Thumbnail

დუა ლიპას ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელ პოპვარსკვლავ დუა ლიპას საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივიან და მისთვის 150 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვენ. საქმე ეხება არტისტის ინსტაგრამის გვერდზე 2019 წლის 7 თებერვალს განთავსებულ ფოტოს, რომელიც მას პაპარაციმ რამდენიმე დღით ადრე აეროპორტში გადაუღო. დასავლური მედიის ცნობით, 8-გვერდიან სარჩელში, რომელიც კომპანიამ Integral Images სასამართლოში შეიტანა, აღნიშნულია, რომ მუსიკოსმა სურათი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა ისე, რომ ავტორის ვინაობა არ მიუთითებია, თავად კი ამ პოსტიდან ფინანსური სარგებელი მიიღო, რადგან ის ინსტაგრამს მარკეტინგულ საშუალებად იყენებს საკუთარი მუსიკის პრომოუშენისთვის.

ნახეთ: დუა ლიპა კომპოზიციაზე Love Again გადაღებულ კლიპს ავრცელებს

"მისი ანგარიში მონეტიზებულია, რადგან იქ განთავსებული კონტენტი შეიცავს რეკლამებს თუ სხვადასხვა ბმულებს, რომლებიც მიმართულია გამომწერთა რაოდენობის გაზრდისკენ. ეს ადამიანები ამ ანგარიშზე განთავსებული კონტენტის მომხმარებლები ხდებიან, რის შედეგადაც მოპასუხე მხარე ფინანურ სარგებელს იღებს", - წერია სარჩელში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ დუა ლიპას სასამართლოსა და ადვოკატების ხარჯების ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს.

ამასთან, როგორც BBC აღნიშნავს, მოსარჩელე მხარე სპეციალური განკარგულების გამოცემასაც ითხოვს, რომელმაც მომღერლის მხრიდან მომავალში მსგავსი ქმედების პრევენცია უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემსრულებლის ინსტაგრამზე ხსენებული ფოტო არ იძებნება. მის ანგარიშზე ყველაზე ადრე 2019 წლის 11 ივლისით დაღარიღებული სურათია გამოქვეყნებული.

მოუსმინეთ: დუა ლიპა კომპოზიციას Can They Hear Us ავრცელებს

საავტორო სურათების გამოქვეყნებისთვის არაერთი ცნობილი ადამიანისთვის უჩივლიათ, მათ შორის არიანა გრანდეს, ჯასტინ ბიბერის, ჯენიფერ ლოპესის, მაილი საირუსისა და კეტი პერისთვის. ხშირად მსგავსი შემთხვევები ფოტოს ავტორებთან შეთანხმების გაფორმებით სრულდება. როგორც წესი, ასეთ საქმეებზე მოთხოვნილი თანხა $100 000-ს აღემატება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული