Thumbnail

ჯეი ზი ფოტოგრაფს საკუთარი სურათების უნებართვოდ გაყიდვისთვის უჩივის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი მუსიკოსი და ბიზნესმენი, შონ კარტერი, ფსევდონიმით Jay-Z, ამერიკელ ფოტოგრაფს, ჯონათან მენიონს სასამართლოში უჩივის. რეპერი მას თავისი ფოტოების ნებართვის გარეშე რეალიზაციაში ადანაშაულებს. გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ჯონათან მენიონი და მისი კომპანია Jonathan Mannion Photography LLC თავიანთ ვებგვერდზე მის სახელს უკანონოდ იყენებენ და 1996 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომის Reasonable Doubt პრომოუშენის ფარგლებში გადაღებულ სურათებს, მათ შორის თავად ნამუშევრის გარეკანს ათასობით დოლარად ყიდიან.

ჯეი ზიმ განმარტა, რატომ ისწავლა ცურვა ბლუ აივის დაბადების შემდეგ

ალბომის Reasonable Doubt გარეკანი, რომლის ავტორიც ჯონათან მენიონი გახლავთ

როდესაც ჯეი ზიმ ფოტოგრაფს სთხოვა, შეეწყვიტა მისი ფოტოების ნებართვის გარეშე გაყიდვა, ჯონათანმა რამდენიმე ათეული მილიონის გადახდა მოსთხოვა.

"ირონიულია, როდესაც ფოტოგრაფი იმ პერიოდში ჯერ კიდევ უცნობი და ახლა წარმატებული შავკანიანი თინეიჯერის ბიჭის ფოტოებს მისი ნებართვის გარეშე ყიდის და ამით დიდ ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ეს დღესვე უნდა შეწყდეს", - წერს ჯეი ზის ადვოკატი საჩივარში.

ჯონათან მენიონი ჰიპ ჰოპ სამყაროში ცნობილი ფოტოგრაფია, მას ისეთი საკულტო არტისტებისთვის აქვს გადაღებული კადრები, როგორებიც არიან: Dr. Dre, Aaliyah, Outkast, Nas, Kendrick Lamar და სხვები. ჯეი ზის ბრალდებებს მენიონის წარმომადგენელი გამოეხმაურა.

"ჯონათანმა წლების განმავლობაში შონ კარტერის არაერთი საკულტო ფოტო გადაიღო და ამაყობს, რომ ეს სურათები დიდწილად დაეხმარა მუსიკოსს იმაში, რომ გამხდარიყო ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის. ის ბატონ კარტერს უდიდეს პატივს სცემს და ანალოგიურად მოითხოვს მისგან, რომ აღიაროს ავტორის უფლებები, მით უმეტეს იმ პიროვნების, რომელმაც მისი პოპულარობა დიდწილად განსაზღვრა", - ამბობს ფოტოგრაფის წარმომადგენელი.

23 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული