Thumbnail

სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი ლოს ანჯელესის ოლქის უმაღლეს სასამართლოში მასა და მამამისს, ჯეიმი სპირსს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრა, 13 წლის განმავლობაში როგორ ეზღუდება პირადი ცხოვრების, ფინანსებისა და კარიერის განკარგვის შესაძლებლობა და მოსამართლეს სთხოვა, მეურვე, რომელიც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით დაენიშნა, მოეხსნას.

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

"ვცრუობდი, როცა ვამბობდი, რომ კარგად ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიფიქრე, ამას რომ ვიტყოდი, მართლა კარგად გავხდებოდი, რეალობას თვალს არ ვუსწორებდი, შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ტრავმირებული ვარ. ხომ იცით, ზოგჯერ თავს ატყუებ, მანამ მართლა მიაღწევ მიზანს. მაგრამ ახლა სიმართლეს ვიტყვი - უბედური ვარ. ვერ ვიძინებ, იმდენად გაბრაზებული ვარ, ეს ნამდვილი სიგიჟეა. დეპრესიაში ვარ, ყოველდღე ვტირი.

ნორმალური არ არის, როცა იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია. ვგრძნობ, რომ სრულფასოვნად ვერ ვცხოვრობ. მინდა, ამას წერტილი დავუსვა. ვწუხვარ ჩემი უცოდინრობის გამო, მაგრამ მართლა არ მქონდა ინფორმაცია, რომ მეურვეობის გასაჩივრება შემიძლია. მამაჩემი და ყველა, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ასევე ჩემი მენეჯერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს დასჯაში, ციხეში უნდა ისხდნენ. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია. მინდა, რომ საკუთარ ფინანსებს თავად განვკარგავდე. რომ ჩემს ბოიფრენდს შეეძლოს, თავისი მანქანით მატაროს, სიმართლე გითხრათ, მართლა მაქვს სურვილი, ჩემს ოჯახს ვუჩივლო", - მიმართა ბრიტნიმ მოსამართლეს სატელეფონო ჩართვისას.

ბრიტნიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ მესამე შვილის გაჩენაც სურს, მაგრამ მეურვეები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მუსიკოსს მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის არიან მისი ყოფილი შეყვარებული, მუსიკოსი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამერიკელი პოპვარსკვლავი, მერაია ქერი, მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი და სხვები. ტიმბერლეიკმა ტვიტების სერია გამოაქვეყნა:

"მას შემდეგ, რაც დღეს ვნახე, ყველა უნდა გავერთიანდეთ ბრიტნის მხარდასაჭერად. ის, რაც მის თავს ხდება, უბრალოდ, არასწორია. არცერთი ქალი არ უნდა შეიზღუდოს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში. არავინ უნდა გამოვამწყვდიოთ მისი ნების საწინააღმდეგოდ. არც ის არის ნორმალური, რომ ადამიანს ნებართვის მიღება სჭირდებოდეს იმის გამოსაყენებლად, რის მოსაპოვებლადაც მთელი ცხოვრება იშრომა. მე და ჩემი ცოლი, ჯესი ბრიტნის სიყვარულს და მხარდაჭერას ვუცხადებთ მთელ ამ პროცესში. იმედი გვაქვს, სასამართლო და მისი ოჯახი სწორად მოიქცევიან და საშუალებას მისცემენ, ისე იცხოვროს, როგორც მოისურვებს", - წერს ჯასტინი.

"გვიყვარხარ, ბრიტნი. გამაგრდი", - მიმართავს მომღერალს მერაია ქერი.

"მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ამ შეურაცხმყოფელი სისტემისგან ბრიტნი გათავისუფლდება. ამას ნამდვილად იმსახურებს. აღფრთოვანებული ვარ, როგორ დაიცვა საკუთარი ინტერესები დღეს. დავამატებ - ყველას დედაც, ვინც ფიქრობს, რომ ინდივიდს ან ინსტიტუციას იმის უფლება აქვს, ადამიანს რეპროდუქციული ჯანმრთელობა გაუკონტროლოს", - წერს ტვიტერზე ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი.

"ძალიან გვიყვარხარ, ბრიტნი", - მიმართავს სპირსს ამერიკელი მომღერალი, თინაშე.

"ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა ბრიტნი სპირსსა და მის ფანებს. თავისუფლება ბრიტნის", - დაწერა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბრენდი ნორვუდმა, სასცენო სახელით Brandy.

"თავისუფლება ბრიტნის", - წერს მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი.

"არავის არ უნდა ექცეოდნენ ასე. გამაგრდი, დედოფალო. ყველაფერ კარგს იმსახურებ", - მიმართავს სპირსს ტელევარსკვლავი ქლოი კარდაშიანი.

"ჩემმა გოგომ, როგორც იქნა, მეურვეობა გააპროტესტა მას შემდეგ, რაც მის დაშინებას ცდილობდნენ იმიჯის შელახვით, რათა გაეჩუმებინათ. რა სისასტიკეა, ასეთი რამ გაუკეთო ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება სცენას მიუძღვნა. ფულის სიყვარული ყველა ბოროტების სათავეა, მაგრამ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ბრიტნიმ დღეს სიმართლის თქმა შეძლო. ის ძალიან ძლიერი და მამაცია. მისი გატეხვა ვერ მოახერხეს, დღევანდელი დღე ამას მოწმობს", - წერს ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, კიკი პალმერი ინსტაგრამზე.

სასამართლოს სხდომის გამართვამდე ბრიტნის შეყვარებულმა, 27 წლის ფიტნეს ინსტრუქტორმა სემ ასგარიმ ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მაისური აცვია წარწერით "თავისუფლება ბრიტნის".

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსს ჰკითხეს, ოდესმე თუ აპირებს სცენაზე დაბრუნებას

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული