Thumbnail

მეცნიერებმა ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც Led Zeppelin დაარქვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მეცნიერებმა დევიდ ბრიტო ზაპატამ და კაროლინა რეიეს პუჩიმ ეკვადორისა და პერუს საზღვარზე, ანდების მთებში ხმელეთის ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Led Zeppelin-ის პატივსაცემად Pristimantis Ledzeppelin (Led Zeppelin’s Rain Frog) უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალში Neotropical Biodiversity გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა ერთი სახეობის სამი ბაყაყი იპოვეს, რომელთაც წითელი თვალები აქვთ, კანი კი ყვითლად, ყავისფრად, შავად და ნარინჯისფრად აქვთ შეფერილი. ზრდასრული მამრი ბაყაყის სიგრძე 2,4 სანტიმეტრია, მდედრის კი 3,6 სანტიმეტრი. ისინი იკვებებიან ხოჭოებით, ჭიანჭველებით, ლოკოკინებითა და ლოქორებით.

სიმღერა, რომელიც Led Zeppelin-ის წევრებმა ერთად პირველად დაუკრეს

"ბაყაყების ამ სახეობას სახელი "ლედ ზეპელინისა" და მათი ექსტრაორდინარული მუსიკის პატივსაცემად დავარქვით. ჯგუფი, რომელიც ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა, 1970-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კოლექტივია, წინაპარი ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის", - წერენ მკვლევრები.

მეცნიერების განცხადებით, ბაყაყის სახეობა ყველაზე მეტად ამფიბიას Pristimantis muscosus წააგავს, რომელიც ჩრდილოეთ პერუში ბინადრობს. თუმცა, მათ განსხვავებული ცხვირი, კანის ფერი და სხვა მახასიათებლები აქვთ.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ბაყაყების ეს სახეობა შესაძლოა, გადაშენების წინაშე დადგეს მიწათმოქმედების, სამთო მრეწველობის, ხის ჭრის, დაავადებების, წიაღისეულის მოპოვებისა და კლიმატის ცვლილების გამო.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული