Thumbnail

ბილი აილიში ხსნის, რატომ სძულდა სადებიუტო ალბომზე მუშაობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში წარმატებულ სადებიუტო ალბომზე When We All Fall Asleep, Where Do We Go? საუბრისას განაცხადა, რომ მასზე მუშაობის თითოეული წამი სძულდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ლეიბლი აჩქარებდა და ვადებს უწესებდა. ამასთან, ნამუშევართან დაკავშირებით ჰქონდა ხშირი შეხვედრები და განიცდიდა წნეხს, რადგან მასზე, როგორც ამომავალ ვარსკვლავზე, დიდ იმედებს ამყარებდნენ.

ბილი აილიში: Vogue-ის ფოტოებზე ზოგიერთი შეფასება ჩემთვის მიუღებელია

ბილი აილიში ბოდიშს იხდის

ბილი აილიში: ხალხმა ჩემ შესახებ არაფერი იცის

"ალბომზე მუშაობის თითოეული წამი მძულდა. მეზიზღებოდა სიმღერების შექმნა და ჩაწერის პროცესი. მერჩია, ნებისმიერი სხვა რამ გამეკეთებინა. მახსოვს, იმ დროს ვფიქრობდი კიდეც, რომ მეტ ალბომს აღარასდროს გამოვუშვებდი. მეგონა, რომ ამის შანსი არ იყო", - ამბობს ბილი.

ინტერვიუში ბილიმ თავისი მომავალ, რიგით მეორე ალბომზე Happier Than Ever მუშაობის პროცესზეც ისაუბრა.

"მეორე ალბომზე მუშაობის დროს არანაირი წნეხი არ მქონია, არც ლეიბლი მაჩქარებდა და ვადებს არ მიწესებდა. ვიყავით მხოლოდ მე და ფინიასი და ვწერდით ჩვენთვის, მშვიდად და წყნარად", - თქვა ბილიმ.

სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ბილი აილიშმა 2019 წელს გამოუშვა. ჩანაწერზე მან ძმასთან, ფინიასთან ერთად იმუშავა. მომღერლის თქმით, ნამუშევარში შესული რამდენიმე კომპოზიციის შთაგონების წყარო ძილის პარალიზი, ღამის კოშმარები და გააზრებული სიზმრები გახდა. ალბომმა გამოსვლისთანავე, როგორც კომერციული წარმატება, აგრეთვე მსმენელებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა სამ ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოგებაც მოახერხა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული