Thumbnail

15-წლიანი პაუზის შემდეგ დაიანა როსი ახალ ალბომს Thank You გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

15-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, დაიანა როსმა ახალი, რიგით 25-ე ალბომი Thank You დააანონსა. ნამუშევარზე მან 2020 წელს, კარანტინის პერიოდში, მულტიინსტრუმენტალისტ ჯეკ ანტონოვთან, სონგრაითერ ჯიმი ნაფსთან, მომღერალ ტეილორ პარკსთან და პროდიუსერ სპაიკ სტენტთან ერთად სახლში მოწყობილ სტუდიაში იმუშავა. ჩანაწერი, რომელშიც სულ 13 სიმღერა შევა, გაყიდვაში 10 სექტემბერს ჩაეშვება.

"ახალი სიმღერების კრებულს დიდი სიყვარულით გჩუქნით. მადლიერი ვარ, რომ ამ რთულ პერიოდში ასეთი არაჩვეულებრივი კომპოზიციების ჩაწერის საშუალება მომეცა", - წერს 77 წლის დაიანა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

დაიანამ ალბომისვე სახელწოდების მქონე სიმღერაც გაავრცელა, რომელიც ჩანაწერის პირველი სინგლი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი I Love You დაიანამ 2006 წელს გამოუშვა.

დაიანა როსმა მუსიკალური კარიერა 1959 წელს ლეგენდარულ ჯგუფ The Supremes-ში მოღვაწეობით დაიწყო. სადებიუტო სოლო ალბომი კი მან 1970 წელს გამოსცა. 1993-ში დაიანა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი არტისტი. 1988 წელს კი ის The Supremes-თან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული