Thumbnail

კრისტინა აგილერა: ბრიტნი სპირსი სრულ თავისუფლებას იმსახურებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამ ტვიტების სერია გამოაქვეყნა და მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიტნი სპირსს, რომელიც საკუთარ მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაშია ჩართული მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა, რომელსაც, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, უკვე 13 წელია, საკუთარი ქონების, კარიერისა და პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, ახლახან, ლოს ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლია და მეურვეობა სრულად უნდა გაუუქმდეს.

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

აგილერამ, რომელიც ბრიტნისთან, ჯასტინ ტიმბერლეიკთან, რაიან გოსლინგთან და კერი რასელთან ერთად 1990-იან წლებში სატელევიზიო შოუში The Mickey Mouse Club მონაწილეობდა, მომღერალთან ერთად ბავშვობაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

"ბოლო რამდენიმე დღე ბრიტნიზე და იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რისი გადატანაც მას უწევს. ყოვლად მიუღებელია, რომ ნებისმიერი ქალს, ანაც, ზოგადად, ადამიანს, რომელსაც საკუთარი ბედის განკაგვა სურს, არ მიეცეს იმის საშუალება, რომ თავისი ნების შესაბამისად იცხოვროს".

ამის შემდეგ კრისტინამ ტვიტერზე კიდევ რამდენიმე პოსტი გაავრცელა:

"ყველაზე დამაზიანებელი და დამამცირებელი, რაც კი შეიძლება, წარმოიდგინო, არის ის, რომ ახლობელი ადამიანები რაიმეს გაიძულებენ, შენს აზრს ყურადღებას არ აქცევენ, გაშინებენ, ანაც მხარს არ გიჭერენ. არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ის დამანგრეველი გონებრივი და ემოციური ზიანი, რომელიც ამ დროს ადამიანის სულს ადგება. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარ სხეულთან, რეპროდუქციულ სისტემასთან, პირად ცხოვრებასთან და სივრცესთან, საკუთარ ჯანმრთელობასთან და ბედნიერებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება.

თავისუფლებისადმი ბრიტნის ლტოლვისა და მისი სასოწარკვეთის დანახვა მარწმუნებს, რომ ეს ადამიანი არანაირ თანაგრძნობას და სათანადო მოპყრობას არ იღებდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მას აკონტროლებდნენ. ბრიტნის, რომელსაც ისეთ პირობებსა და წნეხში უმუშავია, რომელიც ყველას არ აქვს გამოცდილი, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ის სრულ თავისუფლებას, რათა ბედნიერი ცხოვრების საშუალება მიეცეს. მთელი გულით ვარ მასთან. ბრიტნი მთელი მსოფლიოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და მხარდაჭერას იმსახურებს", - წერს აგილერა.

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსი: ბოდიში, რომ თავს გაჩვენებდით, თითქოს კარგად ვიყავი

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული