Thumbnail

გავრცელებული ინფორმაციით, მერილინ მენსონი აპირებს, პოლიციას ჩაბარდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დასავლური მედიის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, მერილინ მენსონი, რომლის მიმართაც ნიუ ჰემფშირის შტატის გილფორდის პოლიციის დეპარტამენტმა მაისში დაკავების ორდერი გასცა, შესაძლოა, სამართალდამცველებს ჩაბარდეს. საქმე ეხება ოპერატორზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს, რაც, არსებული ცნობებით, 2019 წლის 18 აგვისტოს ნიუ ჰემფშირში, The Bank of New Hampshire Pavilion-ის ღია ამფითეატრში, მერილინის კონცერტზე მოხდა. კონცერტის გადასაღებად დაქირავებული ქალის მტკიცებით, შემსრულებელმა მას მიაფურთხა. დაკავების ორდერი მას შემდეგ გაიცა, რაც არტისტი ბრალის წარდგენის სხდომაზე არ გამოცხადდა. გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, მენსონი თანახმაა, ლოს ანჯელესის პოლიციას ჩაბარდეს.

"მერილინ მენსონი შემზარავი მონსტრია" - ეშლი მორგანი ძალადობის ფაქტებს იხსენებს

როგორც გამოცემა The Independent წერს, გილფორდის პოლიციის უფროსის, ენტონი ბინ ბიორფის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მენსონი პოლიციას უახლოესი კვირების განმავლობაში ჩაბარდება, პირველი სასამართლო სხდომა აგვისტოში გაიმართება. რაც შეეხება მენსონის პოზიციას, როგორც გამოცემა NME-ის მისმა ადვოკატმა, ჰოვარდ კინგმა განუცხადა, ქალის მიერ გამოთქმული ბრალდებები სასაცილოა.

"მერილინ მენსონის კონცერტზე დამსწრეთათვის საიდუმლო არ არის, რომ მას სცენაზე პროვოკაციულად მოქცევა უყვარს, განსაკუთრებით კამერის წინაშე. მანამ ოპერატორი პოლიციას მიმართავდა, ის მერილინისგან $35 000-ზე მეტს მოითხოვდა, რადგანაც მუსიკოსთან მიახლოებისას ცოტაოდენი სისველე მოხვდა. როდესაც რაიმე სახის ზიანის საჩვენებელი მტკიცებულებების წარდგენა მოვთხოვეთ, მისგან პასუხი აღარ მიგვიღია. ეს პრეტენზიები სასაცილოა, მაგრამ ჩვენ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ ისევე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული მუსიკოსის მიმართ ათობით ბრალდება გამოითქვა იმ ქალების მიერ, რომელთაც მერილინთან პირადი, ანაც სამსახურებრივი ურთიერთობები აკავშირებდათ. თავდაპირველად მენსონს მისმა ყოფილმა საცოლემ, მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა დასდო ბრალი ძალადობაში. ამის შემდეგ ის არაერთხელ დაადანაშაულეს სასტიკ მოპყრობაში, ფიზიკურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, მუქარასა და მანიპულირებაში. მათგან სულ მცირე სამმა ქალმა სასამართლოს მიმართა - აპრილში Game Of Thrones-ის მსახიობმა, ესმე ბიანკომ შეიტანა სარჩელი და არტისტი სექსუალურ ძალადობაში, ფიზიკურ თავდასხმასა და ტრეფიკინგში დაადანაშაულა. მაისში მენსონს ყოფილმა ასისტენტმა, ეშლი მორგანმა გაუპატიურების და სხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანისთვის უჩივლა, ცოტა ხანში კი შემსრულებლის ყოფილმა შეყვარებულმა, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, სასამართლოს მიმართა გაუპატიურებისა და მოკვლით დამუქრების გამო. მერილინმა თავიდანვე უარყო ბრალდებები და მათ ფაქტების საშინელი დამახინჯება უწოდა.

მერილინ მენსონს გაუპატიურებისა და მოკვლის მუქარის გამო კიდევ ერთხელ უჩივიან

ბრაიან უორნერმა, იგივე მერილინ მენსონმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული