Thumbnail

Queen-ის სიმღერა, რომელიც ფრედი მერკურის აზრით, Bohemian Rhapsody-ს სჯობდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

Bohemian Rhapsody არა მხოლოდ ლეგენდარული Queen-ის დისკოგრაფიაში, არამედ როკ მუსიკაში ბოლო 50 წელია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული კომპოზიციის სტატუსს არ კარგავს. თუმცა, მისი ავტორი, კოლექტივის ფრონტმენი ფრედი მერკური ამ სიმღერას მის საუკეთესო ნამუშევრად არ მიიჩნევდა. როგორც არტისტი დოკუმენტურ სერიალში Queen the Greatest აღნიშნავდა, მას "ქუინის" შემოქმედებიდან სიმღერა Somebody to Love ერჩივნა, რომელიც აგრეთვე მისი დაწერილია.

როგორ უნდა გაეგო ხალხს Bohemian Rhapsody ფრედი მერკურის აზრით

"ზოგი რამ ჩემზე უკეთ გამოსდიოდა" - რას ფიქრობდა ფრედი მერკური ჯონ ლენონზე

"რამდენიც არ უნდა ეცადო, ხალხი მაინც ძველი ჰიტებით შეგაფასებს. კარგი, Bohemian Rhapsody მართლაც დიდი ნამუშევარია, მაგრამ, თუ ჩემი, როგორც სიმღერების ავტორის შესაძლებლობებს მივიღებთ მხედველობაში, ვფიქრობ, უკეთესად წერაც შემიძლია. ამ კუთხით თუ შევაფასებთ, ჩემი აზრით, Somebody To Love უკეთესი კომპოზიციაა", - ამბობდა ფრედი.

მუსიკოსი ხსენებული სიმღერის შექმნის ინსპირაციის წყაროდ არეტა ფლანკინის ადრეულ შემოქმედებას ასახელებდა. მან ისიც გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდათ ჯგუფის წევრებს, როდესაც ფრედიმ გოსპელ ჟღერადობის კომპოზიციის შექმნაზე ჩამოაგდო სიტყვა.

"არეტა ფრანკლინზე რომ დავიწყე საუბარი, ცოტა გაღიზიანდნენ. მე უბრალოდ მინდოდა, რაღაც დამეწერა მის სტილში. შთაგონებული ვიყავი გოსპელ ჟღერადობით, რომელიც არეტას ადრეულ ალბომებში იგრძნობოდა", - ამბობდა ფრედი.

კოლექტივის გიტარისტის, ბრაიან მეის თქმით, იმ პერიოდში მერკური მართლაც იყო გატაცებული არეტა ფრანკლინით და სურდა, მას დამსგავსებოდა.

"ფრედის უნდოდა, არეტა ფრანკლინი ყოფილიყო. ამით აიხსნება ყველაფერი. მას უყვარდა არეტა. ეს იყო მთელი მისი გოსპელ ეპოპეა. ამ სიმღერაზე მუშაობა Bohemian Rhapsody-ს შექმნის პროცესს ჰგავდა იმ მხრივ, რომ მრავალხმიანი ვოკალური პარტიები ჩავწერეთ, თუმცა, ამჯერად გოსპელ კაპელა ვიყავით და არა ბრიტანული გუნდი. ფრედი ჩვენთან კარგად მომზადებული მოვიდა, ბევრი ვოკალური პარტია ჰქონდა დაწერილი და მუშაობა დავიწყეთ. კარგი შეგრძნება იყო. მახსოვს, ვფიქრობდი - ეს ნამდვილად დიდებული ჩანაწერი გამოვა-მეთქი", - აღნიშნავდა ბრაიანი.

Queen-ის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე ფრედი მერკურისთან ერთად

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული