Thumbnail

ნახეთ: ელვის პრესლის ოთახი, რომელსაც ჯუნგლებს უწოდებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, ელვის პრესლის ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მდებარე გრეისლენდის რეზიდენციაში განტვირთვისა და დასვენებისთვის ოთახი ჰქონდა მოწყობილი, რომელიც ანტურაჟის გამო "ჯუნგლების ოთახის" სახელით არის ცნობილი. თუმცა, როგორც არტისტის ნათესავმა ახალ ვიდეონტერვიუში აღნიშნა, თავად ელვისი ამ სივრცეს ასე არასდროს მოიხსენიებდა.

რა ვითარებაში გარდაიცვალა ელვის პრესლი სააბაზანოში

მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ელვის პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა

იუთუბის არხზე Memphis Mafia Kid სტუმრობისას პრესლის ბიძაშვილი, ბილი სმიტი და მისი ცოლი, ჯო ეპოქალური არტისტის თაყვანისმცემლების შეკითხვებს პასუხობდნენ, რა დროსაც საუბარი სწორედ ამ ოთახზე ჩამოვარდა.

"ჩვენ ამ ოთახს, უბრალოდ, ბუნაგად მოვიხსენიებდით. არ ვიცი, საიდან გაჩნდა სახელწოდება Jungle Room, მაგრამ ჩვენ ასე არ ვამბობდით", - აღნიშნა სმიტმა.

როგორც აღმოჩნდა, ეს სახელი ოთახს ელვისის გარდაცვალებიდან ხუთი წლის თავზე, მას შემდეგ ეწოდა, რაც გრეისლენდის რეზიდენცია სახლ-მუზეუმად გადაკეთდა და ვიზიტორები მიიღო. გამოცემა Rolling Stone-ის ცნობით, მას "ჯუნგლების ოთახი" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეარქვა, რაც სხვებმაც აიტაცეს. ამასთან, როგორც გამოცემა Express წერს, ელვისის აქ ცხოვრების პირველი 17 წლის განმავლობაში ეს ოთახი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა, 1974 წლიდან კი დღევანდელი სახე შეიძინა. გამოცემისვე ცნობით, არტისტს სწორედ აქ უყვარდა საუზმობა იმ დივანზე მოკალათებულს, რომლიდანაც ჩანჩქერი მოსჩანდა.

"ეს შუადღეს, 4 საათზე ხდებოდა, რადგან როკ-ენ-როლის მეფე ბუსავით ცხოვრობდა - მთელ დღეს ძილში ატარებდა, ღამეებს კი ათევდა. ამასთან, როგორც ცნობილია, ელვისმა სწორედ ამ ოთახში ჩაწერა ბოლო ორ ალბომში შესული სიმღერები, რადგანაც მწვანე ნოხი, რომელიც იატაკზე და ჭერზე ჰქონდა გაკრული, იდეალურ აკუსტიკას ქმნიდა", - წერს Express.

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული