Thumbnail

რატომ გამართა The Beatles-მა უკანასკნელი კონცერტი სახურავზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Beatles გასტროლები 1966 წელს შეწყვიტა და მხოლოდ სტუდიაში მუშაობაზე გადაერთო. შესაბამისად, 1969 წლის 30 იანვარს ლონდონში, კოლექტივის მიერ დაარსებული ლეიბლის Apple Records სათავო ოფისის სახურავზე გამართული კონცერტი თაყვანისცემლებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, მაინც რატომ შეარჩიეს ბენდის წევრებმა თავიანთი უკანასკნელი ერთობლივი პერფორმანსისთვის ეს ლოკაცია, ანაც რატომ გადაწყვიტეს სცენაზე დაბრუნება.

უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონმა The Beatles-ის შემადგენლობაში ჩაწერა

რინგო სტარმა The Beatles-ის შემოქმედებიდან ფავორიტი სიმღერა დაასახელა

როგორც Far Out Magazine წერს, კონცერტის მოწყობა ლივერპულური ოთხეულისთვის ჯგუფის გადარჩენის შანსი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ 1968 წლიდან, White Album-ის სახელით ცნობილ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობისას, ჯგუფის დაშლის პროცესი დაიწყო, სტუდიური სესიების დასრულების შემდეგ, ჯონ ლენონმა, პოლ მაკკარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, რა იყო დარჩენილი მათი ერთიანობიდან. თავდაპირველად რამდენიმე შოუს მოწყობა იგეგმებოდა, მათ შორის უნდა გამართულიყო სატელევიზიო კონცერტი, რომლითაც "ბითლზის" დაბრუნება დაანონსდებოდა. როგორც ჟურნალი Rolling Stone წერს, პოლ მაკკარტნი სხვებზე მეტი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა.

"არ მესმის, თუ არ გინდოდათ, ამაში თავი რატომ გაყავით? რისთვის ვაკეთებთ ამას? შეუძლებელია, მიზეზი ფული იყოს. მაშინ რატომ ხართ აქ? მე იმიტომ ვარ, რომ შოუს მოწყობა მინდა, მაგრამ დიდ მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ", - ციტირებს გამოცემა პოლის სიტყვებს.

საბოლოოდ სატელევიზიო კონცერტი ჩაიშალა. როდესაც კოლექტივმა კვლავ გადაწყვიტა შოუს მოწყობა, ეფექტური დაბრუნების ვარიანტებს განიხილავდნენ. სახურავზე კონცერტის გამართვა კი უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ვიდრე შემოქმედებითი.

"გეგმის მიხედვით, სადმე უნდა დაგვეკრა ცოცხლად. გვაინტერესებდა, სად შეგვეძლო წასვლა, განიხილებოდა ყველაფერი, მათ შორის საჰარას უდაბნო. მაგრამ მთელი აპარატურის წაღება მოგვიწევდა, ამიტომ სახურავზე ასვლა გადავწყვიტეთ", - იხსენებდა რინგო სტარი.

როგორც აღმოჩნდა, კოლექტივი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ კონცერტის მოწყობა კარგი იდეა იყო.

"ჯორჯს ამის გაკეთება არ უნდოდა, რინგომ კი დაიწყო, ამაში აზრს ვერ ვხედავო. მაშინ ჯონმა თქვა - ჯანდაბასაც წაუღია, მოდით, ჩავატაროთო", - ციტირებს Rolling Stone "ბითლზის" შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Let It Be რეჟისორის, მაიკლ ლინდსი ჰოგის სიტყვებს.

კონცერტს მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია. უკანასკნელი სიმღერის Get Back შესრულებისას სახურავზე პოლიცია გამოჩნდა, რომელიც ხმაურის გამო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიძახეს. სამართალდაცველებმა ლენონს და ჰარისონს ხმის გამაძლიერებლები გაუთიშეს, ხოლო, როდესაც ჯერი მაკკარტნიზე მიდგა, მან წაიმღერა:

"კვლავ სახურავებზე უკრავ და იცი, რომ ეს დედაშენს არ მოსწონს. ფიქრობს, რომ დაგიჭერენ".

სიმღერის ბოლოს კი ლენონმა თქვა:

"მადლობას გიხდით თითოეული ჩვენგანის სახელით, იმედი მაქვს, მოსმენა წარმატებით ჩავაბარეთ".

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი The Beatles ოფიციალურად 1970 წელს დაიშალა. იმის მიუხედავად, რომ კოლექტივის მიერ გავრცელებული უკანასკნელი სინგლი Let It Be იყო ამავე სახელწოდების სტუდიური ნამუშევრიდან, ლივერპულური ოთხეულის ყველა წევრმა სტუდიაში ბოლოს 1969 წელს ალბომზე Abbey Road იმუშავა.

The Beatles-ის წევრების ინდოეთში მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული