Thumbnail

ერთნაირი სახელისა და გვარის მქონე მუსიკოსები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მუსიკის ინდუსტრიაში მსგავსი სახელისა და გვარის მქონე არაერთი შემსრულებელი მოღვაწეობს, რაც ხშირად გაუგებრობებისა თუ კომიკური სიტუაციების წინაპირობა ხდება. თუნდაც ის შემთხვევა რად ღირს, როდესაც ამერიკელმა არტისტმა, რაიან ადამსმა კონცერტიდან მსმენელი იმ მიზეზით გააგდო, რომ ამ უკანასკნელმა Summer of '69-ის (რაიანის სახელოვანი კანადელი კოლეგის, ბრაიან ადამსის ჰიტი) დაკვრა სთხოვა. თუმცა, მოიძებნებიან ისეთი მუსიკოსებიც, რომელთა სახელი და გვარი სრულიად იდენტურია. 

ჩვენს სტატიაში ასეთი შემსრულებლების ხუთ წყვილს წარმოგიდგენთ.

5. ბრაიან მეი

ცნობილმა მუსიკოსმა, გამომგონებელმა და ასტროფიზიკოსმა, ბრაიან მეიმ სახელი ლეგენდარული კოლექტივის, Queen-ის შემადგენლობაში მოღვაწეობით გაითქვა. ინგლისელი არტისტი, რომელიც 2005 წელს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ბრიტანული იმპერიის ორდენით პირადად დააჯილდოვა, როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად სავსებით სამართლიანად მიიჩნევა.

ბრაიან მეის ავსტრალიელი სეხნია საკმაოდ წარმატებული კომპოზიტორი, დირიჟორი და უამრავი საუნდტრეკ ალბომის ავტორი გახლდათ. 1997 წელს გარდაცვლილი ხელოვანის შემოქმედებიდან განსაკუთრებული პოპულარობით საკულტო პოსტაპოკალიპტური ფილმების სერიის "შეშლილი მაქსი" პირველი ორი ნაწილისთვის შექმნილი მუსიკალური გაფორმება სარგებლობს.

4. ჯეკ უაითი

ჯეკ უაითმა (დაბადების სახელი: ჯეკ გილისი) პოპულარობა 1997 წელს დაარსებული როკ დუეტის The White Stripes შემადგენლობაში მოიპოვა. მოგვიანებით, ამერიკელმა არტისტმა კიდევ ორი წარმატებული ჯგუფი The Raconteurs და The Dead Weather ჩამოაყალიბა, ლეიბლს Third Man Records ჩაუდგა სათავეში და არაერთ გამოჩენილ კოლეგასთან ითანამშრომლა. უაითმა დღემდე გრემის 12 ჯილდო დაიმსახურა და ათეულ მილიონობით ჩანაწერი გაყიდა.

ხორსტ ნუსბაუმმა ძალები თავდაპირველად ფეხბურთში მოსინჯა. თუმცა, პროფესიონალური კარიერა ექვს წელიწადში, "პსვ ეინდჰოვენის" შემადგენლობაში დაასრულა. სპორტიდან მუსიკალურ ინდუსტრიაში გადაბარგებულ ხორსტს ურთიერთობა ძირითადად ინგლისურად მოსაუბრე არტისტებთან უწევდა, რის გამოც გერმანელმა კომპოზიტორმა, შემსრულებელმა და პროდიუსერმა სახელი ჯეკ უაითად ოფიციალურად გადაიკეთა.

3. ჯეიმს ბრაუნი

ჯეიმს ბრაუნი პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტისტია. სოულის ნათლიმამად წოდებული ლეგენდარული მუსიკოსი ფანკის პიონერი, არაერთი ინოვაციის ავტორი და ყველა დროის ყველაზე ხშირად გადასემპლილი შემსრულებელი გახლავთ. ცალკე აღნიშვნას ის უდიდესი გავლენა იმსახურებს, რომელიც ბრაუნის მემკვიდრეობამ ჰიპ ჰოპისა და არენბის ევოლუციაზე მოახდინა.

1984 წელს დაბადებული ჯეიმს ბრაუნის მიღწევათა სია მისი ლეგენდარული კოლეგის ფონზე არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა, ინგლისელმა გიტარისტმა კოლექტივის Pulled Apart by Horses შემადგენლობაში მოღვაწეობით საგრძნობ წარმატებას მიაღწია. 2008 წელს ჩამოყალიბებული ინდი როკ ჯგუფის შემოქმედება ჟანრის მოყვარულთა წრეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2. როჯერ ტეილორი

ჩვენს სტატიაში კვლავაც Queen-ის წევრის ჯერი დადგა. ინგლისელმა დრამერმა, როჯერ ტეილორმა როკ მუსიკის ისტორიაში თავისი კვალი როგორც ამ ეპოქალური კოლექტივის შემადგენლობაში მოღვაწეობით, ასევე უამრავ პოპულარულ არტისტთან, მათ შორის ერიკ კლეპტონთან, ელტონ ჯონთან, რობერტ პლანტთან, ფილ კოლინსთან, როჯერ უოტერსთან, სტივ ვაისთან და სხვებთან თანამშრომლობით დატოვა.

1960 წელს დაბადებული მუსიკოსი, როჯერ ტეილორი თავისი ზემოხსენებული კოლეგის მსგავსად თავადაც ინგლისელი გახლავთ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. ის არც წარმატების ნაკლებობას უჩივის. ბრიტანელი დრამერი 1978 წლიდან ნიუ ვეივ კოლექტივის, Duran Duran-ის შემადგენლობაში მოღვაწეობს, რომელმაც დღემდე 100 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს.

1. დევიდ გილმორი

1965 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა Pink Floyd დღემდე 250 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და ათობით პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად საკულტო სტატუსიც მოიპოვა. ბრიტანული ბენდის მიერ მოპოვებულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი დევიდ გილმორმა შეიტანა, რომელიც სამართლიანადაა აღიარებული ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს, განუმეორებელი საშემსრულებლო მანერის მქონე გიტარისტად.

თავისი ლეგენდარული კოლეგის მსგავსად, ამერიკელი დევიდ გილმორიც გიტარისტი გახლავთ, თუმცა 1964 წელს დაბადებული ჯაზ შემსრულებელი ბრიტანელ სეხნიას პოპულარობის მხრივ გაცილებით ჩამოუვარდება. მუსიკოსმა სხვადასხვა დროს აიზეკ ჰეისის, უინტონ მარსალისის, სინდი ლოპერის, ელის კოლტრეინისა და სხვა გამოჩენილი არტისტების ჩანაწერთა შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული