Thumbnail

10 საუკეთესო სიმღერა კვენტინ ტარანტინოს ფილმებიდან

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

შავი იუმორი, ექსცენტრიკული პერსონაჟები, შთამბეჭდავი ხედები, ისტორიის მოურიდებელი რევიზია, არახაზობრივი სიუჟეტები, ცეკვა, სისხლი, სატირა, იუმორი და ძალადობის ზედმიწევნით გემოვნებიანი ესთეტიზება - ამ ყველაფერთან ერთად, ლეგენდარული რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ხელწერას უნიკალურს საგულდაგულოდ შერჩეული საუნდტრეკებიც ხდის.

ამერიკელმა ხელოვანმა ამ დროისათვის 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ჩვენს სიაში კი მათში გაჟღერებულ ათ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Stealers Wheel - Stuck in the Middle with You

Reservoir Dogs

ეს კომპოზიცია შოტლანდიური ფოლკ როკ ბენდის Stealers Wheel შემოქმედებაში ყველაზე პოპულარული ჩანაწერია. ის ცნობადობას დღემდე არ კარგავს, რაც დიდწილად კვენტინ ტარანტინოს სადებიუტო სურათში "ცოფიანი ძაღლები" მისი გამოყენების შედეგია. სიმღერა ეპოქალური ფილმის იმ განთქმულ სცენაში ჟღერს, რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი, მისტერ ქერა ცეკვა-ცეკვით პოლიციელის საწამებლად ემზადება.

9. Dusty Springfield - Son of a Preacher Man

Pulp Fiction

1994 წელს ტარანტინომ ბრწყინვალე დებიუტს თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთ შედევრად მიჩნეული "მაკულატურა" მოაყოლა. ამ უკვდავ ფილმს უაღრესად შთამბეჭდავი საუნდტრეკების ალბომი ახლავს, რომლიდანაც ცალკეული კომპოზიციის გამოყოფა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბრიტანელი შემსრულებლის, დასთი სპრინგფილდის ჰიტზე Son of a Preacher Man შევაჩერეთ, რომელიც კრიმინალური დრამის შავი იუმორით გაჯერებულ ატმოსფეროში იდეალურად ჩაჯდა.

8. Randy Crawford - Street Life

Jackie Brown

ტარანტინოს რიგით მესამე სურათი "ჯეკი ბრაუნი" ძირითადად 1970-იან წლებში აღმოცენებული კინომიმდინარეობის, Blaxploitation-ის ესთეტიკითაა შთაგონებული. როგორც ამ ჟანრის ტრადიციები მოითხოვს, ფილმი დიდწილად არენბიში, სოულსა და ფანკში მოღვაწე აფროამერიკელი არტისტების ჩანაწერებითაა გაფორმებული, მათ შორის განსაკუთრებით ეფექტური კი რენდი კროუფორდის მიერ შესრულებული კომპოზიცია Street Life გახლავთ.

7. Nancy Sinatra - Bang Bang

Kill Bill Vol. 1

ცნობილი კომპოზიტორის, მსახიობისა და პოლიტიკოსის, სონი ბონოს მიერ შექმნილი ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია მისმა მაშინდელმა ცოლმა, შერმა ჩაწერა. მოგვიანებით, კომპოზიცია არაერთმა ცნობილმა არტისტმა გადაამღერა, მათ შორის კი გამორჩეული პოპულარობით ნენსი სინატრას მიერ სპაგეტი ვესტერნის ესთეტიკაში გადაწყვეტილი ნამუშევარი სარგებლობს, რომელიც ტარანტინოს რიგით მეოთხე ფილმის "მოკალი ბილი" პირველ ნაწილში გაჟღერდა.

6. Shivaree - Goodnight Moon

Kill Bill Vol. 2

იდუმალი ჟღერადობის მქონე, ეპატაჟური, მელანქოლიითა და ირონიით გაჯერებული ბალადების გარეშე ტარანტინოს სისხლით, ფეტიშებითა და ერთიმეორეზე ქარიზმატული პერსონაჟებით სავსე კინოსამყარო, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ალტერნატიული როკ ბენდის Shivaree კომპოზიცია Midnight Moon გახლავთ, რომელიც ფილმის "მოკალი ბილი" მეორე ნაწილში ჟღერს.

5. Smith - Baby It's You

Death Proof

2007 წელს გადაღებული "სიკვდილის მტკიცებულება" ტარანტინოს შემოქმედების მწვერვალად ნამდვილად არ ითვლება, თუმცა ამერიკელი რეჟისორის სხვა ნამუშევრების მსგავსად, შთამბეჭდავი საუნდტრეკის ნაკლებობას არც ეს სურათი უჩივის. მასში გამოყენებული ჩანაწერებიდან არჩევანი 1969 წელს ჩამოყალიბებული კალიფორნიული ჯგუფის Smith სიმღერაზე Baby It's You შევაჩერეთ. რეტრო ბლუზ ჟღერადობა ტარანტინოს ფილმებისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ხომ ასე ძალიან უხდება.

4. David Bowie - Cat People

Inglourious Basterds

საკულტო ბრიტანელმა მუსიკოსმა, დევიდ ბოუიმ ეს სიმღერა 1981 წელს, რეჟისორ პოლ შრედერის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ეროტიკული საშინელებათა ფილმისთვის ჩაწერა. ეპოქალურ იტალიელ პროდიუსერთან, ჯორჯო მოროდერთან თანამშრომლობით შექმნილი კომპოზიცია მოგვიანებით არაერთ სხვა ფილმში გაჟღერდა, თითქმის ორმოცი წლის შემდეგ კი ოსკარზე რვაგზის ნომინირებული კინოშედევრის, "უსახელო ნაბიჭვრების" ერთ-ერთი გამორჩეულად ეფექტური სცენაც დაამშვენა.

3. James Brown & 2Pac - Unchained

Django Unchained

ტარანტინოს მერვე ფილმში "ჯანგო" გაჟღერებული ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკი Unchained ორიგინალური მეთოდითაა შექმნილი. ჩანაწერი ფანკის ნათლიმამის, ჯეიმს ბრაუნის ჰიტიდან The Payback ნასესხებ ელემენტებსა და ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის მიერ კომპოზიციაში Untouchable წაკითხულ რეჩიტატივს აერთიანებს. ამ დამაინტრიგებელი "კოლაბორაციის" შედეგის მოსმენა კი ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში შეგიძლიათ.

2. The White Stripes - Apple Blossom

The Hateful Eight

ტარანტინინოს რიგით მეცხრე ფილმი "საძულველი რვიანი" თითქმის მთლიანად ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს მიერ შექმნილი მუსიკითაა გაფორმებული, მასში გამოყენებული სხვა რამდენიმე ჩანაწერიდან კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამერიკული დუეტის The White Stripes კომპოზიცია Apple Blossom გახლავთ - სურათში მოქმედება მე-19 საუკუნის ველურ დასავლეთში ვითარდება, რომლის ვინტაჟურ გარემოსთანაც თანამედროვე როკ ჟღერადობა საუცხოო კონტრასტს ქმნის.

1. José Feliciano - California Dreamin'

Once Upon a Time in Hollywood

ეპოქალური რეჟისორის ამ დროისათვის უკანასკნელი ფილმი "ერთხელ ჰოლივუდში" ამერიკული კინოინდუსტრიის წარსული დიდებით, 1960-იანი წლების მზიანი კალიფორნიით, რეტრო ესთეტიკითა და ამ ყველაფრის მიმართ ნოსტალგიის უზომოდ მძაფრი განცდითაა შთაგონებული. მასში აღწერილი სამყაროსა და მთლიანად ეპოქის არაოფიციალურ ჰიმნად ამერიკული ჯგუფის The Mamas & the Papas უკვდავი ჰიტი California Dreamin' მიიჩნევა, რომელიც სურათში პუერტორიკოელი მუსიკოსის, ხოსე ფელისიანოს შესრულებით ჟღერს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული