Thumbnail

სიზმრის ფენომენი კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა, რომლის საიდუმლოებათა სრულყოფილად ამოხსნასაც ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები თუ სხვა დარგის მეცნიერები საუკუნეებია ცდილობენ. ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენელთა მსგავსად, ძილის დროს მიღებული შთაბეჭდილებები მუსიკოსებისთვისაც შთაგონების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. არაერთი ბრწყინვალე ჩანაწერი სხვადასხვა დროს სწორედ მათი ინსპირაციით შეიქმნა.

ჩვენს სტატიაში სწორედ სიზმრებით შთაგონებულ ათ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. The Rolling Stones - (I Can't Get No) Satisfaction

1965 წლის მაისის ერთ საღამოს კით რიჩარდსი საწოლიდან მთვარეულივით წამოდგა, პორტატული დიქტოფონი ჩართო, სიზმრიდან გამოყოლილი მელოდია დაუკრა და ისევ დაიძინა. მუსიკოსის თქმით, მომდევნო დილას უკვე აღარაფერი ახსოვდა, შემთხვევით აღმოჩენილ აუდიოჩანაწერში კი მის მიერ შესრულებულ, ორწუთიან პარტიას მედიატორის ძირს დაცემისა და ნახევარსაათიანი ხვრინვის ხმა მოსდევდა. სწორედ გიტარის ზემოხსენებული რიფის საფუძველზე შექმნეს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის წევრებმა თავიანთი ჰიტი (I Can't Get No) Satisfaction

9. Jimi Hendrix - Purple Haze

თავად ჰენდრიქსის მონათხრობით, ამ კომპოზიციის დაწერა მას უცნაურმა სიზმარმა შთააგონა, სადაც მუსიკოსი ზღვის ფსკერზე დასეირნობდა. თუმცა, Purple Haze კანაფის ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდებაც გახლავთ, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ფსიქოდელიური ნივთიერებების მოყვარული არტისტსტისთვის ინსპირაციის წყაროდ მარიხუანა იქცა. არანაკლებ საინტერესოა მისი ბიოგრაფების მიერ შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ნამუშევარს ჰენდრიქსის საყვარელ ლიტერატურულ ნაწარმოებს "ნათელი ღამე" უკავშირებს. ფილიპ ფარმერის სამეცნიერო-ფანტასტიკურ მოთხრობაში შორეულ პლანეტაზე პერიოდულად მოიისფრო ბინდი (purplish haze) წარმოიქმნება, რაც ბუნების კანონების ცვლილებას იწვევს.

8. The Beatles - Let It Be

ამ ეპოქალური კოლექტივის მსმენელთა დიდი ნაწილი დღემდე შეცდომით მიიჩნევს, რომ სიმღერის ტექსტში ნახსენებ Mother Mary-ში ღვთისმშობელი მარიამი იგულისხმება. (სწორედ ამ მიზეზით ვერ იტანდა ქრისტიანობასთან მწყრალად მყოფი ჯონ ლენონი Let It Be-ის). თუმცა, სინამდვილეში, პოლ მაკკარტნი საკუთარ დედაზე, მერი პატრისიაზე მღერის, რომლის გარდაცვალებისას მომავალი მუსიკოსი მხოლოდ 14 წლის იყო. არტისტის თქმით, კომპოზიციის დაწერის იდეა უაღრესად სტრესულ პერიოდში, ჯგუფის მეცხრე სტუდიურ ალბომზე The White Album მუშაობისას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ საღამოს სიზმრად დედამისი იხილა.

7. Chic - I Want Your Love

როგორც წესი, მუსიკოსებისთვის სიზმრები მხოლოდ შთაგონების წყაროს წარმოადგენს, საიდანაც მიღებულ შთაბეჭდილებებსა თუ ემოციებზე დაყრდნობით ახალ მელოდიასა თუ ტექსტს მოგვიანებით, საფუძვლიანად გამოფხიზლების შემდეგ ქმნიან. რაც შეეხება ლეგენდარული დისკო კოლექტივის Chic ლიდერს, გენიალურ ნაილ როჯერსს, ამ უკანასკნელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი თავიდან ბოლომდე ძილში მოისმინა და გაღვიძებისთანავე ქაღალდზე თითოეული ნოტის სიზუსტით გადმოიტანა. ასე მოევლინა სამყაროს უკვდავი შედევრი I Want Your Love, რომელიც ამერიკული ჯგუფის შემოქმედებაში გამორჩეულად წარმატებულ ჩანაწერად იქცა.

6. Peter Gabriel - Red Rain

საკულტო ინგლისელი მუსიკოსის ამ სიმღერას რამდენიმე ერთიმეორეზე უცნაური სიზმარი დაედო საფუძვლად. პირველში არტისტი საკუთარ აუზში დაცურავდა და წითელ ღვინოს სვამდა, მეორეში ადამიანის სხეულის ფორმის მქონე ბოთლები კლდიდან ცვიოდა და მიწასთან შეჯახების შემდეგ მათი ნამსხვრევებიდან მოწითალო სითხე იღვრებოდა, მესამეში კი ჭიქის მსგავსი ფიგურები ორად გაპობილი, სისხლისფერი ზღვის კედლებს შორის დაქროდნენ. პიტერ გებრიელის თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძილში ზემოხსენებულ ზმანებებს ხშირად, სრული სიცხადით ხედავდა, რაც ძალზე აშინებდა.

5. Johnny Cash - The Man Comes Around

ამერიკელ ქანთრი არტისტს, ჯონი ქეშს ერთხელ დაესიზმრა, რომ ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდა, რომელმაც ის გრიგალში მოყოლილ ეკლიან ხეს შეადარა. მუსიკოსს მტკიცედ სწამდა, რომ ამ ზმანების მიღმა რელიგიური სიმბოლიკა იმალებოდა და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ პასუხს ძველ აღთქმაში, იობის წიგნის 38-ე თავში მიაგნო - "მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით? წელი შემოისარტყლე მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე: სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი?" ბიბლიური ციტატებით სავსე კომპოზიცია The Man Comes Around სწორედ ზემოხსენებული სიზმრითაა შთაგონებული.

4. Radiohead - How to Disappear Completely

1997 წლის ხანგრძლივ და დამღლელ ტურნეში მყოფი ბრიტანული ჯგუფის ფრონტმენი, ტომ იორკი გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. ერთ ღამეს მუსიკოსს დაესიზმრა, რომ დუბლინის თავზე დაფრინავდა, რამაც კომპოზიციის How to Disappear Completely დაწერა შთააგონა. ნამუშევრის ცნობილი მისამღერი ტომისა და პოპულარული ამერიკული როკ კოლექტივის, R.E.M.-ის წევრის, მაიკ სტაიპის სატელეფონო საუბრითაა ინსპირირებული. ამ უკანასკნელმა კოლეგის პრობლემების მოსმენის შემდეგ მეგობარს ურჩია, პანიკური შეტევის ასარიდებლად საკუთარი თავისთვის ფრაზა "მე აქ არ ვარ, ეს არ ხდება" რამდენჯერმე გაემეორებინა.

3. R.E.M. - It's the End of the World as We Know It

ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები მაიკ სტაიპის თქმით, მისთვის აპოკალიპტური სიზმრები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და R.E.M.-ის ეს გამორჩეულად პოპულარული კომპოზიციაც სწორედ ამ გამოცდილებათაა შთაგონებული. განსაკუთრებით საინტერესოა სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონი: Mountains sit in a line, Leonard Bernstein, Leonid Brezhnev, Lenny Bruce and Lester Bangs. სტაიპის იხსენებს, რომ სიზმარში გამოჩენილი კრიტიკოსის, ლესტერ ბენგსის დაბადების დღის წვეულებაზე იყო, სტუმრებს შორის კი რატომღაც ამავე ინიციალების მქონე რამდენიმე ცნობილი პიროვნება, კომპოზიტორი ლეონარდ ბერნსტაინი, კომიკოსი ლენი ბრიუსი და საბჭოთა კავშირის ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი იმყოფებოდა.

2. David Bowie - Five Years

საკულტო არტისტის, დევიდ ბოუის კონცეპტუალური ალბომის The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars ნარატივი ბისექსუალი უცხოპლანეტელი როკ ვარსკვლავის, ზიგი სთარდასთის გარშემოა აგებული, რომელმაც დედამიწა მოახლოებული აპოკალიფსისგან უნდა იხსნას. ჩანაწერში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის Five Years ტექსტში არმაგედონი ხუთი წლის შემდეგაა დაანონსებული. ბრიტანელი მუსიკოსის თქმით, დროის ეს მონაკვეთი საკმაოდ უცნაური მიზეზით შეარჩია. მას გარდაცვლილი მამა დაესიზმრა, რომელმაც აუწყა, რომ სიკვდილამდე მხოლოდ ხუთი წელი დარჩენოდა, თანაც გააფრთხილა, თვითმფრინავით აღარასდროს ემგზავრა.

1. Queen - The Prophet's Song

The Prophet's Song ეპოქალური კოლექტივის, Queen-ის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო და დაუფასებელი ნამუშევარია. ბრიტანული ჯგუფის გიტარისტს, ბრაიან მეის ამ რვაწუთიანი, ეპიკური, პროგრესივ როკის სტილში გადაწყვეტილი სიმღერის დაწერის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც სიზმარში მოახლოებული წარღვნის აპოკალიპტური სცენები იხილა. სწორედ ამიტომ ვხვდებით სიმღერის ტექსტში ბიბლიის პირველი კანონიკური წიგნიდან "დაბადება" ნასესხებ არაერთ მინიშნებასა თუ სიმბოლოს. ჩანაწერმა ბენდის სხვა ჰიტების მსგავსი პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა კრიტიკოსებისა და ვეტერანი მსმენელების მიერ აღიარება არასდროს აკლდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული