Thumbnail

ბრაიან მეი: ფრედი რეალურად მორცხვი იყო და თავდაჯერებაც აკლდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტი, ბრაიან მეი კოლექტივის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით რადიოსადგურს Absolute Radio ეწვია. 73 წლის არტისტმა ინტერვიუში "ქუინის" ვოკალისტის, ფრედი მერკურის შესახებ ისაუბრა. მეის თქმით, ფრედი სინამდვილეში ძალიან მორცხვი იყო და თავდაჯერებაც აკლდა, იმის მიუხედავად, რომ ეს მის სასცენო პერფორმანსებს არასდროს დასტყობია.

ბრაიან მეი: როკ მუსიკაში, ხმასთან ერთად, სხეული არანაკლებ მნიშვნელოვანია

ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომლებიც ბრაიან მეიმ ფრედი მერკურის გადაუღო

"ამას ვერავინ ამჩნევდა, ფრედის თავი რობერტ პლანტივით ეჭირა, თუმცა, რეალურად მორცხვი იყო და თავდაჯერებაც აკლდა. კარგად ინიღბებოდა და ცდილობდა, გამოეძერწა თავი, რათა, როგორიც სურდა, ისეთი გამოჩენილიყო. საკუთარი თავის შემოქმედი იყო. თუ ხახვს ყველა ფურცელს სათითაოდ შემოაცლით, მიხვდებით, როგორი კომპლექსური რამაა. ფრედი ყოველთვის გაბედული და თამამი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა, შინაგანად საკმაოდ დაუცველი იყო, გარეგნულად მეომარი, რა ნიღაბსაც ის ასე რუდუნებით ქმნიდა", - აღნიშნა ბრაიანმა.

ბრაიან მეი: Queen-მა გააკეთა ის, რაც The Beatles-მა ვერ შეძლო

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული