Thumbnail

კრის მარტინი BTS-ზე: შვიდივე ძალიან მაგარი ბიჭია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS აკუსტიკური კონცერტების სერიაში MTV Unplugged ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ჰიტი Fix You დააქავერა, კოლექტივის ფრონტმენს, კრის მარტინს ხშირად უსვამენ კითხვებს "ბითიესთან" დაკავშირებით. ახლახან გადაცემაში PopCrush Nights მონაწილეობისას 44 წლის არტისტს ჰკითხეს, უნდა ველოდოთ თუ არა "ქოლდფლეისა" და ბიჭების თანამშრომლობას.

როგორ გამოეხმაურა Coldplay "ბითიესის" მიერ ჰიტის Fix You შესრულებას

"ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ BTS-ს მხოლოდ სიყვარულითა და პატივისცემით ვუყურებ. შვიდივე ძალიან მაგარი ბიჭია. ისინი სწორი ღირებულებების მხარეს დგანან და პოზიტიურ თემებზე მღერიან. ძალიან პოპულარულები არიან და მომწონს ის ფაქტი, რომ ძირითადად კორეული ტექსტები აქვთ, ყოველთვის ინგლისურად არ უწევთ სიმღერა. ისინი ძალიან მიყვარს და, შესაფერისი სიმღერის შემთხვევაში, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი მათთან თანამშრომლობაზე".

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კრის მარტინმა ტვიტერზე თაყვანისმცემლებს BTS-ის ახალი სინგლის Butter მოსმენა ურჩია.

"იმ ფილმებს, სიმღერებსა და წიგნებს გაგაცნობთ, რომლებიც ჩემი აზრით, სასარგებლო და მშვენიერია", - წერდა მარტინი.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული