Thumbnail

U2-ს ყველაზე ცნობილი სიმღერა One 1991 წელს გამოვიდა. თავის რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომზე Achtung Baby, რომელშიც ეს კომპოზიციაა შესული, მუსიკოსები გერმანიაში მუშაობდნენ. ბონო და მისი მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გაყოფილი ქვეყნის გაერთიანების პროცესი, რომელიც იმ დროს მიმდინარეობდა, მათთვის შთაგონების წყარო გახდებოდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ბერლინში ჩასულ მუსიკოსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. უთანხმოება მომავალი ალბომის ჟღერადობის გამო დაიწყო. ადამ კლეიტონისა და ლარი მალენის აზრით, ახალ ნამუშევარში U2-ს ტრადიციული მუსიკალური ხელწერა უნდა შენარჩუნებულიყო. ბონო და ეჯი კი თვლიდნენ, რომ ცვლილებების დრო იყო მოსული და ჯგუფის სიმღერებში თანამედროვე საცეკვაო მუსიკისა და ინდასტრიალის ელემენტების შეტანა სურდათ. შემოქმედებითი კონფლიქტი იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ერთობლივი მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი ჩანდა. ირლანდიურ როკ-ჯგუფს დაშლის საფრთხე დაემუქრა.

რთული ვითარებიდან გამოსავალი სწორედ One გახდა. კომპოზიციის მელოდია და სტრუქტურა სულ რაღაც 15 წუთში შეიქმნა. „ჩვენ ერთნი ვართ, მაგრამ ერთმანეთს არ ვგავართ“- ეს ფრაზა სიმღერის ტექსტიდან ჯგუფის წევრების მხრიდან საყვარელი  საქმისადმი ახალ მიდგომას ასახავდა. კრიზისი დასრულდა.

One-ისთვის სამი სხვადასხვა ვიდეო დამზადდა. პირველი, ბერლინში გადაღებული კლიპი, რომელშიც მუსიკოსები ტრანსვესტიტების როლში გვევლინებიან, ცნობილ ჰოლანდიელ რეჟისორსა და ფოტოგრაფს ანტონ კორბეინს ეკუთვნის.

მეორის ავტორი ამერიკელი რეჟისორი მარკ პელინგტონია. მან ვიდეოში ყვავილების და ბიზონების გამოსახულებები გამოიყენა, რომლებსაც დროდადრო სხვადასხვა ენაზე დაწერილი სიტყვა “ერთი” ენაცვლებოდა.

მიღებულმა შედეგმა ჯგუფის წევრები ამჯერადაც არ დააკმაყოფილა. ისინი თვლიდნენ, რომ სიმღერისთვის გაცილებით უკეთესი ვიზუალი იყო საჭირო. სწორედ ამიტომ, რეჟისორმა ფილ ჯოანუმ მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში კლიპის რიგით მესამე ვერსია გადაიღო, მაგიდასთან ლუდის ჭიქითა და სიგარით მჯდომი ბონოთი და ბენდის კონცერტის კადრებით.

One-ის ქავერ-ვერსია არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა იმღერა. მათ შორის დემიენ რაისმა, ჯონი კეშმა და ჯო კოკერმა.

2005 წელს კი ირლანდიურმა როკ-ჯგუფმა საკუთარი სიმღერის ახალი ვერსია მერი ჯეი ბლაიჯთან ერთად ჩაწერა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული