Thumbnail

როჯერ უოტერსი: მარკ ცუკერბერგის დედაც, ჩემს სიმღერას ვერასდროს გამოიყენებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა ვებგვერდ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მხარდამჭერ ფორუმზე საზოგადოებას სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის შეტყობინება გააცნო, რომელშიც მარკი მას ინსტაგრამის სარეკლამო ვიდეოში უოტერსის მიერ დაწერილი Pink Floyd-ის ჰიტის Another Brick in the Wall მეორე ნაწილის გამოყენების საავტორო უფლებას სთხოვს. უოტერსის თქმით, მარკი ამას ვერასოდეს ეღირსება, რადგან მას ყველაფრის კონტროლი, საზოგადოების აზრებზე გავლენის მოხდენა და ცენზურის დაწესება სურს.

ნახეთ: როჯერ უოტერსი ვიდეოს The Bravery of Being Out of Range ავრცელებს

"დილით ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე შეტყობინება, რომელშიც საავტორო უფლებას მთხოვენ, რათა ჩემი დაწერილი სიმღერის Another Brick in the Wall მეორე ნაწილი სოციალურ ქსელ Instagram-ის სარეკლამო ვიდეოში გამოიყენონ. ამის თაობაზე მარკ ცუკერბერგმა თავად მომწერა და დიდი თანხაც შემომთავაზა. მე კი ახლა ვპასუხობ - მარკ, შენი დედაც. შანსიც არ გაქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მათი მზაკვრული მიზანია, ყველა და ყველაფერი გააკონტროლონ. ხოლო ვისაც ოდნავი ძალა და საშუალება მაინც შეგვრჩა, რომ ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგოთ, ხელი უნდა შევუშალოთ. მე არასოდეს გავხდები ამ მარაზმის ნაწილი. ვგრძნობ, რომ ეს კომპოზიცია დღესაც აქტუალურია და სამუდამოდ ასე დარჩება. სურთ, რომ ეს ტრეკი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გავლენების კიდევ უფრო გასაძლიერებლად გამოიყენონ და მეტი ცენზურა დაგვიწესონ", - ამბობს როჯერ უოტერსი.

კომპოზიცია Another Brick in the Wall ჯგუფ Pink Floyd-ის რიგით მე-11 ალბომში The Wall არის წარმოდგენილი, რომელიც 1979 წელს გამოიცა. ტრეკი გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარს შორის დაასახელა.

როჯერ უოტერსმა სიდ ბარეტთან, რიჩარდ რაითთან და ნიკ მეისონთან ერთად ჯგუფი Pink Floyd 1965 წელს დააარსა. მუსიკოსმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდთან ერთად 15 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთაგან 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელმაც Billboard 200-ში რეკორდული დრო, 900-ზე მეტი კვირა დაჰყო.

1984 წელს უოტერსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Pros and Cons of Hitch Hiking გაავრცელა. გრემის მფლობელ მუსიკოსს დღემდე ხუთი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათ შორის ბოლო Is This the Life We Really Want? 2017 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული