Thumbnail

ბრიტნი სპირსს ადვოკატი და მთავარი მენეჯერი ტოვებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა Variety-ს ცნობით, ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირისის ადვოკატმა, სემუელ ინგჰემმა სასამართლოს მომღერლის მეურვეობასთან დაკავშირებული საქმიდან გასვლის შუამდგომლობით მიმართა. იურისტი, რომელიც სპირსის ინტერესების დამცველად სწორედ სასამართლომ დანიშნა, ამ მოვალეობას 13 წლის განმავლობაში ასრულებდა. ის იყო ჩართული დავაშიც, რომელიც 39 წლის არტისტმა მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ წამოიწყო. როგორც Variety წერს, იურისტმა შესაბამისი განაცხადი სამშაბათს წარადგინა, მომღერლის საქმეზე კი მომავალი სხდომა ერთ კვირაშია ჩანიშნული. მას საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ არ განუმარტავს, თუმცა, ამის მიზეზი შესაძლოა, მისი მომსახურებით თავად ბრიტნის უკმაყოფილება გამხდარიყო.

ბრიტნი სპირსის დედა შვილის სასამართლო დავას ეხმაურება

"გასულ თვეში სპირსმა სასამართლოს ჩვენება მისცა, რომელშიც დეტალურად აღწერდა მეურვეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო შემთხვევებს უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. მართალია, მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი მამამისი იყო, თუმცა, სპირსმა ასევე ივარაუდა, რომ ინგჰემმა მას არასრულფასოვანი იურიდიული კონსულტაცია გაუწია და არ შეატყობინა ყველა იმ უფლების შესახებ, რომელსაც კანონი ანიჭებდა - "ჩემი ადვოკატი, სემი ძალიან შიშობდა, რომ წინ წავიდოდი, მითხრა, რომ თავი უნდა შემეკავებინა. არ ვიცოდი, თუ მეურვეობის გასაჩივრება შემეძლო, ბოდიშს ვიხდი ჩემი უცოდინრობის გამო, მაგრამ მართლა არ მქონდა ინფორმაცია" - მიმართა სპირსმა მოსამართლეს", - წერს გამოცემა.

ამასთან, 25 წლის შემდეგ, ბრიტნისთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა ლარი რუდოლფმა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მისი მთავარი მენეჯერი იყო. რუდოლფს ასევე უმუშავია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: მაილი საირუსი და ამერიკული ბოიბენდი Backstreet Boys.

"როგორც შევიტყვე, ბრიტნი აპირებს, რომ ოფიციალურად შეწყვიტოს მუსიკალური მოღვაწეობა. მე არასდროს ვყოფილვარ ჩართული მისი მეურვეობის პროცესში, ამიტომ, ბევრი არაფერი ვიცი ამ საქმეზე. თავიდანვე სპირსის სურვილით დამიქირავეს, რომ მას კარიერული გეგმების განხორციელებაში დავხმარებოდი. როგორც მისი მენეჯერი, ვთვლი, რომ ბრიტნის ინტერესებში შედის, მისი გუნდი დავტოვო, რადგან ჩემი პროფესიონალური მომსახურება აღარ სჭირდება. მას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ, ამასთან, მზადყოფნას გამოვთქვამ, მოვალეობის შესრულებას დავუბრუნდე, თუ მომავალში რაიმე შეიცვლება", - ნათქვამია ლარი რუდოლფის წერილში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მომღერალს საკუთარ მენეჯერთან დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

ბრიტნი მენეჯერ ლარი რუდოლფთან ერთად 

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი მიმდინარე წლის 24 ივნისს სასამართლოში სიტყვით გამოვიდა და მამამისი და მისი მეურვეობის პროცესში ჩართული სხვა პირები, მათზე დაკისრებული მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

"მამაჩემი და ყველა, ვინც ამ მეურვეობის პროცესში იყო ჩართული, ასევე ჩემი მენეჯერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს დასჯაში, ციხეში უნდა ისხდნენ. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია. მინდა, რომ საკუთარ ფინანსებს თავად განვკარგავდე. რომ ჩემს ბოიფრენდს შეეძლოს, თავისი მანქანით მატაროს, სიმართლე გითხრათ, მართლა მაქვს სურვილი, ჩემს ოჯახს ვუჩივლო", - მიმართა ბრიტნიმ მოსამართლეს.

ცნობისთვის, შემსრულებელმა, რომელსაც უკვე 13 წელია, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, საკუთარი ფინანსებისა და პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, თავდაპირველად სასამართლო დავა კონკრეტულად მამის წინააღმდეგ წამოიწყო, თუმცა, ივნისში ჩატარებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთოდ აღარ სურს, მის ბედს მეურვეები განაგებდნენ. პასუხად მოსამართლე ბრენდა პენიმ აღნიშნა, რომ მეურვეობის პროცესის დასრულებაზე, ანაც, სხვა არსებითი ცვლილებების განხორციელებაზე მსჯელობის დასაწყებად მუსიკოსის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სასამართლოს.

რატომ დარეკა ბრიტნი სპირსმა 911-ზე სასამართლოში სიტყვით გამოსვლის წინ

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული