Thumbnail

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსის მეურვეობას მამამისი არ ჩამოშორდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მამამისს, ჯეიმი სპირსს მისი ქონების მართვის საკითხში მეურვის უფლებამოსილება ჩამორთმეოდა. როგორც გამოცემა Variety დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, ბრიტნის ადვოკატმა, სემუელ ინგჰემმა მოსამართლეს შუამდგომლობით ერთი თვის წინ მიმართა. როგორც ცნობილია, სასამართლომ მომღერლის ქონების განკარგვის პროცესში კერძო კომპანია Bessemer Trust ჩართო, თუმცა, იმ ნაწილში, რომელიც ჯეიმის ჩამოშორებას ითვალისწინებდა, დაცვის მხარეს უარი განუცხადა.

ბრიტნი სპირსი: ბოდიში, რომ თავს გაჩვენებდით, თითქოს კარგად ვიყავი

"მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების განკარგვის პროცესში, კომპანია Bessemer Trust-ის დანიშვნის შემდეგ, ჯეიმი სპირსი დაუყოვნებლივ ჩამოშორებოდა მომღერლის ქონების მართვის პროცესს, უარყოფილია", - ვკითხულობთ განჩინებაში.

როგორც Variety წერს, სასამართლო დოკუმენტებში ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად არის დასაბუთებული:

"ბრიტნი სპირსს, ფაქტობრივად, არ გააჩნია იმის უნარი, რომ საკუთარი ფინანსური რესურსები განკარგოს, აღკვეთოს თაღლითობა და არ მოექცეს გავლენების ქვეშ".

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებას ხელი 30 ივნისს მოაწერა, რასაც წინ უძღოდა 24 ივნისს ბრიტნის სიტყვით გამოსვლა სასამართლო პროცესზე, რა დროსაც 39 წლის არტისტმა მისი მეურვეები არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა.

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

ცნობისთვის, სპირსმა, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, უკვე მეცამეტე წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, სასამართლო დავა კონკრეტულად მამის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა, გასულ კვირაში გამართულ სხდომაზე აღნიშნა, რომ საერთოდ აღარ სურს, მის ბედს მეურვეები განაგებდნენ.

"ვწუხვარ ჩემი უცოდინრობის გამო, მაგრამ მართლა არ მქონდა ინფორმაცია, რომ მეურვეობის გასაჩივრება შემიძლია. მამაჩემი და ყველა, ვინც ამ მეურვეობის პროცესში იყო ჩართული, ასევე ჩემი მენეჯერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს დასჯაში, ციხეში უნდა ისხდნენ. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია. ნორმალური არ არის, რომ იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია", - მიმართა მაშინ ბრიტნიმ მოსამართლეს.

პასუხად, მოსამართლემ, ბრენდა პენიმ აღნიშნა, რომ მეურვეობის პროცესის დასრულებაზე, ანაც, სხვა არსებითი ცვლილებების განხორციელებაზე მსჯელობის დასაწყებად მუსიკოსის წარმომადგენლებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სასამართლოს.

ამას გარდა, გაზეთი New York Times წერს, რომ ჯეიმი სპირსმა სასამართლოს მისი შვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, რათა ბრიტნის მიერ მოყვანილი ფაქტების სიზუსტე დადგინდეს. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს განუცხადა, რომ მას არ აძლევენ შვილის გაჩენის უფლებას; 2019 წელს იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; მანამდე კი, მისმა მენეჯერებმა იცრუეს, თითქოს ის რეპეტიციებს აცდენდა და წამლებს არ იღებდა. ამასთან, სპირსის მტკიცებით, მას მუშაობისას დასვენების დღეებს არ აძლევდნენ.

"ვტიროდი, რაც მამაჩემს სიამოვნებას ანიჭებდა. უნდოდა, კონტროლი ჰქონოდა ისეთ გავლენიან ადამიანზე, როგორიც მე ვიყავი - მოსწონდა, რომ სადავეები ჰქონდა ხელთ და ამით თავის ქალიშვილს ვნებდა. მაიძულებდნენ, კვირაში შვიდი დღე მემუშავა, დასვენების დღეების გარეშე. რეაბილიტაციის დროს პირადი სივრცე არ გამაჩნდა, ჩემს განრიგში რაიმე ცვლილების შეტანის უფლებასაც არ მაძლევდნენ. ყველაფერი ჩამომართვეს - საკრედიტო ბარათი, ტელეფონი და პასპორტი", - აღნიშნავს შემსრულებელი.

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული