Thumbnail

სასცენო სახელი მუსიკოსის სავიზიტო ბარათია, რომელიც მსმენელებს არტისტის შესახებ პირველ წარმოდგენას უქმნის და არცთუ იშვიათად მის წარმატებასაც განაპირობებს.

ჩვენ სტატიაში წარმოდგენილი ჯგუფები ალბათ ყველა თქვენგანისთვისაა ცნობილი, თუმცა, მათი სახელწოდებების ისტორია, შესაძლოა, ბევრმა არ იცით.

10. Radiohead

ტომ იორკი და მისი მეგობრები კარიერის დასაწყისში დასაკრავად პარასკევობით იკრიბებოდნენ. ამიტომაც ბევრი არ უფიქრიათ და საკუთარ კოლექტივს On A Friday (პარასკევს) დაარქვეს. თუმცა, ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლეიბლმა ჯგუფის სახელი დაიწუნა და მუსიკოსებს მის შესაცვლელად ორი კვირის ვადა მისცა. ბიჭებმა ახალი სახელწოდება ლეგენდარული Talking Heads-ის კომპოზიციიდან Radio Head ისესხეს და საკმაოდ წარმატებითაც.

9. Joy Division

იენ კერტისმა ჯგუფის სახელწოდება იეჰილ დინურის მიერ 1955 წელს გამოქვეყნებული რომანიდან “თოჯინების სახლი” აიღო. “სიხარულის ქვედანაყოფი” (Joy Division) - სწორედ ასე მოიხსენიებდნენ წიგნში საროსკიპოებს, რომლებშიც მუშაობას საკონცენტრაცო ბანაკში დატყვევებულ ებრაელ ქალებს აიძულებდნენ.

8. Depeche Mode

Depeche Mode - ასე ერქვა საფრანგეთში გამომავალ მოდის ჟურნალს. ახალბედა მუსიკოსები ამ სიტყვების ჟღერადობამ იმდენად მოხიბლა, რომ სწორედ ასე წარუდგინეს თავი მათი პირველი კონცერტის ორგანიზატორებს 1980 წლის მაისში.

7. Savage Garden

ამ ავსტრალიური დუეტის სახელწოდება ამერიკელი მწერლის, ანა რაისის რომანიდან “ვამპირი ლესტატი” არის ნასესხები, რომლის მთავარი პერსონაჟიც სამყაროს „ველურ ბაღად“ (Savage Garden) მოიხსენიებს. ალბათ, გახსოვთ ფილმი "ინტერვიუ ვამპირთან", ბრედ პიტისა და კრისტიან სლეიტერის მონაწილეობით, რომელიც სწორედ ამ ნაწარმოების ეკრანიზაციაა.

6. Foo Fighters

სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა სამხედრო ავიაციის პილოტები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. “მსოფლიოში ყველაზე სულელური სახელია. რომ მცოდნოდა, ჯგუფის არსებობა თვენახევარზე მეტს გასტანდა, უკეთეს სახელწოდებას მოვიფიქრებდი”, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში დეივ გროლმა.

5. The Ramones

1960 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ The Silver Beetles-ის სახელით ცნობილი ლივერპულური ოთხეული შოტლანდიაში ტურს მართავდა, მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, როგორც ნამდვილ როკ ვარსკვლავებს შეეფერებოდათ, ფსევდონიმები შეერჩიათ. ასე გადაიქცა პოლ მაკკარტნი პოლ რემოუნად. ნიუ იორკის მკვიდრი დუგლას ქოლვინი მაკკარტნის დიდი თაყვანისმცემელი იყო. ამიტომაც, როდესაც 1974 წელს მეგობრებთან ერთად ისტორიაში პირველი პანკ როკ ბენდი ჩამოაყალიბა, ბევრი არ უფიქრია და სახელად დი დი რემოუნი დაირქვა. მალე მას ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა მიბაძეს და საკუთარ კოლექტივსაც The Ramones უწოდეს.

4. Alt-J

ეს ბრიტანული ინდი როკ ბენდი თავის სახელწოდებას ხშირად სამკუთხედის (Δ) საშუალებით გამოსახავს. “მაკინტოშის” პერსონალური კომპიუტერების მფლობელებს გეცოდინებათ, რომ ეს გეომეტრიული ფიგურა სწორედ Alt + J ღილაკების კომბინაციით მიიღება.

3. Dexys Midnight Runners

დექსტროამფეტამინი, იგივე დექსედრინი 70-იანი წლების ინგლისში საკმაოდ გავრცელებულ ნარკოტიკად ითვლებოდა. "დექსის" მიღების შემდეგ, მოზღვავებული ენერგია შუაღამემდე ცეკვაში ან, თუ გნებავთ, სირბილში შეგეძლოთ დაგეხარჯათ.

2. Pearl Jam

ფერლი 90-იანი წლების ლეგენდარული გრანჟ ბენდის ვოკალისტის, ედი ვედერის ბებიას ერქვა, რომელიც შვილიშვილის მეგობრებში მისი „საკაიფო“ ჯემებით იყო განთქმული. ამის მიზეზი ჰალუცინოგენი კაქტუსი, პეიოტლი იყო, რომელსაც ეს ქალბატონი ტკბილეულში ურევდა.  

1. ABBA

ანი-ფრიდ ლინშტადი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ელვეოსი და ანიეტა ფელშუგი - ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ ლეგენდარული შვედური პოპ ჯგუფის სახელწოდება მისი წევრების სახელების პირველი ასოებისგანაა შედგენილი.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული