Thumbnail

5 ცნობილი მუსიკოსი, რომელსაც საშინელი მშობელი ჰყავდა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

უპასუხისმგებლო თუ მოძალადე მშობლების მიერ მიყენებული ტრავმების გადატანა მილიონობით ადამიანს უწევს და ამ მხრივ გამონაკლისს არც პოპულარული მუსიკოსები წარმოადგენენ. არაერთი გამოჩენილი არტისტის ცხოვრებაში ფსიქიკური აშლილობის, დეპრესიისა თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უმთავრეს მიზეზად მათივე მშობლების აღმზრდელობითი მეთოდები იქცა, რაც ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგით დასრულდა.

ჩვენს სტატიაში იმ ხუთი პოპულარული მუსიკოსის შესახებ მოგითხრობთ, რომელთაც გაზრდა განსაკუთრებით ცუდი მშობლების ხელში მოუწიათ.

5. მარვინ გეი

ეპოქალური მუსიკოსი, მარვინ გეი პროტესტანტი მღვდლის, მარვინ გეი უფროსის ოჯახში 1939 წელს დაიბადა. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით ამერიკელი არტისტი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სოულ შემსრულებლად მიიჩნევა. თუმცა, მის მიერ მოპოვებულ წარმატებას ფონად გაუთავებელი ოჯახური კონფლიქტები გასდევდა. მარვინ გეი უფროსი თავადაც ტირანი მამის ხელში გაიზარდა, რომელიც ცოლ-შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. აღზრდის მსგავსმა მეთოდმა შესაბამისი შედეგი გამოიღო და საბოლოოდ ისიც ძალზე მკაცრ მშობლად ჩამოყალიბდა. ყველა სიკეთესთან ერთად კი ის რელიგიური ფანატიკოსი და ალკოჰოლიკიც გახლდათ. როგორც ლეგენდარული მუსიკოსის ნათესავები იხსენებდნენ, განსაკუთრებით მკაცრად ოჯახის უფროსი სწორედ მარვინს ექცეოდა, რომელსაც უმნიშვნელო ცელქობისთვისაც სასტიკად სცემდა და ამცირებდა.

მუსიკოსს ბავშვობაში ერთადერთ იმედად დედა, ალბერტა ესახებოდა, რომელიც შვილს შეძლებისამებრ იცავდა და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი თანადგომის გარეშე თავს დიდი ხნის წინ მოიკლავდა. ალბერტას თანახმად, მის ქმარს მარვინის დაბადება არ სურდა და ამ უკანასკნელის ნამდვილი მამის ვინაობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. წარმატების მიღწევის შემდეგ არტისტმა მშობლებს ახალი სახლი უყიდა, თუმცა მათ ძალზე იშვიათად აკითხავდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი საბედისწერო აღმოჩნდა. 1984 წლის 31 მარტს ცოლ-ქმარს შეკამათება მოუვიდა, ჩხუბის ხმაზე მათ სახლში მყოფმა მარვინმა გაიღვიძა და დედას გამოექომაგა. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა და მარვინ უფროსმა საკუთარი შვილი მის მიერვე ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ მისთვის პატიმრობის მისჯისგან თავი შეიკავა და 1998 წელს ის მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

4. ბრიტნი სპირსი

2008 წელს ამერიკელ სუპერვარსკვლავს, ბრიტნი სპირსს განსაკუთრებით მძიმე პერიოდი ედგა, რაც მის მენტალურ ჯანმრთელობაზე მწვავედ აისახა. განქორწინების რთული პროცესის გამოვლის შემდეგ, მუსიკოსი საკუთარ თავზე კონტროლს ნელ-ნელა კარგავდა, მისი ქცევა კი (ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება, თავის გადაპარსვა, პაპარაცებზე თავდასხმა) უფრო და უფრო საგანგაშო ხდებოდა, რის შედეგადაც მუსიკოსი ორჯერ მცირე ხნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც აღმოჩნდა. შექმნილი მდგომარეობით მამამისმა, ჯეიმი სპირსმა ისარგებლა და თავისი ქალიშვილის მეურვეობის უფლება მოიპოვა, რაც ბრიტნის ფინანსებისა თუ სამუშაო რეჟიმის განკარგის საშუალებას აძლევდა. ზემოხსენებული ინციდენტების შემდეგ პოპვარსკვლავის ცხოვრების წესი საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა მისი თაყვანისმცემლები წლების განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.

საიდუმლოს ფარდა მცირე ხნის წინ აეხადა - ჯეიმი ქალიშვილის თითოეულ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს, გამუდმებით ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებს, არ აძლევს საკუთარი ფინანსების მართვის უფლებას, უკრძალავს კიდევ ერთი შვილის გაჩენას და მის ერთ-ერთ ვაჟზე, შონზე ფიზიკურადაც კი იძალადა, რის გამოც სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. რაც შეეხება ბრიტნის, ის დიდი ხნის განმავლობაში თაყვანისმცემლებს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მის მოთმინებასაც დაესვა წერტილი და ამჟამად ხანგრძლივ იურიდიულ დავაშია ჩართული, რომლის მეშვეობითაც მამის ტირანიის დასრულებასა და ელემენტარული უფლებების დაბრუნებას ცდილობს. სკანდალური ისტორიისა და ჯეიმის საგმირო საქმეების შესახებ უფრო დაწვრილებით დოკუმენტური ფილმიდან Framing Britney Spears შეგიძლიათ შეიტყოთ.

3. ბრაიან ვილსონი

1961 წელს ძმებმა ბრაიან, დენის და კარლ ვილსონებმა ბიძაშვილ მაიკ ლავთან და მეგობარ ალ ჯარდინთან ერთად ჯგუფი The Beach Boys ჩამოაყალიბეს. კოლექტივის მენეჯერობა ვილსონების მამამ, მიურეიმ ითავა, რომელიც კერძო ბიზნესს ფლობდა და შეთავსებით კომპოზიტორიც იყო. ის ალკოჰოლიკი, მოძალადე მამის ხელში გაიზარდა, რამაც მის ხასიათსა და აღმზრდელობით ფილოსოფიაზე უაღრესად ნეგატიური გავლენა იქონია. მიურეი შვილებს უკიდურესი სიმკაცრით ექცეოდა და ხშირად დაუნდობლად სცემდა კიდეც (ერთხელ ბრაიანს იმდენად ძლიერად ჩაარტყა, რომ მარჯვენა ყურში სმენა თითქმის მთლიანად დააკარგვინა). ბენდმა წარმატებას სწრაფად მიაღწია. მათ მიერ სერფინგზე, სპორტულ მანქანებსა თუ მომხიბვლელ გოგონებზე დაწერილი უდარდელი სიმღერები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მსმენელთა უმეტესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა კულისებს მიღმა.

მიურეის მიერ შვილებზე განხორციელებულმა გაუთავებელმა ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ძალადობამ განსაკუთრებით მწვავე დაღი ბრაიანის პიროვნებას დაასვა. უნიკალური ტალანტით დაჯილდოებულ მუსიკოსს მენტალური პრობლემები ათწლეულების განმავლობაში სტანჯავდა. მან რამდენჯერმე მძიმე დეპრესიის პერიოდი გადაიტანა და ნარკოტიკებსაც მიეძალა, თუმცა კოლეგებისა თუ კრიტიკოსების მიერ გენიოსად შერაცხულმა ხელოვანმა ყველა სირთულის გადალახვა შეძლო, პოპულარული მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა და მოღვაწეობას დღესაც განაგრძობს. რაც შეეხება მამამისს, ის 1973 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. მიურეი ვილსონს მთელი ცხოვრება გამოჩენილი კომპოზიტორის სტატუსისა და დიდების მოხვეჭა სურდა, თუმცა, ისტორიას მხოლოდ მოძალადისა და დესპოტი მშობლის სახელით შემორჩა.

2. სიდ ვიშეზი

ენ ბევერლი თავის მომავალ ქმარს, ბუკინგემის სასახლის დაცვის წევრსა და მოყვარულ ჯაზ მუსიკოსს, ჯონ რიჩის ბრიტანეთის არმიაში ყოფნისას შეხვდა. პირველი და ერთადერთი შვილი, საიმონი წყვილს 1957 წლის 10 მაისს შეეძინა, რის შემდეგაც ჯონმა ოჯახი მიატოვა, ენმა კი მცირე ხანში ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება დაიწყო. მოგვიანებით, მან დანაშაულებრივ საქმიანობაში საკუთარი შვილიც ჩართო. კლიენტებისთვის გამზადებულ შეკვრებს ის ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ვაჟის ტანსაცმელში აკერებდა და მას წინასწარ დათქმულ მისამართზე უშვებდა. ერთი სიტყვით, გასაკვირი არაა, რომ ეს უკანასკნელი თითით საჩვენებელ ხულიგნად და ნიჰილისტად ჩამოყალიბდა. მოზარდობის წლებში საიმონი ლონდონურ პანკ სცენას მიეკედლა, რამდენიმე ბენდის შემადგენლობაში მცირეხნიანი მოღვაწეობის შემდეგ კი სიდ ვიშეზის ფსევდონიმით ლეგენდარულ კოლექტივს The Sex Pistols შეუერთდა.

პანკ მუსიკოსების ნაწილი ნარკოტიკებს უზომო რაოდენობით მოიხმარდნენ, თუმცა სიდის ქცევა მათშიც კი შეძრწუნებას იწვევდა. ეპოქალური ჯგუფის Ramones წევრი, დი დი რემოუნი ხშირად ჰყვებოდა შემთხვევაზე, როდესაც ვიშეზმა ჰეროინის დოზის მოსამზადებლად ონკანის მოშვებაზეც კი არ შეიწუხა თავი და კოვზი ბინძური უნიტაზიდან შეავსო. მუსიკოსის მწვავე ნარკოდამოკიდებულება თავიდან ბოლომდე მისი დედის დამსახურება გახლდათ. The Sex Pistols-ის ფრონტმენი, ჯონ ლაიდონი იხსენებდა, რომ ერთხელ მან მის თვალწინ შვილს დაბადების დღეზე ჰეროინით სავსე პაკეტი აჩუქა. ამ ყველაფერს ზემოდან აგრესიული და შოკისმომგვრელი ქცევა ერთვოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას, ჟურნალისტებისა თუ მსმენელების ცემასა და საკუთარი სხეულის დასახიჩრებას მოიცავდა. სიდის თვითდესტრუქციულ ცხოვრებას წერტილი 21 წლის ასაკში დაესვა. 1979 წლის 2 თებერვალს ის ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა, 17 წლის შემდეგ კი ენსაც იგივე ბედი ეწია.

1. მაიკლ ჯექსონი

ეპოქალურ არტისტს, მაიკლ ჯექსონს ჩვენს მკითხველთან წარდგენა, ალბათ, ნაკლებად სჭირდება. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებლის მამამ, ჯო ჯექსონმა ახალგაზრდობაში თავადაც სცადა მუსიკალური კარიერის აწყობა და გარკვეული ხნით ბლუზ ბენდის The Falcons შემადგენლობაშიც მოღვაწეობდა. მოგვიანებით, მან ხელი თავისივე შვილებით დაკომპლექტებული კოლექტივის The Jackson 5 მენეჯერობას მოჰკიდა, რომელმაც მცირე ხანში უდიდეს წარმატებას მიაღწია. თუმცა, მედალს მუდამ ორი მხარე აქვს - ჯო შვილებს სასტიკად ეპყრობოდა, უკიდურესად მძიმე რეჟიმის ზედმიწევნით დაცვას აიძულებდა და ხშირად მათზე ფიზიკურადაც ძალადობდა. ერთი სიტყვით, ეს პროექტი მისთვის ფულის საჭრელ დაზგას წარმოადგენდა, რომლის სრული დატვირთვით ასამუშავებლად შვილებისთვის ბავშვობის წართმევაზე უკან წამითაც არ დაუხევია. მაიკლისა და მისი ძმების მოზარდობის წლებმა რეპეტიციიდან რეპეტიციამდე, კონცერტიდან კონცერტამდე ისე ჩაიარა, რომ თანატოლებთან ნორმალურად სოციალიზაციის საშუალება, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ.

მაიკლი ხშირად გულდაწყვეტით იხსენებდა, როგორ გაჰყურებდა სარეპეტიციო დარბაზის ფანჯრიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს. ამ მწარე განცდის გამოძახილი ყველაზე ნათლად კომპოზიციაში Childhood აისახა, რომლის ტექსტიც სწორედ ზემოხსენებულ თემას ეძღვნება (ერთხელ ამ სიმღერის ცოცხლად შესრულებისას, მაიკლმა ცრემლები ვერ შეიკავა). თუმცა, არტისტი არც იმ ფაქტს უარყოფდა, რომ წარმატების მიღწევაში სწორედ მკაცრმა დისციპლინამ შეუწყო ხელი. ამასთან ერთად, ჯექსონი მამის დესპოტური ქცევის გამამართლებელ ერთ-ერთ არგუმენტად იმ გარემოებასაც ასახელებდა, რომ ეს უკანასკნელი დიდი დეპრესიის პერიოდში, რასიზმის მწვავე პრობლემით განთქმულ სამხრეთულ შტატებში გაიზარდა, რამაც მისი მძიმე ხასიათის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თუმცა, ლეგენდარულმა მუსიკოსმა რომ მშობელს ბოლომდე ვერასდროს აპატია, ამაზე მის მიერ დატოვებული ანდერძიც მეტყველებს, სადაც ჯოს სახელი საერთოდ არ ფიგურირებს. ეს უკანასკნელი 2018 წლის 27 ივნისს პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული