Thumbnail

რატომ დარეკა ბრიტნი სპირსმა 911-ზე სასამართლოში სიტყვით გამოსვლის წინ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ჟურნალმა The New Yorker პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსის მეურვეობის საქმეზე გამოძიება ჩაატარა. გამოცემის ცნობით, მანამ 39 წლის მუსიკოსი მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ სასამართლოში სიტყვით გამოვიდოდა, ერთი დღით ადრე 911-ზე დარეკა და პოლიციას მისი მეურვეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე დაუტოვა შეტყობინება. როგორც "ნიუ იორკერი" წერს, ამ ზარის შემდეგ, ბრიტნის გარემოცვის წევრები ნერვიულობდნენ, თუ რას იტყოდა მომდევნო დღეს არტისტი სასამართლო სხდომაზე.

ბრიტნი სპირსი: ბოდიში, რომ თავს გაჩვენებდით, თითქოს კარგად ვიყავი

"სასოწარკვეთილებს მიმოწერა ჰქონდათ გაჩაღებული. იმაზე ნერვიულობდნენ, თუ რა შეიძლებოდა, ეთქვა ბრიტნის და როგორ უნდა მომზადებულიყვნენ, თუ ის რაიმე ზედმეტს იტყოდა", - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ბრიტნიმ, რომელსაც უკვე 13 წელია, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, საკუთარი ფინანსებისა და პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მამამისი და მისი მეურვეობის პროცესში ჩართული სხვა პირები მთელი ამ წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ ამ უფლებამოსილებას.

"ნორმალური არ არის, რომ იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია. ვგრძნობ, რომ სრულფასოვნად ვერ ვცხოვრობ. მინდა, ამას წერტილი დავუსვა. მამაჩემი და ყველა, ვინც მეურვეობის პროცესში იყო ჩართული, ასევე ჩემი მენეჯერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს დასჯაში, ციხეში უნდა ისხდნენ. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია", - მიმართა მაშინ მოსამართლეს მომღერალმა.

ბრიტნი მამასთან ერთად

სტატიაში ასევე ის პერიოდია ნახსენები, როცა სპირსს სასამართლომ მეურვეები დააკისრა.

"ბრიტნის არაფერი დაუშავებია. მის ცხოვრებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, რომლებმაც ეს სიგიჟე გამოიწვიეს. ბრიტნის ვერაფრით დავაკნინებ. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი საქმეა, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მქონია შეხება", - აღნიშნა The New Yorker-თან ინტერვიუში იურისტმა რობინ ჯონსონმა, რომელმაც 2007 წელს მომღერლის საქმეზე დაიწყო მუშაობა.

ხოლო სპირსების ოჯახის ყოფილი მეგობარი, ჯეკლინ ბუჩერი მეურვეების დანიშვნის პროცესს ამგვარად იხსენებს:

"მთელ ამ პროცესს დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა. არავის მიუცია ჩვენება. არანაირი კითხვები არ დასმულა".

ცნობისთვის, ბრიტნიმ სასამართლო დავა კონკრეტულად მამის წინააღმდეგ წამოიწყო, თუმცა, ივნისში ჩატარებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთოდ აღარ სურს, მის ბედს მეურვეები განაგებდნენ. პასუხად მოსამართლე ბრენდა პენიმ აღნიშნა, რომ მეურვეობის პროცესის დასრულებაზე, ანაც, სხვა არსებითი ცვლილებების განხორციელებაზე მსჯელობის დასაწყებად მუსიკოსის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სასამართლოს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსის მეურვეობას მამამისი არ ჩამოშორდება

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული