Thumbnail

მრავლისმნახველ ლონდონში უცნაური საკონცერტო ფლაერების გამოჩენა დიდად ვერავის აკვირვებს, თუმცა 1978 წლის გაზაფხულზე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოკრულ აფიშებს განსაკუთრებით დამაინტრიგებელს ქვედა კუთხეში ძლივს შესამჩნევი წარწერა ხდიდა. "ხუთი როკ ჯგუფი, რომელთა მუსიკაც ხმის ჩამწერ კომპანიებს არ სურთ, რომ მოისმინოთ" - ეს ფრაზა ლაკონურად და ამომწურავად ასახავდა იმ ღონისძიების იდეას, რომელმაც მე-20 საუკუნის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, არაორდინარულ და რადიკალურ, Rock in Opposition-ის (ინგლისურად: "როკი ოპოზიციაში") სახელწოდებით ცნობილ კულტურულ ფენომენს ჩაუყარა საფუძველი.

მოძრაობის სულისჩამდგმელი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ 1968 წელს ჩამოყალიბებული ექსპერიმენტული ჯგუფი Henry Cow გახლდათ. პროგრესივის, არტ როკისა და ფიუჟენის ჟანრებში მოღვაწე კოლექტივი ხაზგასმით ანტიკომერციულ, ულტრაავანგარდულ მუსიკას ქმნიდა, რის გამოც მათ თვით ექსპერიმენტულ მუსიკაზე ორიენტირებული ლეიბლებიც კი არ იმჩნევდნენ. საკუთარი ხარჯებით ჩატარებული რამდენიმეწლიანი ტურნეს დროს პროექტის წევრებმა ევროპაში თავისი მსგავსი აუტსაიდერები ბლომად აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს, ბიუროკრატიითა და სიხარბით სავსე მუსიკალური ინდუსტრიისთვის წინააღმდეგობა სწორედ ასეთ, მეინსთრიმისგან გარიყულ ხელოვანებთან ერთად უნდა გაეწიათ. არტისტებმა 1,000 გირვანქა სტერლინგი დაფინანსების მოპოვება შეძლეს და ზემოხსენებული ფესტივალი დაარსეს, რომელშიც მონაწილეობა მათთან ერთად კიდევ ოთხმა ბენდმა - Stormy Six (იტალია), Samla Mammas Manna (შვედეთი), Univers Zero (ბელგია) და Etron fou Leloublan (საფრანგეთი) მიიღო.

მცირე ხანში Rock in Opposition ერთჯერადი ღონისძიებიდან რეგულარულ ფესტივალად და საერთაშორისო არაფორმალურ ორგანიზაციად იქცა, რომლის რადიკალურად ალტრუისტულმა ფილოსოფიამაც ევროპელ თუ ამერიკელ ხელოვანთა წრეებში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მოძრაობა უაღრესად მრავალფეროვანი ჟღერადობის მქონე კოლექტივებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც პირველ რიგში იდეოლოგია აერთიანებდა და არა ესა თუ ის მუსიკალური ჟანრი. თუმცა, მათ შემოქმედებაში საერთო მახასიათებლები მაინც გამოიკვეთა, რის საფუძველზეც RIO (მოძრაობის სახელწოდების Rock in Opposition აბრევიატურა) მოგვიანებით ცალკე მიმართულებად კლასიფიცირდა.

დროთა განმავლობაში გაერთიანება საგრძნობლად შესუსტდა, მასში მონაწილე პროექტების დიდი ნაწილი კი დაიშალა, თუმცა Rock in Opposition მუსიკის ისტორიას უნიკალური მოვლენის სახით შემორჩა - აუტსაიდერი და მარგინალი არტისტების სოლიდარობის, თვითორგანიზებისა და პროტესტის უპრეცედენტო აქტმა ექსპერიმენტული როკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა, მისი ექო კი თანამედროვეობაშიც ცხადად გაისმის.

ჩვენს სტატიაში სწორედ Rock in Opposition-ის წარმომადგენელ ათ გამორჩეულ ჯგუფს გაგაცნობთ.

10. Henry Cow

ბრიტანული ჯგუფი, რომლის შესახებაც სტატიის შესავალში ვრცლად ვისაუბრეთ, RIO-ის პირველი ფესტივალიდან მცირე ხანში დაიშალა, თუმცა კოლექტივის ყოფილი წევრები ახალ პროექტებში გადანაწილდნენ და შემოქმედებითი მოღვაწეობა აქტიურად განაგრძეს, რამდენიმე მათგანმა კი სოლო კარიერით ექსპერიმენტული მუსიკის ისტორიაში საკულტო ფიგურის სტატუსიც დაიმკვიდრა. მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას საქსოფონისტი ტიმ ჰოდჯკინსონი, დრამერი კრის კათლერი და ეპოქალური ფრედ ფრიტი იმსახურებენ, რომელმაც სახელი გიტარაზე დაკვრის უნიკალური ტექნიკის შემუშავებით გაითქვა.

ბენდის შემოქმედება იმდენად ავანგარდული და აბსტრაქტული იყო, რომ კრიტიკოსები მათ ხშირად პრეტენზიულობასა და სიყალბეში სდებდნენ ბრალს. თუმცა, სინამდვილეში, Henry Cow-ს სახელით ცნობილი ექსპერიმენტი ორიგინალურობისადმი ფუჭი, გამაღიზიანებელი სწრაფვის ნაცვლად სავსებით სხვა ღირებულებით, იმ რევოლუციური იდეით იყო ნასაზრდოები, რომელიც მუსიკის ინდუსტრიასთან შეურიგებელ ბრძოლას გულისხმობდა. ეს კომპოზიცია სწორედ ამ რადიკალური, უკომპრომისო ფილოსოფიის შედეგი გახლავთ.

9. Art Bears

Henry Cow-ს დაშლის შემდეგ, კოლექტივის ნანგრევებიდან რამდენიმე ახალი პროექტი ამოიზარდა, რომელთგანაც განსაკუთრებით საინტერესო ფრედ ფრიტის, კრის კათლერისა და დაგმარ კრაუზეს მიერ ჩამოყალიბებული Art Bears გახლდათ. არტისტებმა ამ ეფემერულ, დაარსებიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ დაშლილ ჯგუფში მრავალფეროვანი, მკვეთრად ავანგარდული მუსიკის შექმნის ტრადიცია უცვლელად შეინარჩუნეს და არც მათთვის ჩვეული, მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიიდან გადაუხვევიათ.

Art Bears-ის ხელწერის უნიკალურობა ყველაზე მძაფრად სოციალ-პოლიტიკური დატვირთვის კომპოზიციებშია ასახული. როგორც წესი, მუსიკალურ მეინსთრიმში ეკონომიკური იმპერიალიზმისა თუ ექსპლუატაციის თემატიკაზე სრულიად სხვა სახის ჩანაწერები იქმნება, რომელთა ნაწილიც ხშირად უადგილო, ყალბი პათოსითაა სავსე. ბრიტანული ბენდის ამ უცნაურ, ცინიკურ, კაბარე პოპის ესთეტიკაში გადაწყვეტილ ტრეკს კი სწორედ ის ორიგინალურობა და ავთენტურობა გამოარჩევს, რომელიც ჭეშმარიტი პროტესტისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.

8. Slapp Happy

1972 წელს ჰამბურგში მცხოვრებ ბრიტანელ კომპოზიტორს, ენტონი მურს ლეიბლის Polydor Records მესვეურებმა ნამუშევარი ზედმეტად ექსპერიმენტული ხასიათის გამო დაუწუნეს. იმედგაცრუებულმა არტისტმა, რომლისთვისაც ჯანსაღი ცინიზმიც არ იყო უცხო, საპასუხოდ შაბლონური პოპ სიმღერის პაროდიის შექმნა განიზრახა და დახმარება თავის ნაცნობ მუსიკოსს, პიტერ ბლეგვადს სთხოვა. ისინი ეპოქალური კრაუტროკ ბენდის, Faust-ის სტუდიაში შეიკრიბნენ, ვოკალისტობა კი ენტონის შეყვარებულსა და მომავალ ცოლს, დაგმარ კრაუზეს შესთავაზეს

კომპოზიცია Just a Conversation სულ რაღაც 20 წუთში დაიწერა. როგორც კი დაგმარმა სიმღერა წამოიწყო (ამ დრომდე მას ამის გამოცდილება არ ჰქონდა), მეგობრები მყისვე მიხვდნენ, რომ საქმე რაღაც უნიკალურთან ჰქონდათ. ხუმრობით წამოწყებული ჩანაფიქრი სერიოზულ პროექტად გადაიქცა და სამყაროს ჯგუფი Slapp Happy მოევლინა, რომლის შემოქმედებასაც დაუვიწყარს სწორედ დაგმარის საშემსრულებლო მანერა ხდიდა. ბენდი სამი წლის შემდეგ Henry Cow-ს შეერწყა და დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა, მანამდე კი არაერთი საოცარი ჩანაწერის, მათ შორის ამ ნამუშევრის შექმნა მოასწრო.

7. Univers Zero

1974 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის Univers Zero შემოქმედება მოღვაწეობის საწყის ეტაპზე კამერული მუსიკისა და პროგრესივ როკის მისტიკურ, ელეგანტურ სინთეზს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ მე-20 საუკუნის კლასიკური მუსიკის (განსაკუთრებით, ბელა ბარტოკისა და იგორ სტრავინსკის ნაწარმოებებით) ჰარმონიული სტრუქტურით შთაგონებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ Rock in Opposition-ის წევრი ბენდებიდან შედარებით კონვენციური ჟღერადობა სწორედ ბელგიურ ჯგუფს გამოარჩევდა.

1970-იან წლებში კოლექტივის არსენალი თითქმის მთლიანად აკუსტიკური ინსტრუმენტებით იყო დაკომპლექტებული, 80-იანებიდან კი მათ ჟღერადობაში ელექტრონული გიტარისა და სინთეზატორების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ჯგუფის ხელწერას მკვეთრად ფსიქოდელიური ელფერი შესძინა. ქვემოთ წარმოდგენილი კომპოზიცია სწორედ დროის ზემოხსენებულ მონაკვეთს მიეეკუთვნება და გამოცდილი მსმენელი მის მიერ თანამედროვე პროგრესივ როკის წამყვან ბენდებზე მოხდენილ გავლენასაც მარტივად შეამჩნევს.

6. Samla Mammas Manna

შვედური კოლექტივი Samla Mammas Manna ერთ-ერთი უნიკალური მოვლენაა მუსიკის ისტორიაში. 1969 წელს ჩამოყალიბებული ბენდის ჩანაწერები შესაშური ვირტუოზობით შესრულებულ, კომპლექსურ ინსტრუმენტალსა და კომიკურ, აბსურდული ხუმრობებით სავსე ტექსტს აერთიანებდა, რომელიც იმავდროულად კაპიტალიზმის მწვავე კრიტიკასაც შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ უცნაური სინთეზის ფონზე ჯგუფის სტილი დიდწილად საცირკო წარმოდგენის ესთეტიკითაც იყო შთაგონებული.

ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში მუსიკოსები ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში კომპოზიციას Klossa Knapitatet ასრულებენ, რომლის სახელწოდებაც მემარცხენე სლოგანზე "გაანადგურე კაპიტალიზმი" მიანიშნებს. როგორც წესი, ასეთი სათაურის გაგონების შემდეგ აუდიტორია დახვეწილი, ექსცენტრიკული ფიუჟენის ნაცვლად, ინსტრუმენტების დემონსტრაციულ მსხვრევას ან გაცვეთილი ლოზუნგების ომახიან დეკლამაციას ელის, თუმცა ეს ჯგუფი რომ წესებსა თუ სტერეოტიპებს არასდროს ემორჩილებოდა, ამას თავადაც მარტივად მიხვდებოდით.

5. Aksak Maboul

Aksak Maboul-ის შემოქმედება Rock In Opposition-ის წარმომადგენელი ბენდის კვალობაზეც კი უაღრესად მრავალფეროვანი გახლდათ. ბელგიური ჯგუფის ჟღერადობა ექსპერიმენტულ როკთან, კლასიკურ და ელექტრონულ მუსიკასთან თუ ფრი ჯაზთან ერთად, ამა თუ იმ ქვეყნის ეთნიკური მუსიკის ელემენტებს აერთიანებდა. კოლექტივის სახელწოდებაც თურქულ ფოლკლორში აღმოცენებული რიტმული სისტემიდან, აქსაკიდან წარმოდგება.

კრიტიკოსები Aksak Maboul-ის მეორე სტუდიურ ალბომს Un Peu de l'Âme des Bandits, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობმა ფრედ ფრიტმა და კრის კათლერმა მიიღეს, ხშირად RIO-ს მოძრაობის შემოქმედებით მწვერვალს უწოდებენ. ალბათ, მარტივად მისახვედრია, რაოდენ სახიფათო იდეები უნდა უტრიალებდეს არტისტს თავში, რომ მთელი ეს ქაოტური, პოსტმოდერნისტული მუსიკალური აბსტრაქცია საცეკვაო ტრეკების კრებულად სრული სერიოზულობით მოიხსენიოს.

4. Present

1979 წელს Univers Zero დამფუძნებელმა წევრმა, მულტიინსტრუმენტალისტმა როჟე თრიგუმ დატოვა და მცირე ხანში ახალი ჯგუფი Present ჩამოაყალიბა, რომელიც Rock in Opposition-ის ისტორიაში ერთ-ერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. კამერული მუსიკის ავანგარდული ფორმებით გატაცება თრიგუს ამ კოლექტივშიც გადმოჰყვა, რაც ჯგუფის მიერ შექმნილ, ფსიქოდელიის, ჯაზისა და ავანგარდული პროგრესივის ელემენტებით გაჯერებულ ჩანაწერებში ძალზე ეფექტურად აისახა.

RIO-ს წარმომადგენელი ბენდების თითქმის სრული უმრავლესობისგან განსხვავებით, Present-მა რამდენიმე დეკადის განმავლობაში სტაბილურად იარსება, როჟე თრიგუ  კი 2021 წლის მარტში, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში ჯგუფის წევრები საკუთარი შემოქმედებიდან ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციას Jack the Ripper ასრულებენ. ვირტუოზულად შესრულებული ურთულესი პარტიებით პროგრესივ როკის მსმენელთა გაკვირვება ძალზე რთულია, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ გამოსვლის ხილვა ყველაზე გამოცდილ მელომანენსაც კი აღაფრთოვანებთ.

3. Art Zoyd

ფრანგული ბენდი Art Zoyd ქალაქ ვალანსიენში 1969 წელს ჩამოყალიბდა, ათი წლის შემდეგ კი Rock in Opposition-ის მოძრაობას შეუერთდა. ამ კოლექტივის ხელწერის ერთ-ერთი სპეციფიკური მახასიათებელი წლების წინ გადაღებული, კლასიკად ქცეული ფილმებისთვის ალტერნატიული საუნდტრეკების შექმნა გახლდათ. ჯგუფმა სხვადასხვა დროს მსგავსი ალბომები ფრიც ლანგის ეპოქალური კინოშედევრის "მეტროპოლისი" და ფრიდრიხ მურნაუს საკულტო სურათის "ნოსფერატუ" შთაგონებით ჩაწერა.

RIO-ს წარმომადგენელი სხვა ბენდების მსგავსად, Art Zoyd-ის შემოქმედებაც უამრავი სხვადასხვა წყაროდან იღებს ინსპირაციას. შესაბამისად, ფრანგული კოლექტივის დისკოგრაფიიდან ისეთი კომპოზიციის გამოყოფა, რომელიც ახალბედა მსმენელს მისი ჟღერადობის შესახებ ზოგად წარმოდგენას მაინც შეუქმნის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა, ამ ჩანაწერის გაცნობას ექსპერიმენტული მუსიკის მოყვარულებს ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ.

2. Etron fou Leloublan

პანკი, ფრი ჯაზი, არტ პოპი და ექსპერიმენტული როკი - 1973 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის Etron fou Leloublan კომპლექსური, ქაოტური მუსიკა სწორედ ამ მიმართულებათა უაღრესად არაორდინარული სინთეზის წყალობით იქმნებოდა. ფრანგული ბენდის პირველი გამოსვლა მათი შედარებით უფრო ცნობილი თანამემამულეების, Magma-ს კონცერტზე შედგა, 1977 წელს კი მუსიკოსები Rock in Opposition-ის მოძრაობის ერთ-ერთ დაამარსებლებად იქცნენ.

Etron fou Leloublan-ის შემოქმედება არაერთ კომპლიმენტს იმსახურებს, თუმცა ამ ბენდის შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესო ის გარემოებაა, რომ მისი ნამუშევრების მოსმენისას კომპოზიციის მოსალოდნელი განვითარების გამოცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგალითისთვის ეს კომპოზიციაც გამოდგება, რომელიც აკუსტიკური გიტარის მსუბუქი, მელანქოლიური პარტიით იხსნება, დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ კი, რაც ხდება, თავადვე შეგიძლიათ მოისმინოთ.

1. Stormy Six

პროგრესივ როკის ვეტერან მსმენელებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ჟანრის იტალიური სცენა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბენდებითაა დაკომპლექტებული. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მილანში 1966 წელს ჩამოყალიბებული Stormy Six გახლდათ, რომელმაც მოღვაწეობა ფსიქოდელიურ პოპ როკში დაიწყო. თუმცა 1970-იანების დასაწყისში ჯგუფის წევრები სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა, რომელთა გავლენით მათი ჟღერადობა გაცილებით არაკონვენციური და კომპლექსური გახდა.

მემარცხენე იდეოლოგიამ არტისტებს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ უბიძგა, საკუთარი პროტესტის გამოხატვის საუკეთესო გზად კი მუსიკოსებმა ხაზგასმით არაკომერციული ხასიათის მქონე ჩანაწერების შექმნა მიიჩნიეს. შედეგად, ჯგუფმა, რომელიც კარიერის დასაწყისში საკონცერტო ტურნეში The Rolling Stones-ს დაჰყვებოდა,  ანდერგრაუნდისკენ ნებაყოფლობითი სვლა დაიწყო. საბოლოოდ კი, კოლექტივი მუსიკალური ავანგარდის ნაწილად იქცა და RIO-ს მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებლადაც მოგვევლინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული