Thumbnail

შინეიდ ო’კონორი: დედა ყოველდღიურად მცემდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალი People ირლანდიელ მუსიკოს შინეიდ ო'კონორს მემუარებთან Rememberings დაკავშირებით ესაუბრა, რომელიც ივნისში გამოიცემა. წიგნში 54 წლის არტისტი თავისი ცხოვრების ისეთ მძიმე მონაკვეთებზე საუბრობს, როგორიცაა ბავშვობაში, დედის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობა და 2015 წელს მენტალური ჯანმრთელობის გართულება. მომღერლის თქმით, დღეს უკვე ბავშვობის ტრავმებთან შეგუება და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა.

შინეიდ ო'კონორი დეტალურად იხსენებს, როგორ ძალადობდა მასზე Prince

შინეიდი, რომელიც მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან ცხოვრობდა, იხსენებს, როგორ ძალადობდა მასზე ის.

"დედა ყოველდღიურად მცემდა და წიხლებს მირტყამდა, ხშირად მუცელში. მისი აკვიატება იყო, რომ ჩემთვის საშვილოსნო გაენადგურებინა. დროთა განმავლობაში ტრავმით ცხოვრებას სწავლობ, მე ამაში ის დამეხმარა, რომ დედას ვაპატიე", - ამბობს მუსიკოსი.

შინეიდ ო'კონორი ბავშვობაში

შინეიდი 13 წლის იყო, როცა მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, ხუთი წლის შემდეგ კი დედამისი გარდაიცვალა. შემსრულებლის თქმით, პოსტტრავმული სტრესისგან წლების განმავლობაში ვერ გათავისუფლდა. ამას ბიპოლარული აშლილობის და მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის დიაგნოზებიც დაერთო. ო'კონორის თქმით, 2015 წელს მას ენდომედტრიოზის გამო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რასაც ქირურგიული მენოპაუზა და წონაში მატება მოჰყვა.

"ოპერაციამ ჩემი მენტალური მდგომარეობა გაამწვავა, მაგრამ არაფერს ვნანობ, არც მაშინ გავრცელებულ ვიდეოებს. ვამაყობ, რომ უცნაური გზით, მაგრამ მაინც გულახდილი ვიყავი. მუსიკოსის ხასიათში უნდა იჯდეს ემოციური გახსნილობა", - ამბობს ის.

მუსიკოსის სახელს არაერთი ხმაურიანი განცხადება უკავშირდება, მათ შორის 2018 წელს, ისლამის მიღების შემდეგ ნათქვამი, რომ თეთრკანიანი ადამიანები, რომლებმაც ისლამი არ მიიღეს, "საზიზღრები" არიან. 2019 წელს შინეიდმა ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

შინეიდ ო'კონორი: არ მსურს თეთრკანიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუსლიმები არ არიან

მუსიკოსი წლების განმავლობაში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ბოლოს, გასული წლის ნოემბერში, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთწლიან სარეაბილიტაციო კურსს იწყებდა. როგორც People წერს, არტისტი კვირაში ერთხელ ხვდება თავის ექიმებს.

"ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რამ შეიძლება, გამოიწვიოს პოსტტრავმული სტრესის კვლავ გააქტიურება. თავს კარგად ვგრძნობ ხოლმე, მანამ ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდები, სადაც თუნდაც გაკვრით გამახსენდება ის ტრავმები, რომლებიც გამოვიარე. ამის შემდეგ კი მთლიანად იხსნება სახურავი. წლების განმავლობაში მიღებული თერაპია ძალიან მეხმარება ამ ყველაფერთან გამკლავებაში. საქმე იმაშია, რომ ისეთ რაღაცებზე უნდა მოახდინოთ კონცენტრირება, რასაც თქვენთვის სიმშვიდე მოაქვს და არა იმაზე, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს", - აღნიშნავს ის.

შინეიდის მემუარები მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოიცემა. არტისტის თქმით, ახალი მუსიკის გავრცელებას აპირებს, რის შემდეგაც ტურნეს დაიწყებს.

შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, პრინსის სიმღერის Nothing Compares To You განახლებული ვერსიის შესრულებით გახდა. მუსიკოსი აქტიურადაა ჩართული ქალებსა და ბავშვებზე მიმართული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიებში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული