Thumbnail

ნახეთ: BTS-ის წევრების ფეშენებელური სახლები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, რომ პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრებს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპლექსში Hannam The Hill საერთო საცხოვრებელი ეკუთვნით, სადაც იმ შემთხვევაში იკრიბებიან, როდესაც საერთო გადაღებები აქვთ დაგეგმილი. მაგალითად, ამ შენობაში იმუშავეს კომპოზიციის Life Goes On კლიპზე, გასართობი შოუს Run BTS ეპიზოდებზე, ასევე, სახალისო ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რა რეაქცია ჰქონდათ ბიჭებს 2021 წლის გრემის ნომინაციების გამოცხადებისას კოლექტივის სახელის გაგონებაზე.

ამას გარდა, "ბითიესის" წევრები ცალკე სახლებსაც ფლობენ, სადაც, სავარაუდოდ, თავისუფალ დროს ატარებენ. კოლექტივის წევრმა, ჯინმა Hannam The Hill-ში, "ბითიესის" საერთო საცხოვრებლის მახლობლად, $3.4-მილიონიანი ნაგებობა შეიძინა. ცოტა ხნის წინ კორეულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, არემმა და ჯიმინმა "კორეის ბევერლი ჰილზად" წოდებულ საცხოვრებელ კომპლექსში Nine One Hannam აპარტემენტები იყიდეს 5,7 და 5,3 მილიონ დოლარად. არსებული ცნობებით, ორივე მათგანმა თანხა ნაღდი ფულით გადაიხადა.

ერთმანეთის მეზობლად იყიდეს სახლები ჯონგუქმა და ჯეი-ჰოუპმაც. ვარსკვლავების ქალაქის სახელით ცნობილ დასახლებაში Seoul Forest Trimage ამ უკანასკნელმა პირველი სახლი 2016 წელს შეიძინა, შემდეგ კი მეორეც მიამატა. კორეული გამოცემების ცნობით, ზუსტად იმავე სართულზე იყიდა აპარტამენტი ჯონგუქმაც. 2020 წელს მანვე 7 მილიონ დოლარად ორსართულიანი სახლი შეიძინა სეულის დასახლებაში Itaewon.

შუგა სეულში, Hannam-Dong-ის დასახლებაში ფლობს სახლს, რომელიც 2018 წელს 3 მილიონ დოლარად იყიდა.

კოლექტივის კიდევ ერთმა წევრმა, ვიმ კი საცხოვრებლად Gangnam-ის რაიონი აირჩია, რომელშიც, გამოცემის Lifestyle Asia ცნობით, 2019 წელს 4,5 მილიონი გადაიხადა.

როგორც წესი, ბითიესის ლეიბლი HYBE კოლექტივის წევრების საცხოვრებლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. მედიაში არც მათი სახლების ინტერიერის ამსახველი სურათები ქვეყნდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წევრები თავად აზიარებენ იქ გადაღებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.

ნახეთ: BTS-მა სტივენ კოლბერის შოუში სინგლი Butter შეასრულა

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული