Thumbnail

მსმენელის ვარაუდით, Tyler, The Creator ახალ ალბომს აანონსებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახლო მომავალში, სავარაუდოდ, მორიგ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. მუსიკოსის მშობლიურ შტატ კალიფორნიაში ბილბორდი წარწერით "დამირეკე, თუ დაიკარგე, 1-855-444-8888" გამოჩნდა, ინტერნეტში კი ამავე ტექსტის შემცველი ვებგვერდი callmeifyougetlost.com გახდა ხელმისაწვდომი. მითითებულ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში ტაილერისა და დედამისის დიალოგს მოისმენთ, რომელსაც ფონად ნოსტალგიური ხასიათის მუსიკა გასდევს. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს შემსრულებლის ერთ-ერთი უცნობი კომპოზიციის ნაწყვეტია.

კომპოზიცია, რომელიც Tyler, The Creator-მა "კოკა კოლას" რეკლამისთვის დაწერა

მუსიკოსის თაყვანისმცემლების აზრით, ტაილერმა ამ გზით ახალი ალბომი დააანონსა. ვარაუდს ბანერზე დატანილი ცნობილი ლეიბლის ლოგოს Columbia Records არსებობაც ამყარებს. კალიფორნიელი არტისტის ნამუშევრებს სწორედ "კოლუმბია რეკორდსი" ავრცელებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გრეგორის მიერ გამოქვეყნებული ყველა ალბომი კენტ წლებშია გამოცემული.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული