Thumbnail

ჯონ ლენონის ალბომი, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე დეპრესიული იყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოს ჯონ ლენონს ჯგუფ The Beatles-ში მოღვაწეობის დროსაც ბენდისთვის არაერთი დეპრესიული შინაარსის სიმღერა აქვს დაწერილი, მაგალითად, კომპოზიციები I'm So Tired და Help!. ლენონს რთული პერიოდი ჰქონდა მაშინაც, როდესაც იოკო ონოს დროებით დაშორდა და თავის მდივანთან, მეი პენგთან გააბა რომანი. 1974 წელს გამოცემულ ალბომში Walls and Bridges შესულ არაერთ კომპოზიციაში ნათლად ჩანს, რომ ჯონს იოკო ძალიან ენატრებოდა.

ჯონ ლენონის მეგობარი იხსენებს, რატომ აფრთხობდა ხალხს მუსიკოსი

ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სახლის კადრები სიმღერის Isolation ახალ კლიპში

უნდოდა თუ არა იოკო ონოს, რომ ჯონ ლენონი The Beatles-დან წამოსულიყო

1980 წელს ჟურნალისტ დევიდ შეფთან ინტერვიუში ლენონმა თავისი შემოქმედებიდან ყველაზე დეპრესიული ალბომი დაასახელა.

"იოკოსთან დაშორების შემდეგ ჩემი მენტალური მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე მისი. თუ მოუსმენთ ჩემს სოლო ალბომს Walls and Bridges მიხვდებით, რომ ჩანაწერში მღერის ადამიანი, რომელიც თავს ცუდად გრძნობს. ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებიდან ყველაზე დეპრესიულია, განსაკუთრებით სიმღერები What You Got და Scared", - ამბობდა ლენონი.

Walls and Bridges ჯონ ლენონმა 1974 წელს გამოუშვა. ჩანაწერში შესული 12-ვე კომპოზიცია ლენონმა იმ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩაწერა, როდესაც იოკო ონოსთან დროებით იყო დაშორებული. ნამუშევარმა ამერიკულ ჩარტებში წამყვანი პოზიციის დაკავება მოახერხა, დიდ ბრიტანეთში კი ვერცხლის სტატუსი დაიმსახურა.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული