Thumbnail

ფრენკ სინატრას სახლი, რომლის გაყიდვაც 14 წელია, ვერ მოხერხდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კალიფორნიის შტატის ქალაქ ფალმ დეზერთში მდებარე სახლი Villa Maggio, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის, ფრენკ სინატრას მფლობელობაში იყო, 4,25 მილიონ ამერიკულ დოლარად უკვე 14 წელია, იყიდება. კოაჩელას ხეობაში მდებარე შენობა პირველად 2007 წელს გამოიტანეს უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა, მისი შეძენის მსურველი აქამდე არ გამოჩენილა. სინატრამ ეს სახლი 1967 წელს ააშენა და სახელი ფილმში From Here to Eternity მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის, ენჯელო მაჯიოს შთაგონებით შეურჩია. ცნობილია, რომ ეს ადგილი დასვენებისა და განტვირთვისთვის არტისტის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენდა.

ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სახლის კადრები სიმღერის Isolation ახალ კლიპში

ახეთ: მადონამ $19 მილიონად The Weeknd-ის სახლი იყიდა

30 351 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მდებარე სახლში ხუთი საძინებელი და ექვსი სააბაზანოა განთავსებული. ეზოში კიდევ რამდენიმე ნაგებობას შეხვდებით - სტუმრებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში სამი საძინებელი და ხუთი სველი წერტილია, ღია აუზის წინ მდებარე შენობა კი საძინებელს, ორ სააბაზანოსა და საუნას მოიცავს. გამწვანებულ ეზოში ჩოგბურთის კორტიც არის მოწყობილი.

ფრენკ სინატრა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მუსიკოსია. მისი შემოქმედება არაერთ საკულტო კომპოზიციას ითვლის, რის გამოც შემსრულებელი მრავალი არტისტის შთაგონების წყაროდაა ქცეული. აღსანიშნავია მისი სიმღერები Strangers In The Night, My Way, My Buddy, Willow Weep for Me, Here Comes the Night, Ciribiribin, Every Day of My Life და სხვა. ამასთან, მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 150-ზე მეტი მილიონი ჩანაწერით, სინატრა კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებელია. რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი არტისტი არაერთ მიუზიკლსა და ფილმში მონაწილეობდა, მათ შორისაა: High Society, Anchors Aweigh, On The Town, From Here To Eternity და ა.შ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული