Thumbnail

რატომ იყო Lady Marmalade-ის გადაღებებზე კრისტინა აგილერას და Pink-ს შორის დაძაბულობა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, კიმბერლი დენის ჯონსმა, ფსევდონიმით Lil' Kim, რომელმაც 2001 წელს მუსიკოსებთან, კრისტინა აგილერასთან, ფინქთან და მაიასთან ერთად ფილმის Moulin Rouge! საუნდტრეკი Lady Marmalade ჩაწერა, 2019 წელს ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ კლიპის გადაღებებზე არტისტებს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა.

ჰიტს Lady Marmalade ოცი წელი შეუსრულდა

"იმ დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მახსოვს, ცოტა დაძაბულობა იგრძნობოდა. ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს და კომუნიკაცია არ ჰქონდათ. მე კი ყველასთან სათითაოდ მიწევდა ურთიერთობა, თუმცა, ისინი მაინც საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილი. ეს რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან გადასაღებ მოედანზე მასპინძელი გამოვედი, ფაქტობრივად. გორგოლაჭებით დავქროდი ოთახებში", - იხსენებდა არტისტი.

ლილ კიმმა ისიც აღნიშნა, რომ, როდესაც მუსიკოსები გრემის დაჯილდოებაზე შეიკრიბნენ, სადაც საუკეთესო ვოკალური პოპ კოლაბორაციის ნომინაციაში გაიმარჯვეს, გოგონებს შორის ეს დაძაბულობა უკვე მოხსნილი იყო და მათ ძალიან კარგი დრო გაატარეს ერთმანეთის გარემოცვაში.

2009 წელს გადაცემაში Behind The Music ფინქმა ისაუბრა, თუ მისთვის როგორ შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ კლიპის გადაღებებზე დაძაბულობა ყოფილიყო.

"ლეიბლის ხელმძღვანელი, რონ ფეირი შემოვიდა. არცერთ ჩვენგანს არ მისალმებია და პირდაპირ გვითხრა, სიმღერის რომელ ნაწილშია ყველაზე მაღალი ნოტების აღება საჭირო, რომელია ყველაზე დატვირთული მონაკვეთი, კრისტინა იმღერებს ამ ნაწილსო. მე კი ავდექი და ვთქვი - სალამი, როგორ გიკითხოთ? რა თავაზიანი ხართ, რომ თავი წარგვიდგინეთ. მე ფინქი ვარ. ის (კრისტინა) ვერ მიიღებს კომპოზიციის იმ ნაწილს, რომელზეც საუბრობდით. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი საკითხების განსახილველად არსებობს საქმიანი შეხვედრები", - იხსენებდა არტისტი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ფინქმა ტვიტერზე სიმღერიდან კრისტინა აგილერას მონაკვეთი გააზიარა წარწერით:

"ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთმანეთის წარმატება არ გვახარებდა, მე და კრისტინამ ეს გამოვასწორეთ".

აღნიშნული კომპოზიციის ორიგინალი ვერსია 1974 გავრცელდა და მას ამერიკული ჯგუფი Labelle ასრულებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული