Thumbnail

ბრიტნი სპირსი მოსამართლეს: ყოველდღე ვტირი, შვილის გაჩენის უფლებასაც არ მაძლევენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის ოლქის უმაღლეს სასამართლოში ამერიკელ პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსსა და მამის, ჯეიმი სპირსს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრიტნი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით, უკვე მეცამეტე წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული. აქედან 11 წლის განმავლობაში მისი მეურვის ფუნქციას სწორედ ჯეიმი ითავსებს. როგორც 39 წლის მუსიკოსმა მოსამართლეს მიმართა, მას სურს, მეურვე საერთოდ მოეხსნას, რადგანაც სასამართლოს მიერ დანიშნული პირები მთელი ამ წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდნენ ამ უფლებამოსილებას.

ბრიტნი სპირსს ჰკითხეს, ოდესმე თუ აპირებს სცენაზე დაბრუნებას

როგორც გამოცემა Variety წერს, 39 წლის არტისტი სასამართლო მოსმენაზე ტელეფონით ჩაერთო და 24 წუთის განმავლობაში საუბრობდა.

"ვცრუობდი, როცა ვამბობდი, რომ კარგად ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიფიქრე, ამას რომ ვიტყოდი, მართლა კარგად გავხდებოდი, რეალობას თვალს არ ვუსწორებდი, შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ტრავმირებული ვარ. ხომ იცით, ზოგჯერ თავს ატყუებ, მანამ მართლა მიაღწევ მიზანს. მაგრამ ახლა სიმართლეს ვიტყვი - უბედური ვარ. ვერ ვიძინებ, იმდენად გაბრაზებული ვარ, ეს ნამდვილი სიგიჟეა. დეპრესიაში ვარ, ყოველდღე ვტირი", - ამბობს სპირსი.

არტისტის თქმით, მისი სურვილია, საკუთარ ოჯახს უჩივლოს, როგორც ბრიტნი აღნიშნავს, მამამისი, მეურვეობის პროცესში ჩართული სხვა პირები და მისი მენეჯერები, რომლებიც ჯეიმის მხარს უბამდნენ, ციხეში უნდა ისხდნენ.

"ნორმალური არ არის, რომ იმის გაკეთებას მაიძულებენ, რაც არ მინდა. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მეურვეობა არაჰუმანური და დამამცირებელია. ვგრძნობ, რომ სრულფასოვნად ვერ ვცხოვრობ. მინდა, ამას წერტილი დავუსვა. ვწუხვარ ჩემი უცოდინრობის გამო, მაგრამ მართლა არ მქონდა ინფორმაცია, რომ მეურვეობის გასაჩივრება შემიძლია. მამაჩემი და ყველა, ვინც ამ მეურვეობის პროცესში იყო ჩართული, ასევე ჩემი მენეჯერები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს დასჯაში, ციხეში უნდა ისხდნენ. მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. უკვე 13 წელი გავიდა და საკმარისია. მინდა, რომ საკუთარ ფინანსებს თავად განვკარგავდე. რომ ჩემს ბოიფრენდს შეეძლოს, თავისი მანქანით მატაროს, სიმართლე გითხრათ, მართლა მაქვს სურვილი, ჩემს ოჯახს ვუჩივლო", - მიმართა ბრიტნიმ მოსამართლეს.

სპირსისვე თქმით, ისინი აკონტროლებენ როგორც მის კარიერას, ასევე, პირად ცხოვრებასაც.

"საშვილოსნოდან სპირალის ამოღება მინდოდა, რომ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა მეცადა, მაგრამ ამ პროცედურის ჩასატარებლად ექიმთან წასვლის უფლებას არ მაძლევენ, რადგან მათ არ უნდათ, კიდევ შემეძინოს შვილები. ასე რომ, ამ მეურვეობას ჩემთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი", - ამბობს ის.

მუსიკოსმა ასევე დაწვრილებით გაიხსენა, როგორ მოათავსეს 2019 წელს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მისი თქმით, ყველაფერი 2018 წელს, ლას ვეგასში დაგეგმილი შოუს მზადებისას დაიწყო. როგორც ბრიტნი იხსენებს, მისმა მენეჯერებმა იცრუეს, თითქოს ის რეპეტიციებში მონაწილეობას არ იღებდა და მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებდა - "შედეგად, სპირსის თქმით, მისმა თერაპევტმა ჩვეული წამლების ნაცვლად, ისეთი პრეპარატი დაუნიშნა, რომლის მიღების შემდეგაც, გაბრუებული იყო", - ციტირებს გამოცემა NME მომღერლის სიტყვებს და იხსენებს, რომ მამამაც მოატყუა, რომ ბევერლი ჰილზში, პატარა სახლში უნდა გაეარა რეაბილიტაციის პროგრამა.

"ტელეფონში ერთი საათის განმავლობაში ვტიროდი, რაც სიამოვნებას ანიჭებდა. უნდოდა, კონტროლი ჰქონოდა ისეთ გავლენიან ადამიანზე, როგორიც მე ვიყავი - მოსწონდა, რომ სადავეები ჰქონდა ხელთ და ამით თავის ქალიშვილს ვნებდა. მაიძულებდნენ, კვირაში შვიდი დღე მემუშავა, დასვენების დღეების გარეშე. რეაბილიტაციის დროს პირადი სივრცე არ გამაჩნდა, ჩემს განრიგში რაიმე ცვლილების შეტანის უფლებასაც არ მაძლევდნენ. ყველაფერი ჩამომართვეს - საკრედიტო ბარათი, ტელეფონი და პასპორტი", - აღნიშნავს მომღერალი.

როგორც გამოცემა The Hollywood Reporter იუწყება, თავად სპირსის სურვილი იყო, რომ სასამართლო სხდომა ღია ყოფილიყო საზოგადოებისთვის.

"მათ საკმაოდ კარგად გამოიყენეს ჩემი ცხოვრება. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს საჯარო სხდომა უნდა იყოს, რათა ჩემი სათქმელი საზოგადოებამ მოისმინოს", - აღნიშნა მუსიკოსმა.

მას შემდეგ, რაც ბრიტნიმ საუბარი დაასრულა, პროცესზე შესვენება გამოცხადდა, სხდომის განახლების შემდეგ კი ჯეიმი სპირსმა განაცხადა:

"სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ბრიტნი იტანჯება და ასეთ ტკივილს განიცდის. ძალიან მენატრება ჩემი გოგონა".

ხოლო მოსამართლის, ბრენდა პენის თქმით, ბრიტნი სპირსს სასამართლოსთვის ოფიციალურად მიმართვა მოუწევს, რათა მეურვეობის პროცესის დასრულებაზე, ანაც, სხვა არსებითი ცვლილებების განხორციელებაზე დაიწყოს მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ, სასამართლო მოსმენის პარალელურად, ლოს ანჯელესში ბრიტნი სპირსის მხარდამჭერი კამპანიის Free Britney (თავისუფლება ბრიტნის) მონაწილეები იყვნენ შეკრებილი.

ფოტოს ავტორი: Rich Fury/Getty Images

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსი: მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ნერვიულობთ

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული