Thumbnail

სამხრეთკორეელი პოლიტიკოსი BTS-ის ჯონგუქის სურათის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთ კორეის ნაციონალური ასამბლეის წევრი, რიუ ჰო ჯონგი პოპულარული ბოიბენდის, BTS-ის თაყვანისმცემლებმა მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც 28 წლის დეპუტატმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კოლექტივის წევრის, ჯონგუქის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც ქვეყანაში ტატუების მიმართ არსებული მიდგომის შეცვლას ისახავს მიზნად.

BTS-ის ჯონგუქს ჰკითხეს, რომელიმე მუსიკოსისთვის თუ მიუბაძავს

რატომ გაუჭირდა BTS-ის ჯონგუქს ჰიტის Dynamite შესრულება

სამხრეთ კორეაში სვირინგის გაკეთება აკრძალული არ არის, თუმცა, ტატუების მქონე ადამიანებს მარგინალიზებულ პირებად მიიჩნევენ, რომლებიც არღვევენ საზოგადოდ მიღებულ ნორმებს. ამასთან, მისი გაკეთება მხოლოდ პროფესიონალ ექიმებს შეუძლიათ. ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კი მედიისთვის სტანდარტი აქვს დაწესებული, რაც სატელევიზიო ეთერში სვირინგების დაფარვას გულისხმობს.

"მოხსენით "ბითიესს" ეს სახვევები. ოდესმე გინახავთ თქვენი საყვარელი ცნობილი ადამიანის სხეულზე ასეთი რამ? საშინელი სანახაობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით კორეულ ტელევიზიებში, რადგან სამაუწყებლო კომპანიების წესდება კრძალავს ტატუების ჩვენებას. სხეულზე გამოსახული ლამაზი ნახატები და შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც ჩვენ გარშემო შეხვდებით, კორეაში, ფაქტობრივად, არალეგალურია. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სამ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სვირინგი, სხეულის მოხატვა სხვაგან ხელოვნებად ითვლება. კორეელი ტატუ არტისტები მსოფლიოში არიან აღიარებული, თუმცა, საკუთარ ქვეყანაში მათ არ აფასებენ", - დეპუტატის პოსტის თარგმანს კორეულ გამოცემებზე დაყრდნობით გამოცემა NME ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ ხსენებული ინიციატივა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებისკენ არის მიმართული, საზოგადოებაში კანონპროექტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ჯონგუქის ფოტოების გამოყენებამ BTS-ის თაყვანისმცემლების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. Korea JoongAng Dail-ის ცნობით, მათ ბიჭების ლეიბლს Big Hit Music წერილიც გაუგზავნეს, რომელშიც თხოვნით მიმართავენ, "საკუთარი არტისტების დასაცავად რაიმე მოიმოქმედონ".

"ის პოპულარულ კეიპოპ არტისტებს პოლიტიკისთვის იყენებს".

"ჯონგუქის სურათს უნებართვოდ იყენებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად".

"შეგეძლოთ, თქვენი სურვილი სხვაგვარად გამოგეხატათ, უსიამოვნოა იმის დანახვა, რომ BTS-ის პოპულარობით ასეთი ფორმით სარგებლობთ".

"იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს მხარს ვუჭერ, მაინც არ მომწონს, რომ კეიპოპ არტისტი ყურადღების მისაქცევად გამოიყენა", - ციტირებს Korea JoongAng Dail ინტერნეტმომხმარებლების სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის ჯონგუქს, რომელიც კოლექტივის წევრებს შორის ტატუების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, ხელზე "ბითიესის" თაყვანისმცემლების სახელი, Army და მათი ლოგო აქვს გამოსახული.

ახეთ: BTS სიმღერის Butter ორ ახალ რემიქსს ავრცელებს

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

ამასთან, კორეულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფი "არმისთვის" განსაკუთრებულ საჩუქარს ამზადებს და 9 ივლისს, მათი ფანდომის დაარსების დღეს, ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული