი ალბომი ცოცხალი იყოს და მას ხალხმა დიდხანს უსმინოს, ამის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გაიღო. გადაღებები, გადაღებები და ისევ გადაღებები, კიდევ ძალიან ბევრი დეტალია. საკმაოდ შრომატევადი დღეები გამოვიარე, ალბათ, 30-ჯერ მაინც ვიტირე. მგონი, იმდენი ჩემს ცხოვრებაში არ მიტირია, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ არა უშავს, ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი უკან რჩება. ზოგადად კი, მთელი ეს პროცესი ბევრად უკეთესი იყო. უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ვარ ცხოვრებაში, პირად სივრცეში, ჩემს გონებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებში. უბრალოდ, პრომოუშენის პროცესია დამღლელი. ძნელია, მაგრამ ღირს", - აღნიშნავს შემსრულებელი.

აილიშმა იმაზეც ისაუბრა, როგორც დაეხმარა ფსიქოთერაპევტთან სიარული იმაში, რომ ალბომის შექმნისას შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო გახსნილი ყოფილიყო.

"მიყვარს თერაპია. მჯერა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი უნდა დადიოდეს ფსიქოთერაპევტთან. როგორც არ უნდა იყო განწყობილი შენი ცხოვრების მიმართ, ბედნიერიც რომ იყო, სრულყოფილი ცხოვრება რომც გქონდეს, მაშინაც. ეს ისეთი სასარგებლოა. კვირაში ერთხელ მეც დავდიოდი თერაპიაზე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს შემოქმედებით საქმიანობას ეხმარება. ამ დროს ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობ, რაზეც ჩვეულებრივ არ ვფიქრობ ხოლმე. შემდეგ კი ეს ფიქრები კვირები მიმყვება და ვამბობ - უნდა დავწერო იმაზე, რის შესახებაც სეანსზე ვისაბრე - ეს მართლაც სასარგებლოა და ვრწმუნდები, რომ აუცილებელიც არის", - ამბობს ბილი.

ბილი აილიში: Vogue-ის ფოტოებზე ზოგიერთი შეფასება ჩემთვის მიუღებელია

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული