Thumbnail

ერთნაირი სახელწოდების მქონე მუსიკალური ჯგუფები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში მუსიკალური კოლექტივების რაოდენობამ ელვის სისწრაფით დაიწყო ზრდა. შესაბამისად, ახლად დაარსებული ჯგუფებისთვის ეფექტური და თან ორიგინალური სახელწოდების მოფიქრება ნელ-ნელა უფრო და უფრო გართულდა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთ საქვეყნოდ ცნობილ ბენდს სახელის გაზიარება თავის არცთუ პოპულარულ კოლეგებთან უწევს.

ჩვენს სტატიაში სწორედ შვიდ ასეთ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

7. Placebo

პლაცებო ქიმიურად ინერტული ნივთიერებაა, რომელიც კვლევისას პაციენტს ნამდვილი წამლის ნაცვლად ეძლევა, პლაცებოს ეფექტი კი ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობის გავლენით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეწოდება. ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბებული როკ ჯგუფი Placebo მისმა წევრებმა სწორედ ამ ტერმინის მიხედვით მონათლეს.

1970-იანი წლების ბელგიაში ამავე სახელწოდებას სრულიად სხვა ბენდი ატარებდა. ჯაზ ფიუჟენ კოლექტივის Placebo წევრები პოპულარობით მათ ბრიტანელ კოლეგებს საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავ და დამაინტრიგებელ მუსიკას რომ ქმნიდნენ, ამაში ქვემოთ წარმოდგენილი კომპოზიციის მოსმენაც დაგარწმუნებთ.

6. Rainbow

ბრიტანული კოლექტივი Rainbow გამოჩენილმა გიტარისტმა, რიჩი ბლექმორმა 1975 წელს Deep Purple-ის შემადგენლობის დატოვებიდან მცირე ხანში ჩამოაყალიბა. ჯგუფმა, რომლის პირველი ვოკალისტიც ლეგენდარული რონი ჯეიმს დიო გახლდათ, რამდენჯერმე დაშლისა და შემადგენლობის ხშირი ცვლილების მიუხედავად. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 30 მილიონზე მეტი ალბომიც გაყიდა.

2009 წელს ამავე სახელწოდების და რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობის მქონე ჯგუფი სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბდა. გოგონებით დაკომპლექტებული კეიპოპ ბენდის Rainbow აქტიურმა მოღვაწეობამ მხოლოდ შვიდი წელი გასტანა, თუმცა ამ ხანმოკლე პერიოდში მუსიკოსებმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვეს.

5. Alphaville

დასავლეთ გერმანულმა სინთპოპ ბენდმა Alphaville საერთაშორისო პოპულარობა დაარსებიდან მცირე ხანშივე მოიპოვა და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. 1982 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის შემოქმედებიდან განსაკუთრებული ცნობადობით ჰიტები Forever Young, Big in Japan და Dance With Me სარგებლობენ.

გერმანელი კოლეგების მსგავსად, მადრიდში 1980 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის Alphaville წევრებმაც სინთპოპში ძალები არაერთხელ მოსინჯეს, თუმცა ესპანურ კოლექტივს უფრო იდუმალი, პოსტ პანკთან მიხლოებული ჟღერადობა გამოარჩევდა. ბენდმა მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში იარსება, მაგრამ სამშობლოში დღემდე საკულტო სტატუსით სარგებლობს.

4. Air

ნიკოლა გოდენისა და ჟან-ბენუა დუნკელის მიერ დაარსებული დუეტი Air ტრიპ ჰოპისა და დაუნტემპოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. ვერსალში 1995 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის ჰაეროვანი, მელანქოლიური და ზედმიწევნით დახვეწილი მუსიკა დღესაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ფრანგული ჯგუფის შექმნამდე დიდი ხნით ადრე ამავე სახელწოდებას ოკეანის გადაღმა სავსებით სხვა, გაცილებით ნაკლებად ცნობილი ბენდი ატარებდა. ჩიკაგოში 1971 წელს ჩამოყალიბებული ტრიო Air ფრი ჯაზის მიმართულებით მოღვაწეობდა და თხუთმეტწლიანი კარიერის განმავლობაში არაერთი შთამბეჭდავი ჩანაწერიც შექმნა.

3. Nirvana

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1987 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა Nirvana თავისი ხანმოკლე მოღვაწეობით პოპულარული მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. 1994 წელს ფრონტმენის, კურტ კობეინის გარდაცვალებასთან ერთად დაშლილი ჯგუფი გრანჟ რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად იქცა, მათი ჩანაწერები კი დღემდე უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ რჩება.

დიდ ბრიტანეთში 1965 წელს ჩამოყალიბებულმა ბენდმა Nirvana არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი გამოსცა, თუმცა მასობრივი პოპულარობის მოპოვება ვერაფრით შეძლო. აღსანიშნავია, რომ ფსიქოდელიური როკის ჟანრში მოღვაწე ჯგუფის წევრებმა ამერიკელ კოლეგებს სავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა მალევე მორიგდნენ და მოგვიანებით მათი კომპოზიციაც Lithium გადაამღერეს.

2. The Eagles

ამერიკული როკ ჯგუფი The Eagles პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ლოს ანჯელესში 1971 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა სხვადასხვა დროს გრემის ექვსი ჯილდო მოიპოვა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი და 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

ამავე სახელწოდებით კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი კოლექტივი 1958-64 წლებში მოღვაწეობდა. ბრიტანული ჯგუფის, The Eagles-ის წევრების ყველაზე დასამახსოვრებელ კონტრიბუციას მუსიკის სამყაროს წინაშე გამოჩენილი კინოკომპოზიტორის, რონ გრანიეს მიერ შექმნილ საუნდტრეკების ალბომებზე მუშაობა წარმოადგენს.

1. Genesis

1967 წელს ჩამოყალიბებულმა ბენდმა Genesis მოღვაწეობის საწყის ეტაპზე პროგრესივ როკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერები შექმნა. მოგვიანებით, შემადგენლობიდან პიტერ გებრიელის წასვლასთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი ნელ-ნელა უფრო და უფრო კონვენციური მუსიკის შესრულებაზე გადაერთო, თუმცა, ამ ფაქტმა მათ პოპულარობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა.

ბრიტანული კოლექტივის დაარსებიდან ხუთ წელიწადში იდენტური სახელწოდებით კიდევ ერთი ბენდი კოლუმბიის დედაქალაქში, ბოგოტაში ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკისა და ფსიქოდელიური როკის ელემენტების შერწყმის ხარჯზე ჯგუფმა Génesis სამშობლოში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, თუმცა საზღვარგარეთ მათი შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული