Thumbnail

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც პრინსს არ მოსწონდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, პრინსი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მიმართ მწყრალად იყო განწყობილი. მას არც ის მოსწონდა, რომ 1994 წელს ეპოქალურმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Beatles კომპოზიციისთვის Free As a Bird დასრულებული სახის მისაცემად თოთხმეტი წლით ადრე გარდაცვლილი ჯონ ლენონის ხმა გამოიყენა.

ორი თანამედროვე პოპვარსკვლავი, რომელიც პრინსს სძულდა

მოუსმინეთ: პრინსის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Born 2 Die გავრცელდა

"ეს ყველაზე დემონური რამ არის, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ყველაფერი ისეა, როგორც არის და ეს ასეც უნდა იყოს. დიუკ ელინგტონთან დროსტარება რომ ყოფილიყო ჩემი ბედისწერა, ერთ ეპოქაში ვიცხოვრებდით. მთელი ეს ვირტუალური რეალობა ეშმაკისეულია. მე კი დემონი არ ვარ. კიდევ ის, რაც "ბითლზის" სიმღერას Free As a Bird გაუკეთეს, ჯონ ლენონის ხმით იმანიპულირეს, რომ მას საფლავიდან ემღერა, ჩემს შემთხვევაში ეს არასდროს მოხდება. სწორედ ასეთი რამის პრევენციაა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შემოქმედებითი კონტროლი მინდა", - ციტირებს მის სიტყვებს ჟურნალი The Fader.

აღსანიშნავია, რომ პრინსის პოზიციას გარკვეულწილად იზიარებდა ჯგუფის პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი. ჟურნალ Rockcellar-თან ინტერვიუში ის იმ ფაქტს, რომ 1970 წელს დაშლილი კოლექტივის წევრები, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ლენონის საავტორო სიმღერების Free As a Bird და Real Love დემო ვერსიებისთვის დასრულებული სახის მისაცემად კვლავ შეიკრიბნენ სტუდიაში, ამგვარად აფასებდა:

"ვუთხარი, რომ დიდად არ მახარებდა გარდაცვლილ ჯონთან მათი გაერთიანება. მკვდარ ჯონს არაფერს ვერჩოდი, მაგრამ ცოცხალი პოლის, რინგოსა და ჯორჯის გარდაცვლილ ჯონთან კვლავ ერთ ჯგუფში ყოფნის იდეას დიდად არ მოვუხიბლივარ".

ჯონ ლენონმა Free As a Bird-ის დემო ვერსია 1977 წელს ჩაწერა. მისი სტუდიური ვერსია კოლექტივის დარჩენილმა წევრებმა 1995 წელს გაავრცელეს დოკუმენტური ნამუშევრის The Beatles Anthology ფარგლებში და კომპილაციურ ალბომში Anthology 1 შეიტანეს. მსმენელებმა ის საკმაოდ კარგად მიიღეს, მათ შორის აშშ-ში, სადაც კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში მეექვსე ადგილზე მოხვდა და ჩარტი ჯამში 11 კვირა არ დაუტოვებია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული