Thumbnail

Lil Uzi Vert-ს ყოფილი შეყვარებული ძალადობაში ადანაშაულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელ რეპერს, სიმირ ვუდსს, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, ძალადობაში სდებენ ბრალს. პოლიციაში საჩივარი მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, ბრიტანი ბერდმა შეიტანა. გოგონას მტკიცებით, ლილ უზიმ ის სცემა, შემდეგ კი იარაღი მუცლის არეში მიადო და დაემუქრა.

► მოუსმინეთ: Pi'erre Bourne x Lil Uzi Vert - Sossboy 2

ბრიტანი ბერდის მენეჯერი გამოცემა The Shade Room-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქალი კალიფორნიაში, ერთ-ერთ კაფეში ბიზნეს შეხვედრაზე გაიანელ-ამერიკელ მუსიკოსთან, Saint Jhn-თან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დაწესებულებაში ლილ უზი შევიდა და ბრიტანის მიმართ აგრესიით განეწყო. მისი განცხადებით, ლილ უზი ვერტმა ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, იარაღი მუცელზე მიაბჯინა, დაემუქრა და ტერიტორია გაქცევით დატოვა. მომხდარის შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მენეჯერი ირწმუნება, რომ ბრიტანის ლილ უზისთან ურთიერთობა აღარ აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, რეპერი გოგონას მაინც უთვალთვალებს.

"რამდენიმე თვეა, ბრიტანის ლილ უზისთან კონტაქტი არ ჰქონია. ის თავის ცხოვრებასა და კარიერაზეა ორიენტირებული. ლილ უზი კი მათი დაშორების დღიდან ბრიტანის მუდმივად აკონტროლებს და უთვალთვალებს. ის ფსიქიკურად შეშლილია. რაც შეეხება ბრიტანისა და Saint Jhn-ის ურთიერთობას, მათ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები აქვთ და მეტი არაფერი ხდება", - ამბიბს გოგონას მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ინტერნეტში სენტ ჯონისა და ბრიტანი ბერდის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

ლილ უზი და მისი წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული