Thumbnail

მუსიკოსთა ნაწილი გრანდიოზული საქორწინო წვეულების გადახდას, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში, გასაიდუმლოებული ცერემონიის მოწყობას არჩევს. როგორც წესი, ისინი თაყვანისმცემლებს გარკვეული პერიოდის შემდეგ უზიარებენ ქორწილის ამსახველ სურათებს, ზოგჯერ კი მათთვის მნიშვნელოვანი დღის დეტალებს ბოლომდე საიდუმლოდ ტოვებენ. წარმოგიდგენთ ცნობილ არტისტებს, რომლებმაც გაუხმაურებლად იქორწინეს:

მუსიკოსები, რომლებმაც შეყვარებულს ტატუ მიუძღვნეს

Beyonce & Jay-Z

მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანმა წყვილმა 2008 წლის 4 აპრილს იქორწინა. ცერემონია ნიუ იორკში, ჯეი ზის აპარტამენტში გაიმართა 40 სტუმრის გარემოცვაში, რომლებსაც, მასპინძლების თხოვნით, მობილური ტელეფონები არ ჰქონიათ. წყვილი წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდა საკუთარ ურთიერთობას და ქორწილის შესახებაც არ გაუვრცელებიათ ცნობა. მათ მხოლოდ 2014 წელს, ქორწინებიდან რვა წლის შემდეგ მოწყობილ ტურნეზე On the Run გაუზიარეს თაყვანისმცემლებს ნიშნობის, ქორწილისა და მათი პირველი გოგონას, ბლუ აივის კადრები.

Cardi B & Offset

პოპულარული რეპერი, ქარდი ბი 2017 წლის ოქტომბერში, რადიოსადგურ Power 99-ის კონცერტზე Powerhouse გამოდიოდა, როდესაც სცენაზე ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრი, ოფსეტი ავიდა და მას საჯაროდ სთხოვა ხელი. როგორც აღმოჩნდა, წყვილს 20 სექტემბერს უკვე გადახდილი ჰქონდა ქორწილი, რასაც საიდუმლოდ ტოვებდნენ. 2018 წელს ქარდიმ ტვიტერზე დაწერა:

"სექტემბრის ერთ დილას გავიღვიძეთ და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩემი ცხოვრებიდან საჯაროდ ძალიან ბევრ რამეს ვამხელ, თუმცა, არის რაღაცები, რაც მინდა, ჩემთვის დავიტოვო. ქორწილიც ერთ-ერთი ასეთი მომენტი იყო".

მოგვიანებით რეპერმა ინსტაგრამზე ქორწილიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მას ამ დღეს თეთრი ფერის სპორტული ტანსაცმელი ეცვა.

Kurt Cobain & Courtney Love

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, კურტ კობეინმა და კორტნი ლავმა 1992 წლის 24 თებერვალს ჰავაიზე საიდუმლოდ იქორწინეს. ვაიკიკის პლაჟზე ჩატარებულ ცერემონიას სულ 9 სტუმარი, მათ შორის Nirvana-ს წევრი, დეივ გროლი ესწრებოდა, რომელიც საღამურში გამოწყობილი კურტისა და თეთრებში ჩაცმული ლავის გვერდით არის აღბეჭდილი. როგორც აღმოჩნდა, ამ დღის მონაწილე ასევე იყო წყვილის გოგონა, სახელად ფრენსისი, რომელიც ქორწილიდან ექვს თვეში მოევლინა სამყაროს.

Ariana Grande & Dalton Gomez

მიმდინარე წლის 18 მაისს ჟურნალმა People წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ უძრავი ქონების აგენტ დელტონ გომესზე იქორწინა. ერთი კვირის შემდეგ, არტისტმა ცერემონიის ამსახველი სურათები გაავრცელა. როგორც გაირკვა, ქორწილი 15 მაისს კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ოლქში მდებარე დასახლება მონტესიტოში ვიწრო წრეში გაიმართა.

Justin Bieber & Hailey Bieber

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა და მოდელმა, ჰეილი ბოლდუინმა 2018 წელს, ნიუ იორკის სასამართლოში ხელი საიდუმლოდ მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი გრანდიოზული წვეულება გამართეს სამხრეთ კაროლინაში მდებარე სასტუმროში Montage Palmetto Bluff. ხელის მოწერის ცერემონიისგან განსხვავებით, წყვილის ქორწილის შესახებ თაყვანისმცემლებისთვის წინასწარ იყო ცნობილი.

Miley Cyrus & Liam Hemsworth

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა 2016 წლის დეკემბერში გაამხილა, რომ ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ლიამ ჰემსვორთზე იქორწინა. როგორც ქორწილის ფოტოებიდან ირკვევა, ცერემონია ოჯახის წევრების და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში შედგა. წყვილის ქორწინებამ ერთი წელიც ვერ გასტანა.

Chris Martin & Gwyneth Paltrow

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენმა, კრის მარტინმა და მსახიობმა გვინეტ პელტროუმ 2003 წელს სანტა ბარბარაში იქორწინეს. San Ysidro-ს რანჩოში მოწყობილი საიდუმლო ცერემონიიდან ფოტოები მედიაში არ გავრცელებულა. წყვილი 2016 წელს განქორწინდა.

Will Smith & Jada Pinkett Smith

საიდუმლოდ იქორწინეს ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა და მსახიობმა, უილ სმიტმა და მისმა ცოლმა, ჯადა პინკეტ სმიტმაც. ცერემონია 1997 წლის 31 დეკემბერს შედგა. წყვილმა ერთმანეთი 1990 წელს გაიცნო, როდესაც ჯადამ სერიალში The Fresh Prince of Bel-Air სინჯები გაიარა უილის პერსონაჟის შეყვარებულის როლის მისაღებად. ისინი დღემდე ქორწინებაში არიან და ორი შვილი, უილოუ და ჯეიდენი ჰყავთ, რომლებიც მამის მსგავსად მუსიკასა და კინოს გაჰყვნენ.

Wiz Khalifa & Amber Rose

ცნობილმა პიტსბურგელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კამერონ თომასმა, ფსევდონიმით Wiz Khalifa, ამერიკელი მოდელსა და ტელესახეზე, ემბერ როუზზე 2013 წელს, მას შემდეგ იქორწინა, რაც წყვილს ვაჟი, სახელად სებასტიანი შეეძინა. როგორც რეპერმა ტვიტერზე დაწერა, მათ საიდუმლოდ იქორწინეს, წლის ბოლოს კი გრანდიოზულ წვეულებას გეგმავდნენ. როუზმა ამ დღის ამსახველი ფოტოები მოგვიანებით ინსტაგრამზე გაავრცელა. სურათებში ისინი შვილთან ერთად არიან აღბეჭდილი. წყვილის ქორწინება წელიწადსა და ორ თვეში დასრულდა.

ქვიზი: შეყვარებული წყვილები - რომელი მუსიკოსია დაფარული ფოტოზე?

კომენტარები

ბოლოს დამატებული