Thumbnail

მერილინ მენსონი პოლიციას ჩაბარდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ბრაიან უორნერი, იგივე მერილინ მენსონი, რომლის მიმართაც ნიუ ჰემფშირის შტატის გილფორდის პოლიციის დეპარტამენტმა მაისში დაკავების ორდერი გასცა, სამართალდამცველებს ჩაბარდა, მალევე კი იზოლატორი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი People ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 52 წლის არტისტი 2 ივლისს ლონ ანჯელესის პოლიციის ჰოლივუდის განყოფილებაში გამოცხადდა.

მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობისთვის უკვე მეოთხე ქალი უჩივის

საქმე ეხება ოპერატორზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს, რაც, არსებული ცნობებით, 2019 წლის 18 აგვისტოს ნიუ ჰემფშირში, The Bank of New Hampshire Pavilion-ის ღია ამფითეატრში, მერილინის კონცერტზე მოხდა. შოუს გადასაღებად დაქირავებული ქალის მტკიცებით, შემსრულებელმა მას მიაფურთხა. დაკავების ორდერი მას შემდეგ გაიცა, რაც არტისტი ბრალის წარდგენის სხდომაზე არ გამოცხადდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მერილინს მაქსიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, ანაც ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"მერილინ მენსონის კონცერტზე დამსწრეთათვის საიდუმლო არ არის, რომ მას სცენაზე პროვოკაციულად მოქცევა უყვარს, განსაკუთრებით კამერის წინაშე. მანამ ოპერატორი პოლიციას მიმართავდა, ის მერილინისგან $35 000-ზე მეტს მოითხოვდა, რადგანაც მუსიკოსთან მიახლოებისას ცოტაოდენი სისველე მოხვდა. როდესაც რაიმე სახის ზიანის საჩვენებელი მტკიცებულებების წარდგენა მოვთხოვეთ, მისგან პასუხი აღარ მიგვიღია. ეს პრეტენზიები სასაცილოა, მაგრამ ჩვენ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ ისევე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით", - განუცხადა გამოცემა NME-ის მერილინის ადვოკატმა, ჰოვარდ კინგმა.

ამას გარდა, მუსიკოსის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ოთხი სარჩელია შესული. ყველა ამ შემთხვევაში საქმე ეხება სექსუალური და ფიზიკური ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მუქარისა და მანიპულირების სავარაუდო ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებიც მერილინს ზემოხსენებულ ბრალდებებს სასამართლოს მიღმა უყენებენ, გაცილებით დიდია.

რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც მერილინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

თავდაპირველად მენსონი მისმა ყოფილმა საცოლემ, მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა დაადანაშაულა ძალადობაში. ამის შემდეგ მის მიმართ ათობით ბრალდება გამოითქვა იმ ქალების მხრიდან, რომლებსაც არტისტთან პირადი, ანაც სამსახურებრივი ურთიერთობები აკავშირებდათ. მერილინმა თავიდანვე უარყო ბრალდებები და მათ ფაქტების საშინელი დამახინჯება უწოდა.

"რეალობა საშინლადაა დამახინჯებული. ჩემი ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის სრულად იყო შეთანხმებული მეორე მხარესთან", - განაცხადა შემსრულებელმა.

მერილინ მენსონმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული