Thumbnail

ჯგუფი Iron Maiden როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის მიღმა დატოვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჰევი მეტალ ჯგუფი Iron Maiden მიმდინარე წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში არ შეიყვანეს. 1975 წელს შექმნილი კოლექტივი ნომინანტების სიაში პირველად მოხვდა, თუმცა, საბოლოოდ, შემსრულებლების კატეგორიაში, მხოლოდ Foo Fighters, The Go-Go's, ჯეი ზი, თინა თერნერი, ქეროლ კინგი და ტოდ რანდგრენი დასახელდნენ.

მუსიკოსები, რომლებიც 2021 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრ არტისტებს სპეციალური კომისია ირჩევს, რომელიც 1000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან, როგორც მუსიკოსები, ასევე ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ამ პრესტიჟული სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა, არტისტი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: გავლენა სხვა შემსრულებლებზე, ხანგრძლივი მოღვაწეობა, გამორჩეული სტილი და ტექნიკა და ინოვაციურობა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრების გარდა, ბოლო რამდენიმე წელია, დარბაზში შემსვლელ ერთ არტისტს, ხმის მიცემის საშუალებით, თაყვანისმცემლები ირჩევენ. ამჯერად ყველაზე დიდი მხარდაჭერა თინა თერნერმა მოიპოვა, Iron Maiden კი მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.

Iron Maiden-ის დარბაზის მიღმა დატოვებას გამოეხმაურა ცნობილი ამერიკული ჯგუფის, KISS-ის წევრი, ჯინ სიმონსი.

"როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი სიყალბეა და მეტი არაფერი. Iron Maiden-ის არშეყვანა გულისამრევია", - წერს სიმონსი ტვიტერის გვერდზე.

კომენტარი გააკეთა KISS-ის ფრონტმენმა, პოლ სტენლიმაც:

"Iron Maiden-ისთვის ეს მნიშვნელოვანია თუ არა, დიდების დარბაზში მისი არშეყვანა სრული სიგიჟეა".

Iron Maiden ინგლისში 1975 წელს ჩამოყალიბდა. გრემის მფლობელმა ჯგუფმა წარმატებას 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ბენდმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონი ალბომის გაყიდვა მოახერხა. ამ დრომდე კოლექტივს 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული