Thumbnail

სერიული მკვლელები საზოგადოების ინტერესს მაგნიტივით იზიდავენ, ფილმების, წიგნებისა თუ სერიალების მთავარ პერსონაჟებად გვევლინებიან და ხშირად ნამდვილი სუპერვარსკვლავის სტატუსითაც სარგებლობენ. ცნობილი მუსიკოსების მიერ შექმნილი არაერთი შთამბეჭდავი კომპოზიციის არსებობასაც, პირველ რიგში, სწორედ სხვადასხვა ჯურის მანიაკებს უნდა ვუმადლოდეთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ სერიული მკვლელებით შთაგონებულ ათ გამორჩეულ სიმღერას წარმოგიდგენთ.

10. The Rolling Stones - Midnight Rambler

1931 წელს დაბადებული ალბერტ დესალვო ალკოჰოლიკი მამის ხელში გაიზარდა, რომელიც ცოლსა და შვილებს ხშირად სასტიკად სცემდა. მომავალმა სერიულმა მკვლელმა ცხოველების წამება ბავშვობიდან დაიწყო, ზრდასრულობისას კი ადამიანებზეც გადაერთო. 1962-64 წლებში დესალვომ ცამეტ ქალზე იძალადა და მოკლა. "ბოსტონელი მახრჩობელის" მეტსახელით ცნობილ მანიაკს სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 1973 წელს ის ციხეში თანამესაკნემ მოკლა.

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, The Rolling Stones-ის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე შთაბეჭდავი კომპოზიცია Midnight Rambler სწორედ დესალვოს დანაშაულებს ეძღვნება. ეპოქალურ ალბომში Let It Bleed შესული მინი ბლუზ ოპერის ტექსტი ჯგუფის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა იტალიაში, ულამაზესი ხედებით განთქმულ ქალაქ პოზიტანოში ყოფნისას დაწერა. მუსიკოსის თქმით, მას დღემდე ვერ გაუგია, როგორ დაებადა ამ უწყინარ და მომხიბვლელ გარემოში ასეთი პირქუში ნამუშევრის შექმნის იდეა.

9. Tyler, The Creator - Blow

ქარიზმატული, განათლებული, შესანიშნავი იუმორის პატრონი და წარმატებული პიროვნება, რომელიც ყველა ამ სიკეთესთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობასაც ეწევა და სუიციდური აზრებით შეპყრობილ ადამიანებს ეხმარება - აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელის, ტედ ბანდის მიერ მორგებული ამ ნიღბის მიღმა სადისტი, მძარცველი და ნეკროფილი იმალებოდა, რომელმაც 1970-იან წლებში რამდენიმე ათეული ქალი გააუპატიურა და მოკლა.

Tyler, The Creator-ის ფსევდონიმით ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტაილერ ოკონმამ კომპოზიცია Blow სწორედ ტედ ბანდის შთაგონებით შექმნა. ამერიკელი რეპერისათვის კონტროვერსია უცხო ხილს ნამდვილად არასდროს წარმოადგენდა, თუმცა ამ ნამუშევრის შემთხვევაში შოკისმომგვრელი ტექსტებით განთქმულმა მუსიკოსმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2011 ტაილერმა წელს კიდევ ერთი სერიული მკვლელის, ალბერტ ფიშის ინსპირაციით დაწერილი ტრეკი Fish გამოსცა.

8. Swans - Killing for Company

დენის ნილსენმა ხუთი წლის განმავლობაში 12 ახალგაზრდა მამაკაცს მოუსწრაფა სიცოცხლე. მკვლელობის შემდეგ ის მსხვერპლის გვამს საგულდაგულოდ ასუფთავებდა, ახალ ტანისამოსში გამოაწყობდა, სავარძელში ჩააბრძანებდა და უსულო სხეულს რამდენიმე კვირით საკუთარ კომპანიონად აქცევდა, რომელთან ერთადაც ტელევიზორს უყურებდა, საუბრობდა და ზოგჯერ სექსითაც კავდებოდა. 1983 წელს ნილსენს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 2018 წელს კი ის ციხეში გარდაიცვალა.

ამერიკული ექსპერიმენტული როკ კოლექტივის, Swans-ის ეს კომპოზიცია სევდიანი სასიყვარულო ბალადაა, რომლის ტექსტიც ნილსენის პერსპექტივიდანაა დაწერილი და მის ერთ-ერთ მსხვერპლს ეძღვნება. ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, რომ ასეთ ესთეტიკურ, მელანქოლიით სავსე ნაწარმოებს ამდენად შემზარავი ამბავი დაედო საფუძვლად, თუმცა ამ საკულტო ჯგუფისა და მისი ფრონტმენის, მაიკლ ჟირას უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

7. Siouxsie and the Banshees - An Execution

1560 წელს დაბადებული უნგრელი დიდგვაროვანი, ერჟებეტ ბატორი გინესის რეკორდების წიგნის მიერ ისტორიაში ყველაზე "წარმატებულ" სერიულ მკვლელ ქალადაა დასახელებული. მან ოცი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული გოგონას (მოწმეთა ჩვენებების შეჯერების შემდეგ მათი რიცხვი ექვსასს აღწევს) წამებასა და მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, რითიც სადისტურ სიამოვნებას იღებდა. 1610 წელს ერჟებეტი გაასამართლეს და საკუთარ სასახლეში გამოამწყვდიეს, სადაც მან სიცოცხლის ოთხი უკანასკნელი წელი გაატარა.

ბატორის პიროვნება და მოარულ ლეგენდად ქცეული დანაშაულები სხვადასხვა ეპოქაში ათობით შესანიშნავ მუსიკალურ ნაწარმოებს დაედო საფუძვლად. მათ შორის ერთ-ერთი 1976 წელს ჩამოყალიბებული პოსტ პანკ კოლექტივის, Siouxsie and the Banshees-ის კომპოზიცია An Execution გახლავთ. სიმღერის ტექსტში ერჟებეტის ერთ-ერთი მსხვერპლის წამების სცენა შემაძრწუნებელი დეტალურობითაა აღწერილი, მსგავს თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს კი ბრიტანული ჯგუფისთვის დამახასიათებელი, გოთიკური ჟღერადობა ძალზე უხდება.

6. Bruce Springsteen - Nebraska

ჩარლზ სტარკვეზერი მოზარდობისას თანასკოლელთა მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. მოგვიანებით კი ცუდი ქცევისა და მამის კუთვნილი ავტომანქანის დამტვრევის გამო სახლიდანაც გამოაგდეს, რამაც მისი ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაამძაფრა. საბოლოოდ, ჩარლზი ცივსისხლიან მკვლელად ჩამოყალიბდა და 1957-58 წლებში თავის არასრულწლოვან შეყვარებულთან, ქერილ ფიუგეითთან ერთად ნებრასკასა და ვაიომინგის შტატებში 11 ადამიანი დახოცა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს.

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი თავისი შემოქმედებიდან ერთ-ერთ ფავორიტ კომპოზიციად სწორედ ზემოხსენებული ისტორიით შთაგონებულ ჩანაწერს Nebraska ასახელებს. ეს სიმღერა 1982 წელს გამოცემულ, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევიდა, რომელსაც ოპტიმიზმითა და დადებითი ენერგეტიკით ცნობილი არტისტისთვის უჩვეულოდ მძიმე, დეპრესიული განწყობა ახასიათებს. მასში აღწერილი პერსონაჟების უდიდესი ნაწილი კი სწორედ სტარკვეზერის მსგავსი კრიმინალები და აუტსაიდერები არიან.

5. Throbbing Gristle - Leeds Ripper

1946 წელს დაბადებულ სერიულ მკვლელს, პიტერ სატკლიფს მესაფლავედ მუშაობისას ყურში ღმერთის ხმა ჩაესმა, რომელმაც მას სექს-მუშაკების ამოხოცვა უბრძანა. პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულმა სატკლიფმაც წითელი ფარნების უბანს მიაშურა და 1975-80 წლებში 13 ქალი გამოასალმა სიცოცხლეს. "იორკშირელ მფატრავად" ცნობილ დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და 2020 წელს ის გისოსებს მიღმა გარდაიცვალა.

გასაკვირი არაა, რომ სატკლიფმა ინდასტრიალის პიონერი კოლექტივის, Throbbing Gristle-ის ყურადღება მიიქცია. ამ ჯგუფის წევრებისათვის კონტროვერსია ხელწერის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, მათი პირველივე საჯარო გამოსვლა კი ისეთი შოკისმომგვრელი იყო, რომ მას ბრიტანელი პარლამენტარები გამოეხმაურნენ და მუსიკოსებს "ცივილიზაციის დამანგრევლები" უწოდეს. კომპოზიციაში Leeds Ripper ტექსტის მაგივრობას BBC-ის არქივიდან აღებული აუდიოჩანაწერი სწევს, რომელშიც წამყვანი პიტერის რიგით მეთორმეტე მკვლელობის შესახებ იუწყება.

4. The Doors - Riders on the Storm

დედის გარდაცვალების შემდეგ უილიამ ბილი ქუქი მამამ სხვა შვილებთან ერთად უპატრონოდ მიაგდო და ისინიც ობოლთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ. დეფორმირებული თვალისა და აგრესიული ქცევის გამო ბილი არავინ იშვილა და ამ უკანასკნელმაც მცირე ხანში ხელი წვრილმან დანაშაულს მოჰკიდა, რის გამოც დროებით ციხეში ამოჰყო თავი. 1950 წელს ქუქმა შარაგზაზე მძღოლების ხოცვა დაიწყო და მოკლე პერიოდში ექვს ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, თუმცა ის მალევე დააპატიმრეს, 1952 წელს კი სიკვდილით დასაჯეს.

ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, The Doors-ის ეს კომპოზიცია ნაწილობრივ გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომებით, ნაწილობრივ კი ქუქის მიერ ჩადენილი დანაშაულებითაა შთაგონებული. სიმღერის ტექსტში "გზაზე მოხეტიალე მკვლელი, რომლის ტვინიც გომბეშოსავით ფეთქავს" სწორედ ბილიზე მიანიშნებს და ჯგუფის ფრონტმენის, ჯიმ მორისონის მიერ ფილმში HWY: An American Pastoral განსახიერებული პერსონაჟის პროტოტიპიც სწორედ ის გახლავთ. აღსანიშნავია, რომ Riders on the Storm უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც მორისონმა გარდაცვალებამდე ჩაწერა.

3. Pearl Jam - Dirty Frank

"მილუოკელი ურჩხულის" მეტსახელით ცნობილი სერიული მკვლელი, ჯეფრი დამერი ამერიკის შეერთებულ შტატებს შიშის ზარს სცემდა. 13 წლის განმავლობაში მან 17 ადამიანი (მათ შორის 4 არასრულწლოვანი) გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა. ხშირად, დამერი მსხვერპლის სხეულის ნაწილებს ინახავდა, ზოგ შემთხვევაში კი ნეკროფილიითა და კანიბალიზმითაც კავდებოდა. 1991 წელს სასამართლომ ის შეურაცხადად ცნო და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ჯეფრი შიზოფრენიით დაავადებულმა თანასაკნელმა მოკლა.

1991 წელს ტურნეში მყოფი გრანჟ კოლექტივის, Pearl Jam-ის წევრებმა თავიანთი ავტობუსის მძღოლმა რატომღაც სერიულ მკვლელს მიამსგავსეს. სიეტლური ჯგუფის ფრონტმენმა, ედი ვედერმა წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, მათ მიერ ხუმრობით გამოთქმული ვარაუდი სინამდვილე რომ აღმოჩენილიყო და შავი იუმორით სავსე კომპოზიცია Dirty Frank დაწერა. სიმღერის ტექსტში მძღოლით ინსპირირებული პერსონაჟი ფრენკი დამერის სახელითაა მონათლული და ისიც, გამოჩენილი მოგვარის მსგავსად, ერთობ ნიჭიერი მზარეული გახლავთ.

2. The Smiths - Suffer Little Children

1963-65 წლებში შოტლანდიელმა მანიაკმა, იენ ბრეიდიმ და მისმა საყვარელმა, მაირა ჰინდლიმ ხუთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს და მოკლეს. მსხვერპლთა შორის ყველაზე უფროსი ჩვიდმეტი, ხოლო უმცროსი ათი წლის იყო. დაკავების შემდეგ ორივე დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ჰინდლიმ შეწყალება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა უშედეგოდ ჩაიარა და დარჩენილი სიცოცხლეც გისოსებს მიღმა გაატარა. რაც შეეხება ბრეიდის, 1985 წელს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც.

მანჩესტერული როკ ჯგუფის, The Smiths-ის კომპოზიციას Suffer Little Children საფუძვლად სწორედ მათ მიერ ჩადენილი მკვლელობების სერია დაედო. სიმღერის სათაური მათეს სახარებიდანაა ნასესხები: "ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი". აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის ტექსტში რამდენიმე მსხვერპლი ნამდვილი სახელითაა მოხსენიებული, რამაც თავის დროზე მათი ოჯახების გულისწყრომა გამოიწვია და მაღაზიებმაც ჩანაწერი გარკვეული პერიოდით გაყიდვიდან ამოიღეს.

1. Sun Kil Moon - Richard Ramirez Died Today of Natural Causes

1984-85 წლებში სერიულმა მკვლელმა, რიჩარდ რამირესმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 13 ადამიანი დახოცა. ამას ემატებოდა სექსუალური ძალადობისა და ძარცვის უამრავი შემთხვევა, რის გამოც "ღამის სტალკერის" მეტსახელით ცნობილ მანიაკს გაზის კამერაში სიკვდილი მიესაჯა. თუმცა, კალიფორნიის შტატში მოქმედი სააპელაციო სისტემის წყალობით განაჩენის აღსრულება უთავბოლოდ გაიწელა. რამირესმა კი ამ პერიოდში გისოსებს მიღმა ათობით თაყვანისმცემელი გაიჩინა, ერთ-ერთ მათგანზე ციხეში იქორწინა კიდეც და 2013 წელს ბუნებრივი სიკვდილით მიიცვალა.

ამერიკელი მუსიკოსის, მარკ კოზელეკის პროექტის Sun Kil Moon ეს სიმღერა სწორედ ზემოხსენებული ისტორიითაა შთაგონებული. დეპრესიულ, ნიჰილიზმით სავსე ტექსტში მსმენელი ერთიმეორის მოყოლებით აწყდება არაბუნებრივი სიკვდილის შემთხვევებს, დაწყებული მარკის ახლო მეგობრებით და დამთავრებული "სოპრანოს კლანის" ვარსკვლავის, ჯეიმს განდოლფინის გარდაცვალებით. მათ შორის კი პერიოდულად სერიული მკვლელის ბუნებრივი სიკვდილის ფაქტი ისევე შემზარავად გამოკრთება, როგორც მოგონებები ღამის ურჩხულზე მარად მზიანი, უდარდელი კალიფორნიის მაცხოვრებელთა მეხსიერებაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული