Thumbnail

როგორ იქმნებოდა გამჭვირვალე კაბა, რომელიც რიანას CFDA Fashion Awards-ზე ეცვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა კარიერის განმავლობაში წითელ ხალიჩაზე არაერთი დასამახსოვრებელი ჩაცმულობით გამოჩენილა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინერ ადამ სელმანის გამჭვირვალე, სვაროვსკის თვლებით მორთული კაბაა, რომელიც არტისტს 2014 წელს, CFDA Fashion Awards-ზე, წლის მოდის კერპის ჯილდოს მიღებისას ეცვა.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა არიანა გრანდე წლების განმავლობაში

რიანას 25 ტატუ და მათი ისტორია

ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში სელმანმა დეტალურად გაიხსენა, როგორ იქმნებოდა კაბა. როგორც მან აღნიშნა, სამოსის მორთვას 230 000 კრისტალი დასჭირდა.

"ბადისებრი ნაჭერი ავიღე და ჩემი შესანიშნავი გუნდის წევრებმა მასზე თითოეული კრისტალი, ჯამში 230 000 ცალი, ხელით დაამაგრეს. მახსოვს, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მსახურებისას დაღუპულთა ხსოვნის დღე იყო, როცა კაბის მორთვა დავიწყეთ და ამან იმაზე გაცილებით დიდი დრო წაიღო, ვიდრე გვეგონა. 20 ადამიანი იყო დასაქმებული, ისინი ივენთის დღემდე, ღამის 03:00 საათამდე გაუჩერებლად მუშაობდნენ. ბევრ მათგანს არც უძინია. დიდი ჯგუფური ძალისხმევა გამოიჩინეს, ეს ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. შედეგად გასაოცრად მსუბუქი და თხელი კაბა მივიღეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მომენტის შექმნა და მოდის სამყაროს ყურადღების მიქცევა. რიანამ ამ დღეს მთელი თავისი მომხიბვლელობა წარმოაჩინა", - განაცხადა სელმანმა.

იმის მიუხედავად, რომ რირის ფანებისა და მოდის მოყვარულების შეფასებით, მომღერალი ამ დღეს სრულყოფილად გამოიყურებოდა, როგორც აღმოჩნდა, თავად რიანა თვლის, რომ შეეძლო, უკეთეს ფორმაშიც ყოფილიყო. 2016 წელს ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში მან საკუთარი ჩაცმულობის შეფასებისას აღნიშნა:

"ბიუსტჰალტერი იმიტომ არ ჩავიცვი, რომ მომეწონა, ხაზები რომ არ მიჩანდა კაბის შიგნით. წარმოგიდგენიათ, ეს კაბა ბიუსტჰალტერით? ამის გაკეთებას ყელის გამოჭრა მერჩივნა. ისედაც ვნანობ, სტრინგი რომ მეცვა. რამეს თუ ვნანობ ცხოვრებაში, სწორედ ის არის, რომ ამ კაბის ქვეშ საცვალი ჩავიცვი".

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული