Thumbnail

მუსიკის ისტორიას უამრავი დაუჯერებელი, გამაოგნებელი თუ უჩვეულო დამთხვევებით სავსე ისტორია ახსოვს, თუმცა ზოგიერთი არტისტის სიკვდილის მიზეზად ქცეული გარემოებები თავისი უცნაურობით სხვა ყველაფერს აფერმკრთალებს.

ჩვენს სტატიაში სწორედ ექვსი ასეთი შემთხვევის შესახებ მოგითხრობთ.

6. კლოდ ფრანსუა

კლოდ ფრანსუა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგი მუსიკოსია. 1939 წელს დაბადებულმა შემსრულებელმა 70 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და სამშობლოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, საზღვარგარეთ კი ფრანსუას ძირითადად სიმღერის Comme d'habitude (ფრენკ სინატრას ჰიტის My Way ორიგინალი ვერსიის) ავტორის სახელით იცნობენ.

სამწუხაროდ, კლოდ ფრანსუას სიცოცხლე ძალზე ნაადრევად დასრულდა. 1978 წლის 11 მარტს მუსიკოსმა პარიზში, საკუთარ ბინაში ბანაობისას შენიშნა, რომ კედელზე სანათი არასწორად ეკიდა, სველი ხელებით მისი გასწორება სცადა და შედეგად, დენის დარტყმით გარდაიცვალა. იმ დროისთვის არტისტი მხოლოდ 39 წლის გახლდათ.

5. მაიკ ედვარდსი

მაიკ ედვარდსი 1972 წელს უაღრესად წარმატებულ მუსიკალურ კოლექტივს Electric Light Orchestra შეუერთდა, თუმცა ინგლისელი ჩელისტი მალევე მიხვდა, რომ როკზე მეტად კლასიკური მუსიკა იზიდავდა და 1975 წელს ჯგუფის შემადგენლობა დატოვა, რის შემდეგაც მოღვაწეობას ნაკლებად ცნობილ პროექტებში განაგრძობდა.

ედვარდის სიცოცხლეს 2010 წლის 3 სექტემბერს, ძალზე უცნაურ ვითარებაში დაესვა წერტილი. გზატკეცილზე მგზავრობისას მის ავტომანქანას ფერდობიდან ჩამოგორებული, ნახევარტონიანი თივის ზვინი დაეცა და არტისტი ადგილზევე იმსხვერპლა.

4. სტივ ტუკი

სტივ ტუკი ლეგენდარული გლემ როკ ჯგუფის, T. Rex-ის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, თუმცა მალევე, თავისი მეგობრისა და კოლეგის, ეპოქალური კოლექტივის Pink Floyd ფრონტმენის, სიდ ბარეტის გავლენით, ნარკოტიკებს მიეძალა, რაც 1969 წელს მისი ბენდიდან გაგდების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.

1980 წლის 27 ოქტომბერს არტისტმა მორფინის დიდი დოზა მიიღო, თუმცა ფატალური შედეგი მის ორგანიზმზე ამ ნივთიერების ზემოქმედებას არ მოჰყოლია. არაფხიზელ მუსიკოსს კოქტეილის წრუპვისას მასში ჩაგდებული ალუბალი გადასცდა, რამაც ასფიქსია გამოიწვია და სტივი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

3. ტეილორ მიტჩელი

ქანთრის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი, ტეილორ მიტჩელი 1990 წელს ქალაქ ტორონტოში დაიბადა. 2009 წელს მის მიერ დამოუკიდებლად გამოცემულ სადებიუტო და ერთადერთ ალბომს For Your Consideration პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა, არტისტი კი Canadian Folk Music Awards-ზე წლის საუკეთესო ახალბედა შემსრულებლის ნომინაციაზე წარადგინეს.

სამწუხაროდ, იმავე წლის 27 ოქტომბერს ტეილორი კეიპ ბრეტონის ნაციონალურ პარკში სეირნობისას კოიოტებმა დაგლიჯეს. 19 წლის მუსიკოსი ინციდენტით გამოწვეულმა ძლიერმა სისხლდენამ იმსხვერპლა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, კანადის ისტორიაში ეს ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ზრდასრულ ადამიანზე კოიოტების თავდასხმა სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

2. ჯონი ეისი

ჯონი ეისის ფსევდონიმით ცნობილმა არენბი შემსრულებელმა, ჯონ მარშალმა 1950-იან წლებში საგრძნობი პოპულარობა მოიპოვა. ამერიკელი არტისტის ჩანაწერები ერთიმეორის მიყოლებით ჰიტდებოდა და მას წარმატებულ კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ჯონის მუსიკასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღი და სასმელიც იტაცებდა, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ერთობ სახიფათო კომბინაციაა.

1954 წლის შობა დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მუსიკოსმა თავში ტყვია დაიხალა. ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევა რუსული რულეტის თამაშის დროს მოხდა, თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, 25 წლის ასაკში გარდაცვლილი არტისტი უბრალოდ ხელში იარაღს ათამაშებდა და საფეთქელთან მიდებული რევოლვერზე სასხლეტის გამოკვრით სურდა შეშფოთებული თანამეინახეებისთვის დაემტკიცებინა, რომ ის დატენილი არ იყო.

1. სონი ბონო

1935 წელს დაბადებულმა კომპოზიტორმა, მომღერალმა, მსახიობმა და პროდიუსერმა, სალვატორე "სონი" ბონომ პოპულარობა თავის ცოლთან, შერთან ერთად ჩამოყალიბებულ დუეტში Sonny & Cher მოღვაწეობით მოიპოვა. 1980-იან წლებში კი ამერიკელი მუსიკოსი პოლიტიკით დაინტერესდა, რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა და კონგრესმენიც გახდა.

1998 წლის 5 იანვარს სონი კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ კურორტზე მთიდან თხილამურებით ეშვებოდა, როდესაც შემთხვევით ხეს შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. მისი იმჟამინდელი ცოლი ტრაგიკულ ინციდენტს ქმრის მიერ ტრანკვილიზატორების ჭარბ მოხმარებას აბრალებდა, თუმცა გაკვეთამ მის ორგანიზმში საეჭვო ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული