Thumbnail

როგორ ცდილობდა რობერტ დე ნირო უიტნი ჰიუსტონის გულის მოგებას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის ბავშვობის მეგობარი, რობინ კროუფორდი 2019 წელს გავრცელებულ მემუარებში A Song For You: My Life With Whitney Houston იხსენებდა, როგორ ცდილობდა რობერტ დე ნირო მომღერალთან დაახლოებას. როგორც წიგნშია აღნიშნული, მსახიობს იმდენად სურდა უიტნისთან ურთიერთობის გაბმა, რომ ქალს თავს აბეზრებდა.

ტელეწამყვანი როზი ო’დონელი საუბრობს, რატომ მალავდა უიტნი ჰიუსტონი, რომ ბისექსუალი იყო

კროუფორდის თქმით, დე ნირო მომღერალს კარიერის დასაწყისში ურეკავდა და სავახშმოდ ეპატიჟებოდა, თუმცა, მისგან მუდმივად უარს იღებდა. რობინის თქმით, ერთხელ ის უიტნის სასტუმროს ნომერშიც კი დაუკავშირდა.

"მგონი, შეშლილიაო - მითხრა მან, შემდეგ კი დე ნირო თავაზიანი უარით გაისტუმრა", - იხსენებს კროუფორდი.

1990 წელს, ბაირონ ალენის შოუში სტუმრობისას, ჰიუსტონს გადაცემის წამყვანმა მიმართა - "გამიგია, რომ რობერტ დენირო მთელ მსოფლიოში დაგსდევდა", - უიტნიმ კი დაადასტურა, რომ მსახიობს მართლაც ჰქონდა მასთან დაახლოების მცდელობები.

"მთელ ლონდონში დამსდევდა. მგონი, ის უკვე იქ იყო, როცა მე ჩავედი, ყვავილების გამოგზავნა და ასეთი რამეები დაიწყო. მთლიანად ჩემზე იყო გადმორთული, ამის გამო ცოტას ვღელავდი კიდეც. ერთხელ კულისებში დამირეკა, არ უნდოდა ხალხს დაენახა და ჩემს კონცერტზე მოსვლას მოერიდა. შემდეგ თაიგული გამომიგზავნა. უნდოდა, რომ ახლოს გავეცანი. სურდა, რომ ერთად გვემუშავა ფილმზე. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი მსახიობია, ერთ-ერთი საუკეთესო", - ამბობდა უიტნი.

აღსანიშნავია, რომ რობინ კროუფორდის მემუარების მიხედვით, თავად უიტნი, ჰიუსტონელ არენბი შემსრულებელ რობი ბრაუნზე ქორწინებამდე, ჯგუფ The Jackson 5-ის წევრით, ჯერმეინ ჯექსონით იყო მოხიბლული, თუმცა, მისგან საპასუხო დაინტერესება არ წამოსულა.

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

"მე მის გამხნევებას შევეცადე და ვუთხარი, რომ არასწორი ჯექსონი შეარჩია სანერვიულოდ", - წერს კროუფორდი.

რობინ კროუფორდისვე თქმით, ერთი პერიოდი ჰიუსტონი მსახიობ ედი მერფიზე იყო შეყვარებული. 2012 წელს ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მათ რომანტიკული ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ და მხოლოდ მეგობრები იყვნენ.

"მასთან ერთად სავახშმოდ დავდიოდი, მაგრამ ამას არასდროს ჰქონია პაემნების ფორმა. შეყვარებულებივით არასდროს არ ვყოფილვართ. ბევრისგან გამიგია, რომ მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ეს მართალია. სასაცილო გოგონა იყო", - აღნიშნავდა მსახიობი.

უიტნი და ედი 1989 წელს

მედიაში უიტნისა და მერფის რომანის შესახებ მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ არსებობდა, როცა უიტნი მომავალ ქმარს, რობი ბრაუნს შეხვდა. მათ 1992 წელს იქორწინეს, 2007 წელს კი ოფიციალურად დაშორდნენ. მუსიკოსს მეორედ აღარ უქორწინია.

უიტნი ჰიუსტონი და რობი ბრაუნი

უიტნი ჰიუსტონის ჰიტის I Will Always Love You ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული და მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის ცხელ ასეულს ზედიზედ ლიდერობდა.

მუსიკოსი 2012 წლის 11 თებერვალს, საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული