Thumbnail

ბრიტნი სპირსი: ბოდიში, რომ თავს გაჩვენებდით, თითქოს კარგად ვიყავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი, რომელიც მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და მოსამართლეს მისთვის დანიშნული მეურვეების მოხსნა სთხოვა, რათა თავად შეძლოს საკუთარი ფინანსების, კარიერისა და პირადი ცხოვრების განკარგვა. მუსიკოსს უკვე 13 წელია, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, შეზღუდვების ფონზე უწევს ცხოვრება. როგორც სპირსმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, თავს უბედურად გრძნობს და დეპრესიაშია, რაც წინააღმდეგობაში მოდის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებთან, რომლითაც მუსიკოსი თაყვანისმცემლებს არწმუნებდა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდა. 39 წლის არტისტმა სხდომის შემდეგ ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა და ფანებს საკუთარ მდგომარეობაზე ტყუილის თქმის გამო ბოდიში მოუხადა.

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

"მინდა, პატარა საიდუმლო გაგიმხილოთ. მჯერა, რომ ყველა ადამიანს ზღაპრული ცხოვრება სურს და იმ პოსტების მიხედვით, რომლებსაც ვავრცელებდი, ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთი ლამაზი და მშვენიერი ჩანდა. ამისკენ ყველა ვისწრაფვით. ეს დედაჩემის საუკეთესო თვისება იყო - არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად ცუდი დღე ჰქონდა, მე და ჩემს და-ძმას ყოველთვის თავს გვაჩვენებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ არ მინდა, ხალხმა იფიქროს, თითქოს ჩემი ცხოვრება იდეალურია, რადგან ეს საერთოდ არ არის ასე. თუ ჩემზე ამ კვირაში რაიმე წაიკითხეთ პრესაში, ამაში უკვე დარწმუნდებოდით.

ბოდიშს ვიხდი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თავს გაჩვენებდით, თითქოს კარგად ვიყავი. ამას ჩემი სიამაყის და იმის გამო ვაკეთებდი, რომ მეუხერხულებოდა გაზიარება, თუ რა შემემთხვა. მაგრამ, სიმართლე ითქვას, ინსტაგრამზე ვის არ გამოაქვს საკუთარი ცხოვრება ნათელ ფერებში? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, თავის მოჩვენება, რომ კარგად ვიყავი, სინამდვილეში დამეხმარა, ამიტომ, გადავწყვიტე, დღეს ეს დავწერო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ. ვგრძნობ, რომ ინსტაგრამი დამეხმარა გამოსავლის პოვნაში. თქვენი დახმარებით თავს მნიშვნელოვან ადამიანად ვგრძნობდი იმის მიუხედავად, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი სინამდვილეში. ამან იმუშავა, ასე რომ, გადავწყვიტე, მეტი ზღაპრები ვიკითხო", - ასათაურებს ბრიტნი სურათს, რომელზეც ალბერტ აინშტაინის ციტატაა მოყვანილი - "თუ გინდათ, თქვენი შვილები გონიერები იყვნენ, უკითხეთ მათ ზღაპრები. თუ გინდათ, უფრო გონიერები იყვნენ, მეტი ზღაპრები უკითხეთ".

სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

რატომ შემცირდა ბრიტნი სპირსის ქონება 60 მილიონამდე

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული