Thumbnail

როგორ იხსენებს პრისცილა პრესლი ელვისის გაცნობის დღეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ელვის პრესლი 1958 წელს აშშ-ის არმიაში ჩაირიცხა, სამხედრო სამსახურის გავლა კი ორი წლის განმავლობაში გერმანიაში მოუწია. სწორედ იქ გაიცნო მან თავისი ყოფილი ცოლი, პრისცილა პრესლი, რომელიც გერმანიაში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც მამინაცვალი, პოლ ბულიო, ელვისის მსგავსად, სამხედრო სამსახურიდან მიავლინეს ევროპაში. ელვისი და პრისცილა ერთმანეთს პირველად 1959 წელს ქალაქ ბად-ნაუჰაიმში, მუსიკოსის სახლში მოწყობილ წვეულებაზე შეხვდნენ. 14 წლის პრისცილა მეგობარს, ქერი გრანტსა და მის ცოლს, ქეროლს ახლდა. წლების შემდეგ ქალი ამ დღეს ბიოგრაფიულ წიგნში Elvis and Me იხსენებდა.

რა ვითარებაში გარდაიცვალა ელვის პრესლი სააბაზანოში

"როცა ერთმანეთი გაგვაცნეს, 24 წლის ელვისმა სიტყვით "პატარა" მომმართა, რაზეც ძალიან გავბრაზდი. შემდეგ ადგა და პიანინოს მიუჯდა. უცებ ოთახში ყველა გაჩუმდა, მან კი ჩვენს გასამხიარულებლად სიმღერების შესრულება დაიწყო. კომპოზიციები Rags to Riches და Are You Lonesome Tonight? შემოგვთავაზა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად End of the Rainbow იმღერა. სტუმრების გასართობად პაროდიებსაც აკეთებდა. ჯერი ლი ლუისის განსახიერებისას კლავიშებს ისეთი ძალით აწვებოდა, რომ პიანინოზე შემოდგმულმა წყლით სავსე ჭიქამ მოძრაობა დაიწყო, მან კი ის ჰაერში დაიჭირა ისე, რომ სიმღერა წამითაც არ შეუწყვეტია - ამას ყველა სიცილითა და აპლოდისმენტებით შეხვდა ჩემ გარდა, მე ვნერვიულობდი", - იხსენებდა პრისცილა.

ელვისმა ჯარში მსახურება 1960 წელს დაასრულა და გერმანია დატოვა. როგორც პრისცილა ამბობდა, მას ეგონა, რომ პრესლის ვეღარასდროს ნახავდა. ორი წლის განმავლობაში წყვილი ტელეფონით ინარჩუნებდა კომუნიკაციას, 1962 წელს კი მუსიკოსმა გოგონას მშობლები დაითანხმა, ის მასთან აშშ-ში, გრეისლენდის რეზიდენციაში გაეშვათ სტუმრად. შეთანხმების თანახმად, ელვისმა პრისცილას პირველი კლასის ბილეთები უყიდა ორი მიმართულებით. ამასთან, წყვილი თანმხლები პირის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო, გოგონას კი მშობლებთან ყოველდღიურად უნდა ეგზავნა წერილები. 1963 წელს ის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად იმ პირობით, რომ კათოლიკურ სკოლაში ისწავლიდა და ქორწილამდე არტისტის ოჯახის წევრებთან იცხოვრებდა.

რატომ იტირა ელვის პრესლიმ საკუთარი ქორწილის წინ

ელვისმა და პრისცილამ ექვსწლიანი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ,1967 წლის 1 მაისს იქორწინეს.1968 წელს წყვილს გოგონა, ლისა მარი პრესლი შეეძინა, 1972 წელს კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული