Thumbnail

A$AP Rocky: იღბლიანი ვარ, რომ რიანა გვერდში მიდგას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

2021 წლის ტრიბეკას კინოფესტივალზე პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, A$AP Rocky-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Stockholm Syndrome ჩვენება შედგა. პრემიერამდე როქიმ წითელ ხალიჩაზე გაიარა და Entertainment Tonight-ის ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა. მუსიკოსმა ისაუბრა, როგორი იღბლიანია, რომ შეყვარებული, პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი რიანა მხარში უდგას. როგორც ცნობილია, მრავალწლიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 32 წლის რეპერმა მიმდინარე წლის მაისში დაადასტურა რირისთან რომანი.

A$AP Rocky: რიანა ჩემი ცხოვრების სიყვარულია

"ღმერთისგან დალოცვილად ვრძნობ თავს, რადგან ჩემი მეგობარი გოგონასგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ", - აღნიშნა ეისეფმა.

ხოლო ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში მუსიკოსმა ისაუბრა, რისი თქმა სურდა ამ დოკუმენტური სურათით.

"ვფიქრობ, დოკუმენტური ფილმი იმისთვის იქმნება, რომ ადამიანის დაუცველი მხარე წარმოაჩინოს. ამით შენს გულწრფელობას, ავთენტურობას, სისუფთავეს აჩვენებ. მე, უბრალოდ, ჩემი ისტორიის მოყოლა მინდოდა ზედმეტი წუწუნის და სიბრალულის შოუს მოწყობის გარეშე", - ამბობს არტისტი.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევარში, რომელიც შვედეთის ციხეში ეისეფის ერთთვიანი პატიმრობის შესახებ მოგვითხრობს, სწორედ რიანა მონაწილეობს. ამასთან, ფილმში სხვა ცნობილ ადამიანებსაც ვიხილავთ, მათ შორის არიან ჰიპ ჰოპ არტისტი Tyler, The Creator და ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელმაც ეისეფის პატიმრობისას აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში დარეკა და რეპერის გასათავისუფლებლად რეაგირება ითხოვა.

ნახეთ: ASAP Rocky-მ თავისი საუკეთესო და ცუდი ჩაცმულობები დაასახელა

შეგახსენებთ, რომ ეისეფ როქი 3 ივლისს შვედეთში დააკავეს. მაშინ რეპერი სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად სტუმრობდა. ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ როქისა და მის მეგობრებს ორი ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არტისტის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები მას რამდენი კვარტლის მანძილზე აწუხებდნენ და ყურსასმენების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, როქის დაცვის წევრმა დაუმტვრია.

გისოსებს მიღმა 1 თვის გატარების შემდეგ, სასამართლომ როქი და მისი დაცვის წევრი თავდასხმასა და ცემაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ეისეფს პირობითი მსჯავრი და მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დააკისრა.

მოუსმინეთ: ASAP Rocky - Sandman

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, 2018 წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული