Thumbnail

ბრიტნი სპირსის დედა შვილის სასამართლო დავას ეხმაურება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა გამოცემამ The New Yorker პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსის მეურვეობის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. სტატიის ავტორები, რონან ფაროუ და ჯია ტოლენტინო 39 წლის არტისტის დედას, ლინი სპირსს დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, თუ რა პოზიცია აქვს ქალს ამ თემასთან მიმართებით. როგორც რეპორტიორები აღნიშნავენ, ლინიმ ისინი გააფრთხილა, რომ ყურმილის სწრაფად დაკიდება მოუხდებოდა, თუ სატელეფონო ინტერვიუს განმავლობაში ოთახში მისი ოჯახის რომელიმე წევრი შევიდოდა.

რატომ დარეკა ბრიტნი სპირსმა 911-ზე სასამართლოში სიტყვით გამოსვლის წინ

როგორც მომღერლის დედა აღნიშნავს, იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც მისი შვილი იმყოფება, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ცნობისთვის, ბრიტნის, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, უკვე მეცამეტე წელია, საკუთარი ქონებისა და პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული.

"ამ ყველაფერთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს. არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო. ბევრია ტკივილი და ნერვიულობა", - აღნიშნა ქალმა.

მას შემდეგ, რაც ბრიტნი ივნისში სასამართლოში სიტყვით გამოვიდა და საკუთარი მამა, ისევე როგორც მის მეურვებაში ჩართული სხვა პირები, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა, მომღერლის მენეჯერის, ჯოდი მონტგომერის წარმომადგენლის განცხადება გავრცელდა. ცნობისთვის, 2019 წელს სასამართლომ ის ბრიტნის დროებით მეურვედ დანიშნა და, მანამ მუსიკოსი მეურვეობის სრულად გაუქმების სურვილით გამოვიდოდა, სწორედ ჯოდის ითხოვდა მისი მუდმივი მეურვის როლში, ჯეიმი სპირსის ნაცვლად.

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

"ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, განვაცხადო, რომ ჯოდი მონტგომერი ბრიტნის თავდაუზოგავი დამცველი იყო და მის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ის მხარს უჭერს სპირსის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ სჭირდება მეურვეების დახმარება", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნიმ სასამართლო დავა კონკრეტულად მამის წინააღმდეგ წამოიწყო, თუმცა, ივნისში ჩატარებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთოდ აღარ სურს, მის ბედს მეურვეები განაგებდნენ. პასუხად მოსამართლე ბრენდა პენიმ აღნიშნა, რომ მეურვეობის პროცესის დასრულებაზე, ანაც, სხვა არსებითი ცვლილების განხორციელებაზე მსჯელობის დასაწყებად მუსიკოსის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სასამართლოს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსის მეურვეობას მამამისი არ ჩამოშორდება

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული